„აქ გაცილებით საინტერესოა ჩინეთის საკითხი. ახლა სწორედ ეს არის საფიქრალი როგორ გამოიყენებს ამ პროცესს ჩინეთი ან თურქეთი" - კვირის პალიტრა

„აქ გაცილებით საინტერესოა ჩინეთის საკითხი. ახლა სწორედ ეს არის საფიქრალი როგორ გამოიყენებს ამ პროცესს ჩინეთი ან თურქეთი"

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ დღეს რუსეთისთვის დახმარებისთვის მიმართვა და ე.წ. მშვიდობისმყოფელების შეყვანა ყაზახეთის ქალაქებში უკიდურესად სახიფათო და რისკიანი ნაბიჯია, პირველ რიგში, თავად ნაზარბაევისა და მისი გარემოცვისთვის. მისივე თქმით, გამოცდილება ადასტურებს, რომ „დასახმარებლად მისული რუსული ჩექმა“ ძნელად ან აღარასოდეს ტოვებს ქვეყანას.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ყაზახი ხალხი ქუჩაში სპონტანურად, გაძვირებული თხევადი გაზის გამო გამოვიდა, ზოგიერთი ვერსიით, ამ ყველაფრის უკან რუსეთი დგას, რომელსაც მიზნად აქვს, მოახლოებულ ნატო-რუსეთის, ასევე - ამერიკა-რუსეთის ფორმატის შეხვედრებისთვის ყაზახეთის საკითხით სარფიანად ივაჭროს. არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც, მაგალითად, რუსული მედიასაშუალებები აქტიურად ცდილობენ მოსაზრების განვრცობას, რომ, თითქოს, ყაზახური გამოსვლების უკან დასავლეთი დგას.

საინტერესოა, ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორია თინა ხიდაშელის პოზიცია, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ყაზახეთში და კარგად იცნობს ამ ქვეყნის მართვის მოდელს და ადგილობრივი მოსახლეობის განწყობებს.

თინა ხიდაშელი:

- არ ვიზიარებ შეთქმულების თეორიებს იმის შესახებ, რომ ვიღაცამ რაღაც მოაწყო და ქუჩაში ათიათასობით ადამიანი გამოიყვანა. ეს ხალხი ქუჩაში ხელისუფლებისადმი უკმაყოფილებამ გამოიყვანა. ამიტომ ყველა ხელისუფლებამ თავის თავს უნდა დაუსვას კითხვა - რა გააკეთა ისეთი, რომ ამდენი ხალხი გაბრაზდა, მოთმინების ფიალა ამოეწურა, განსაკუთრებით, ისეთ ქვეყანაში, როგორიც ყაზახეთია. ეს ქვეყანა არ ხასიათდება მაინცდამაინც მასობრივი მღელვარებებით.

- თუმცა საინტერესოა, როგორ მოხდა, რომ ორგანიზების გარეშე ამდენი ხალხი ერთდროულად გამოვიდა ქუჩაში?

- ერთდრულად ბევრი ადამიანისთვის აღმოჩნდა ბოლო წვეთი ფასების ზრდა. 2011 წელს, ასევე 2019 და 2021 წლებშიც გაიმართა საპროტესტო აქციები, სოციალური მოთხოვნებით. ეს სიახლე არ არის, სიახლე არის მხოლოდ მასობრიობა და ფორმა. როდესაც ხალხი ქუჩაში ერთხელ, ორჯერ, სამჯერ გამოვა და მთავრობა ამას ყურადღებას არ მიაქცევს, შემდეგ ამბავს ასეთი ლოგიკური დასასრული აქვს.

- როგორც თქვენ აღნიშნეთ, ყაზახი ხალხი პრობლემებზე ხმამაღლა საუბარს იმდენად ერიდებოდა, რომ თქვენ ერთი წელი დაგჭირდათ იმისთვის, რომ მძღოლისა და დამხარე ქალისგან მინიმალური ინფრომაცია მიგეღოთ ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ.

- დიახ, თუმცა ეს ეხებოდა პოლიტიკას. სოციალური პრობლემების გამო ეს ხალხი ყოველთვის გამოთქვამდა უკმაყოფილებას. ეს პროტესტიც ხომ პოლიტიკური შემადგენელის გარეშე, სოციალური მოთხოვნებით დაიწყო. პოლიტიკური დემონსტრაციები ყაზახეთში ნამდვილად არ გვახსოვს.

- საბოლოო ჯამში, ვის აძლევს ხელს ყაზახეთში დაწყებული არეულობა, ან ვინ შეიძლება გამოიყენოს საკუთარი მიზნებისთვის?

