თითქმის დაუჯერებელი ფაქტები სპეცსამსახურების ისტორიიდან - კვირის პალიტრა

თითქმის დაუჯერებელი ფაქტები სპეცსამსახურების ისტორიიდან

თითქმის დაუჯერებელი ფაქტები სპეცსამსახურების ისტორიიდან

ამ საახალწლო დღეებში მინდა მკითხველს სახალისო და, ცოტა არ იყოს, დაუჯერებელი ფაქტები მოვუთხრო სპეცსამსახურების ისტორიიდან.

ლენინის დიდი მაგნიტები

“პროლეტარიატის დიდი ბელადი” ვლადიმერ ულიანოვ-ლენინი საკმაოდ უცნაური და, რბილად რომ ვთქვა, ჯიუტი ადამიანი ყოფილა. 1917 წლის ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ბოლშევიკების დიდი ტერორი დაიწყო. ლენინი ცდილობდა, აქტიურად ჩარეულიყო ახლად შექმნილი სადამსჯელო ორგანიზაციის: ”კონტრრევოლუციასთან და საბოტაჟთან ბრძოლის სრულიად რუსეთის განსაკუთრებული კომისიის” (შემოკლებით – ვე-ჩე-კა) ოპერატიულ საქმიანობაში. რუსეთის მთელს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ბინების ჩხრეკა გადამალული იარაღის აღმოსაჩენად. იარაღის მფლობელებს ყოველგვარი სასამართლოს გარეშე ადგილზე დახვრეტა ემუქრებოდათ. ვე-ჩე-კა საქმეს ვერ აუდიოდა და ლენინმაც ამ “კეთილშობილური” მისიის შესრულებაში მათი დახმარება გადაწყვიტა.

ისტორიას არ შემოუნახავს, რამდენი ხნის ფიქრი დასჭირდა ბელადს და შესძახა თუ არა “ევრიკა”, მაგრამ მისმა იდეამ ჩხრეკების დროს დიდი ელექტრომაგნიტების გამოყენების შესახებ ვე-ჩე-კას თავმჯდომარე ფელიქს ძერჟინსკი ნამდვილად არ მოიყვანა აღტაცებაში.

მათ შორის, ალბათ, ასეთი დიალოგი იმართებოდა:

“ფელიქს ედმუნდოვიჩ, გამოიყენეთ მაგნიტები და უფრო ბევრ კონტრრევოლუციონერს მოვუღებთ ბოლოს! “ - არ ისვენებდა ლენინი.

“ვლადიმერ ილიჩ, იდეა შესანიშნავია მაგრამ. . . . . . “

“არავითარი მაგრამ! ” - თავისას არ იშლიდა ლენინი.

ძერჟინსკიც იძულებული იყო, “ჩეკისტებს” ჩხრეკებისას თან ეტარებინათ დიდი მაგნიტები. ალბათ, ბევრჯერაც შეუკურთხეს გულში “ილიჩს”. მხოლოდ მაშინ, როდესაც ლენინის “ჩეკისტური” ახირება უშედეგოდ დამთავრდა, ძერჟინსკიმ ჩუმად შეაჩერა ეს ექსპერიმენტი.

როგორ დააყაჩაღეს ლენინი

1918 წლის 30 აგვისტოს მოსკოვში საბჭოთა “ბელად” ვლადიმერ ლენინზე “ესერებმა” (სოციალისტ-რევოლუციონერებმა) თავდასხმა მოაწყეს. ფანი კაპლანმა “ბრაუნინგიდან” რამდენჯერმე ესროლა ლენინს. კურიოზია, მაგრამ ფაქტია, რომ რომელიღაც ქარხანაში, მიტინგზე მიბაკუნე “ბელადს” არავინ იცავდა. ამ თავდასხმის შემდეგ ლენინს პირადი დაცვა დაუნიშნეს, თუმცა 1919 წლის იანვრის დასაწყისში არანაკლებ გასაოცარი ფაქტი მოხდა. ლენინი და მისი და - მარია, ლენინის მეუღლის, ნადეჟდა კრუპსკაიას მოსანახულებლად მიდიოდნენ, რომელიც საავადმყოფოში იწვა. ავტომობილში მძღოლის გარდა ლენინის პირადი მცველი, ვინმე ჩაბანოვიც იჯდა და ხელში “ბელადის” მეუღლისთვის განკუთვნილი რძის ბოთლი ეჭირა (!!!).

ad-1641535328.jpg
ვლადმიერ ლენინი და ნადეჟდა კრუპსკაია

მოსკოვის ერთ-ერთ ქუჩაზე ლენინის ავტოს წინ რამდენიმე შეიარაღებული ადამიანი გადაუდგა და გააჩერა. ლენინმა სასწრაფოდ პირადობის მოწმობა “დააძრო”, თუმცა თავდამსხმელებმა “ქსივა” ირონიულად მოისროლეს თოვლში და მგზავრების გაძარცვას შეუდგნენ. პირადი მცველი კი ბოთლჩაბღუჯული გაუნძრევლად იჯდა. ბანდიტებმა ფულთან და მგზავრების ნივთებთან ერთად, ლენინის პირადი “ბრაუნინგიც” წაიღეს და მიიმალნენ. “რევოლუციის ბელადი” საოცრად გახარებული იყო და თავისთვის ბუტბუტებდა: “ხომ შეიძლება მოვეკალით, ხომ შეიძლება მოვეკალით”. ეს ისტორია ცოტა სხვანაირად რომ დასრულებულიყო, XX საუკუნეც, დიდი ალბათობით, გაცილებით დაწყნარებული იქნებოდა.

