„მოსკოვი ძლიერია მხოლოდ იქ, სადაც მას ნგრევა შეუძლია“ - რას წერს უცხოური გამოცემა - კვირის პალიტრა

„მოსკოვი ძლიერია მხოლოდ იქ, სადაც მას ნგრევა შეუძლია“ - რას წერს უცხოური გამოცემა

გერმანულ გაზეთ „უელტში“ (Die Welt) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „მოსკოვი ძლიერია მხოლოდ იქ, სადაც მას ნგრევა შეუძლია“ (ავტორი - კლაუს გეიგერი, პოლიტიკური მიმომხილველი). პუბლიკაციაში გადმოცემულია რუსეთის საგარეო პოლიტიკის ტრადიციული ხასიათი - მოსკოვი უფრო ანგრევს, ვიდრე - აშენებს; რუსეთი მხარს უჭერს ავტორიტარულ რეჟიმებს, კრემლი უკუღმა აკეთებს იმას, რაც წაღმა უნდა გააკეთოს.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ევროპაში ბევრ ადამიანს სჯერა კრემლის მიერ შეთხზული ზღაპრების, რომელთა მიხედვით, მსოფლიოს ისტორიაში სუსტი რუსეთის არსებობა შემთხვევით მოვლენას წარმოადგენდა და ის, რაც ახლა ხდება, ანუ რუსეთის ძლიერების დაბრუნება საერთაშორისო არენაზე, გარდაუვალი კანონზომიერებაა და ვლადიმერ პუტინს ამაში ხელს ვერავინ შეუშლის.

სინამდვილეში რუსეთის პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნისგან გენიალურად ქმნის საზარელ სახელმწიფოს, რომელიც ანადგურებს ოპოზიციას, ჩაბმულია სირიისა და ლიბიის ავანტიურაში და საერთოდ, თავისი პროპაგანდით უკომპრომისოდ ებრძვის ყოველივე დემოკრატიულს, როგორც ევროპაში, ასევე - მთელ მსოფლიოში.

ტრადიციულად, რუსეთი ძლიერია იქ, სადაც რაიმეს დანგრევაა საჭირო. მოსკოვი ძირს უთხრის სხვა ქვეყნების პოზიციებს და აქტიურად სარგებლობს მათი სისუსტეებით. იქ, სადაც შეიძლება კონსტრუქციული იყოს და ადამიანთა ნდობა მოიპოვოს, რუსეთი პირიქით აკეთებს და ამიტომ მას ამ მხრივ დიდი პრობლემები აქვს.

თავად განსაჯეთ: გასაგებია, რომ ვლადიმერ პუტინი საბჭოთა იმპერიის დაბრუნებაზე ოცნებობს. კრემლი თანდათან ცდილობს, აღადგინოს გეოპოლიტიკური გავლენის სფერო, მაგრამ დააკვირდით, ამას როგორ აკეთებს - თავს ესხმის უკრაინას, მის რუსულ ორბიტაზე დასაბრუნებლად, მაგრამ ამით უკურეაქციას იწვევს, კიევი მოსკოვს უფრო შორდება.

ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა საქართველოსთან მიმართებითაც: რუსეთმა დაიკავა მისი ტერიტორიები, მაგრამ თვითონ ქვეყანა მაინც დასავლეთისაკენ ისწრაფვის. ბელარუსში კრემლმა „პიროსის გამარჯვება“ მოიპოვა, სადაც, მასობრივი საპროტესტო აქციების მიუხედავად, ხელისუფლების ცვლილება არ მომხდარა, თუმცა ყველამ დაინახა, რომ დასუსტებულ და ხალხისგან შერისხულ დიქტატორს ისევ რუსეთმა უშველა - ვლადიმერ პუტინმა ალექსანდრე ლუკაშენკო გულში ჩაიკრა.

ჯერჯერობით ბევრი რამ არის უცნობი ყახაზეთში მომხდარი არეულობების ირგვლივ. ფაქტია, რომ ბოლო წლებში ყაზახეთი მეტ-ნაკლებად დაშორდა რუსულ ორბიტას, მაგრამ, საბოლოო ჯამში, შეიძლება მეორეხარისხოვნად ჩავთვალოთ ის, თუ ვინ ვის აჯობებს - პროდასავლური თუ პრორუსული ძალები, თუნდაც კრემლის მიერ შეყვანილი სამშვიდობო კონტინგენტის დახმარებით. იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში მჭიდრო კავშირია მხოლოდ ორი ავტორიტარული სახელმწიფოს მმართველ ელიტებს შორის, რაც ძლიერების ილუზიას ქმნის. ალიანსი ძლიერია მხოლოდ მაშინ, როცა ის იპყრობს მოსახლეობის გულებს თავისუფლებითა და ეკონომიკური აყვავებით, ისე, როგორც ევროკავშირშია. (წყარო)