- ამ ეტაპზე ამის თქმა რთულია. ერთი რამის თქმა ნამდვილად შემიძლია. არ მაქვს მოლოდინი, რომ ყაზახეთში დემოკრატიული რევოლუცია მოხდება, იმიტომ, რომ იქ საამისო პოლიტიკური რესურსი უბრალოდ არ არსებობს. თავისი არსით და მასშტაბით დღევანდელი მოვლენები გახდა პოლიტიკური და ვეღარ ეტევა სოციალური მღელვარების ფარგლებში, მაგრამ პრობლემაც სწორედ აქ არის, როდესაც თავისი არსით პოლიტიკურ მოძრაობას დემოკრატიული ცვლილებების მოთხოვნები არ ახლავს თან, როდესაც დღის წესრიგი ქაოტურია და ძალადობაც ხელისუფლების, უფრო კი - რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. თუ ეს პროცესი, რაც ახლა ყაზახეთში ხდება, ფართომასშტაბიან პოლიტიკურ მოძრაობაში გადაიზარდა, ჩათვალეთ, რომ ეს იქნება იგივე, რაც ჩვენთან უკვე მოხდა 90-იან წლებში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ რუსეთისთვის დახმარებისთვის მიმართვა და ე.წ. მშვიდობისმყოფელების შეყვანა ყაზახეთის ქალაქებში უკიდურესად სახიფათო და რისკიანი ნაბიჯია, პირველ რიგში, თავად ნაზარბაევისა და მისი გარემოცვისთვის, რომელიც თითქმის 30 წლის მანძილზე მუდმივად აბალანსებდა ქვეყანაში დომინანტ ინტერესებს და ინარჩუნებდა ქვეყნის სუვერენიტეტს და მშვიდობას.

- რამდენად არის საფრთხე იმისა, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ რეგიონში მცხოვრები რუსები გამოიყენოს ე.წ. რუსული მიწების შეგროვების მიზნით და იქაც იგივე სცენარი გაათამაშოს, რაც ჩვენთან - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაათამაშა?

- ამ კონსპირაციის თეორიას ანგრევს ის ფაქტი, რომ გამოსვლები უმეტესად რუსებით დასახლებულ ჩრდილოეთ ყაზახეთის ოლქში მიმდინარეობს, რაც ჩემთვის მოულოდნელი იყო. წინა წლებში გამართული აქციების დროს, ძირითადად, ყაზახებით დასახლებული რეგიონები აქტიურობდნენ. ამჯერად ჩრდილოეთ ყაზახეთში საკმაოდ ძლიერი საპროტესტო ტალღაა.

- ყველაფრის მიუხედავად, შეძლებს თუ არა რუსეთი, ყაზახეთის თემა დასავლეთთან სავაჭროდ გამოიყენოს, მომავალ კვირაში დაგეგმილი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრებისას?

- რუსეთს საუბარი არ სჭირდება ვაჭრობისთვის. ქართველების მთავარი შეცდომა ის არის, რომ სულ ვფიქრობთ, აი ახლა ეს რომ მოხდა, რუსეთი ამას როგორ გამოიყენებს. მოვლენების განვითარების მიხედვით, სამწუხაროდ, დასავლეთს ყაზახეთში, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასგან განსახვავებით, „სიტყვა არ ეთქმის“. იქ არც დასავლეთის და არც რუსეთის სიტყვას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. აქ გაცილებით საინტერესოა ჩინეთის საკითხი. ახლა სწორედ ეს არის საფიქრალი, როგორ გამოიყენებს ამ პროცესს ჩინეთი ან თურქეთი, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან ყაზახეთში. ჩინეთი, ერთმნიშვნელოვნად ყაზახეთის სტრატეგიული მოკავშირეა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე სტრატეგიულ ეკონომიკას ეხება. რუსეთთან გავლენის სფეროებზე ბალანსის შენარჩუნების პოლიტიკა დღევანდელი მოვლენების ფონზე შესაძლოა, რისკის ქვეშ აღმოჩნდეს და, შესაბამისად - აქამდე არსებული რიგი დაწერილი თუ დაუწერელი შეთანხმებები. პარალელები საქართველოსთან უსაგნოა, ძალიან ბევრი რამ განასხვავებს ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთისგან დემოკრატიისა და საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში. აქ სრულიად ერთმნიშვნელოვანი უპირატესობა გვაქვს. თუკი რამე გვამსგავსებს, ის არის, რომ, როგორც ბოლო დროს ბევრჯერ მითქვამს, ბატონი ივანიშვილი ქვეყნის სწორედ ნაზარბაევიზაციას ცდილობდა, როდესაც დასავლეთის ხმა აღარ ისმის, როდესაც ქვეყანაში მთავარი მოთამაშეები რუსეთი და ჩინეთი არიან, ჩვენს შემთხვევაში ირანიც შეგვიძლია დავამატოთ ამ ჩამონათვალს, როდესაც ქვეყნის მმართველობა მთლიანად დაცლილია პოლიტიკისა და პოლიტიკოსებისგან და მართვის ბერკეტი მთლიანად და სრულად ოლიგარქისა და მისი ხელის ბიჭების ხელშია. შედეგად კი, სწორედ ის დგება, რასაც დღეს ყაზახეთში ვუყურებთ, რომ შესაძლოა, ერთ დღეს ძალაუფლება ქუჩაში ეგდოს, ქვეყანაში კი პოლიტიკური ძალა აღარ იყოს, რომელიც მას ხელში აიღებს და ეფექტიანად, ქვეყნის სასიკეთოდ მიმართავს.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)