ნიკიტა და მოხარშული კვერცხი

ამ ისტორიის მთავარი გმირი საბჭოთა კავშირის ყოფილი ლიდერი, “დაუვიწყარი” ნიკიტა ხრუჩშოვია, რომლის ქცევა, გამონათქვამები და გადაწყვეტილებები დღესაც გაოცებას იწვევს. მოსკოვში, ერთ-ერთ მიღებაზე, ხრუშჩოვი მიუახლოვდა ნორვეგიის ელჩს - გუნდერსენს, რომელიც ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ცალკე იდგა და მკაცრად მოსთხოვა: "ახლავე მაჩვენე რა გაქვს ჯიბეში". გაოცებულმა ელჩმა ცხვირსახოცი ამოიღო, თუმცა ნიკიტა არ მოეშვა: "მეორე ჯიბეც მაჩვენე!" პატარა ბავშვივით გაწითლებულმა ელჩმა მეორე ჯიბიდან გასაღებების შეკვრა ამოიღო. მხოლოდ ამის შემდეგ დაწყნარდა საბჭოთა კავშირის ლიდერი. 1964 წლის ზაფხულში, პოსტიდან ჩამოგდებამდე ცოტა ხნით ადრე, საბჭოთა ლიდერი ოფიციალური ვიზიტით ნორვეგიას ეწვია.

elchi-1641535729.jpg
ნიკიტა ხრუშჩოვი (ცენტრში) ნორვეგიაში ვიზიტის დროს

მეორე დილით, საუზმისას, ხრუშჩოვმა ამ ქვეყნის შესახებ უახლესი სადაზვერვო ცნობები მოითხოვა. ნიკიტას ხუშტურებისგან დამფრთხალმა კა-გე-ბეს დაზვერვის რეზიდენტმა ნორვეგიაში - ალექსანდრე სტარცევმა რეზიდენტურის ახალგაზრდა თანამშრომელს, ვიქტორ გრუშკოს დაავალა, ხრუშჩოვს ხლებოდა და ახალი სადაზვერვო ინფორმაცია გაეცნო. გრუშკოს, რომელსაც ხელში ორი “კეის-დიპლომატი” ეკავა, სამთავრობო დაცვის სამმართველოს უფროსმა პოლკოვნიკმა ჩეკალოვმა კაბინეტის კარი შეუღო. გრუშკო იქვე გაჩერდა. ნიკიტა მარტო უჯდა მაგიდას და მადიანად გეახლებოდათ მოხარშულ კვერცხს. - ოცდაათი წელი მარწმუნებდნენ ექიმები კვერცხი არ ჭამო ჰოლესტერინის გამო, ახლა კი პირიქით მეუბნებიან, არ ვიცი რა ვქნაო, - შესჩივლა ნიკიტამ გრუშკოს და მაგიდასთან მიიწვია. კლოუნადაც მაშინ დაიწყო.

კა-გე-ბეს ხელმძღვანელობას ეშინოდა, რომ ნატოს წევრი ქვეყნის, ნორვეგიის (უფრო მეტად კი - აშშ-ის) დაზვერვა ხრუშჩოვის რეზიდენციაში მოსასმენ აპარატურას დააყენებდა, ამიტომ გრუშკოს არ შეეძლო, მოხსენება წაეკითხა. ნიკიტასთვის ტექსტის გადაცემისაც ეშინოდათ, რადგანაც ვარაუდობდნენ, რომ ნორვეგიელები კაბინეტის ჭერიდან ფარულად გადაიღებდნენ საიდუმლო დოკუმენტებს. ამიტომ გრუშკომ ნიკიტას წინ ერთი “კეის-დიპლომატი” დაუდო და ნახევრად გაუხსნა, ხოლო მეორეში თვითონ ჩარგო თავი, რათა, საჭიროების შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი გვერდები მიეთითებინა ხრუშჩოვისთვის. მართლაც პაროდიული სურათი იქნებოდა და ბევრს იცინებდნენ ნორვეგიელ-ამერიკელები, თუ დაინახეს, როგორ იქექებოდნენ “კეისებში” თავჩარგულები და თან, როგორ იღმურძლებოდნენ მოხარშული კვერცხით.

grushko-1641535889.jpg
ვიქტორ გრუშკო

ძნელია იმის თქმა, თუ რა სასარგებლო გაიგო ნიკიტამ, მაგრამ ეს შეხვედრა ვიქტორ გრუშკოს კარიერისთვის ბედნიერი რომ აღმოჩნდა, ეს კი ფაქტია. კა-გე-ბეში მის თავბრუდამხვევი კარიერა მხოლოდ 1991 წელს, “აგვისტოს პუტჩის” შემდეგ დასრულდა, მაშინ გრუშკო უკვე თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გენერალ-პოლკოვნიკი იყო.

