"ჩემი დისკრიმინაციის ახალი ტალღაა, რაც საქართველოს ხელისუფლებას საპირისპიროდ უბრუნდება" - კვირის პალიტრა

"ჩემი დისკრიმინაციის ახალი ტალღაა, რაც საქართველოს ხელისუფლებას საპირისპიროდ უბრუნდება"

საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსის გიგი კალანდაძე დარწმუნებულია, რომ გერმანიიდან მისი ექსტრადაციის საკითხი არ დადგება. გიგი კალანდაძის განცხადებით, ის გუშინ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

როგორც მან „მთავარ არხთან“ საუბრისას აღნიშნა, რამდენიმე კვირაში გაიმართება სასამართლო, რომელიც აღნიშნულ საქმეზე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

,,ბერლინიდან გამოფრენისას რამდენიმე წუთით მთხოვეს შეყოვნება, გადამიყვანეს პოლიციაში, დააზუსტეს ჩემი პიროვნება და მითხრეს, რომ დაკავებული ვარ, რადგან ვიმყოფებოდი ძებნაზე. გავეცი პასუხი, რომ ერთი თვის წინ გადმოვლახე საზღვარი, მაგრამ არ ყოფილა არანაირი პრობლემა. ეს არის ახალი ტალღა ჩემი დისკრიმინაციის, რაც საქართველოს ხელისუფლებას უბრუნდება საპირისპიროდ. ეს საქმე აღმიძრეს უკრაინაში ყოფნის დროს, 2015 წლის მიწურულს, მაშინ როცა გამოძიება 2013 წელს დაიწყეს. რა თქმა უნდა, ეს საქმე არის მოგონილი და შეთითხნილი, არაფერზე დამყარებული. ჩამატებული ვარ ამ საქმეში როგორც ერთ-ერთი ბრალდებული. დარწმუნებული ვარ, გერმანიიდან ჩემი ექსტრადაციის საკითხი არ დადგება, თავადაც საექსტრადაციო პერიოდი შემიცვალეს გირაოთი და რამდენიმე კვირაში მექნება სასამართლო, რომელიც მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენ ველით“, - აღნიშნა გიგი კალანდაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსის მოადგილე გიგი კალანდაძე გერმანიაში, ბერლინში 2021 წლის 19 დეკემბერს დააკავეს. მაშინ, გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსის მოადგილის გიგი კალანდაძის გერმანიაში დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყების განცხადების თანახმად, საქართველოს გენერალური პროკურატურა გერმანულ მხარეს გიგი კალანდაძის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავდა.

პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება 2012 წლის ივლისში ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მიზნით დაკავებული პირის წამებას.