საბჭოთა ელჩის საყვარელი ბატკანი

საბჭოთა სპეცსამსახურებში დამკვიდრებული ტრადიციით, დაზვერვის რეზიდენტი “ცენტრის” ანუ კა-გე-ბეს ხელმძღვანელობის გარდა არავის ემორჩილებოდა, თვით საბჭოთა ელჩსაც კი. პირიქით, თავად მას შეეძლო ნებისმიერი საბჭოთა დიპლომატის კარიერის გაცამტვერება. ამისთვის კი ბევრი არაფერი იყო საჭირო - მოსკოვში იგზავნებოდა შიფრ-დეპეშა, რომ ესა და ეს დიპლომატი შემჩნეულია “საზიზღარ” კაპიტალისტებთან საეჭვო კავშირში, ან დიპლომატიურ მიღებებზე დაშვებულზე მეტ სპირტიან სასმელს სვამს, ან “ბოროტი” თვალით უყურებს საბჭოთა დიპლომატიური კორპუსის ქალთა პერსონალს და ა.შ. მოსკოვში კი, კა-გე-ბეს შეფი იური ანდროპოვი შანსს არ უშვებდა ხელიდან, რათა საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი გრომიკო საბჭოთა “ბელადის” - ლეონიდ ბრეჟნევის თვალში გაეშავებინა. თავის მხრივ, გრომიკოც ცდილობდა სამაგიეროს გადახდას. პოლიტბიუროში არსებულმა ამ ფარულმა დაპირისპირებამ საბჭოთა საელჩოებში გადაინაცვლა. ელჩი და რეზიდენტი დანასისხლად იყვნენ ერთმანეთს გადაკიდებული და დღედაღამ იმას ფიქრობდნენ, თუ რომელი მიაწვდიდა პირველად მოსკოვს ინფორმაციას, პარალელურად კი, კომპრომატებს აგროვებდნენ ერთმანეთზე.

1960-იანი წლების ბოლოს აფრიკის ერთ ქვეყანაში, კერძოდ კი - იემენის არაბთა რესპუბლიკაში, საბჭოთა ელჩად შუა აზიის ერთ-ერთი მოკავშირე რესპუბლიკის ყოფილი პარტიული ფუნქციონერი დანიშნეს. ნათქვამია, “ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო” - ახლადგამომცხვარმა დიპლომატმა საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე... მეცხვარეობის ფერმა ააგო, სადაც ყველა საბჭოთა დიპლომატი ვალდებული იყო, ფიზიკურად ემუშავა და კომუნისტური “სასურსათო პროგრამა” პირადი შრომით შეესრულებინა. გაწამებული დიპლომატების მიერ მოსკოვში, გრომიკოს უწყებაში გაგზავნილი მრავალრიცხოვანი საჩივრები უპასუხოდ რჩებოდა. საბჭოთა ელჩს განსაკუთრებით ერთი ბატკანი უყვარდა, რომელიც თავისუფლად დასეირნობდა საელჩოს შენობაში და ხშირად პირდაპირ დიპლომატების კაბინეტებში “ცელქობდა”. დიდად შეწუხებულმა საბჭოთა დიპლომატებმა, მათ შორის - დაზვერვის რეზიდენტურის ერთმა თანამშრომელმა, ელჩის შვებულებაში ყოფნით ისარგებლეს და უდანაშაულო ბატკანი ერთ წამში მწვადად აქციეს. სამსახურში დაბრუნებულმა ელჩმა “დანაშაულის თანამონაწილენი” (მათ შორის - დაზვერვის რეზიდენტურის თანამშრომელიც) სარდაფში ჩააკეტინა და რამდენიმე დღე პურსა და წყალზე ამყოფა. მხოლოდ ამ ფაქტის შემდეგ გამოცოცხლდა კა-გე-ბეს რეზიდენტი და ანდროპოვის სახელზე, დაახლოებით, ასეთი შინაარსის -“გვიშველეთ. გვჩაგრავენ” სასწრაფო დეპეშა აფრინა. მოსკოვში აგორებული სკანდალის შემდეგ საბჭოთა მზვერავების “რისხვა” - ელჩი გამოიწვიეს და... სხვა ქვეყანაში დანიშნეს ელჩად.

პ.ს. ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ შემდეგ ვისაუბროთ.