"მეგონა, მადლობას მაინც მეტყოდნენ... არადა, დაჭერას მიპირებდნენ"
გიორგი უშიკიშვილი გადაცემა "ყვითელ ყუთს“ სტუმრობდა, სადაც ეკა ჩხეიძესთან იმ პერიოდზე ისაუბრა, როდესაც მის წინააღმდეგ საქმე იყო აღძრული და დაჭერას უპირებდნენ. ეს ამბავი 2013 წელს მოხდა. მას მერე, რაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება“ მოვიდა, გიორგი უშიკიშვილი საქართველოს ფოლკლორის ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მის წინააღმდეგ საქმე კი სახელმწიფო ქონების გაფლანგვის მუხლით აღიძრა.
ფოლკლორის ცენტრის ყოფილი დირექტორი იმჟამად აცხადებდა, რომ მისი გათავისუფლების ბრძანება უკანონო იყო. ჟურნალისტებთან საგანგებოდ გამართულ შეხვედრაზე მოჰყვა იმის შესახებ, რომ მასთან კულტურის სამინისტროდან იურისტი, თემურ ჩიხრაძე მივიდა, რომელმაც უთხრა, რომ აპირებდნენ მის გათავისუფლებას და შესთავაზა თავად დაეწერა განცხადება.
გიორგი უშიკიშვილს წლების შემდეგ ეს ამბავი ისევ მძიმედ ახსენდება. ამბობს, რომ ახლა ისიც არ იცის, საქმე რა ეტაპზეა, დაიხურა თუ ისევ გრძელდება...
გიორგი უშიკიშვილი:
- ცხოვრებაში ბევრჯერ დამიწყია რაღაცები თავიდან და სულაც არ ვთვლი, რომ ეს ცუდია. გამოწვევების ფონზე ახალი იდეები მომდის იმისთვის, რომ რაღაც გავაკეთო, შევქმნა. საქართველოს ფოლკლორის ცენტრისთვის სახელი ჩემი დარქმეულია, ახლა რა შენობაშიც არიან, ჩემი მოპოვებულია ეს შენობაც. ჩემი ხელმძღვანელობის დროს, შევქმენი კარგი ორგანიზაცია, დიდი არქივითა და ბევრი კარგი პროექტით. თავის დროზე ამ თანამდებობაზე ზურაბ ჟვანიას ინიციატივით დავინიშნე, ბევრს შესთავაზეს, მაგრამ მაშინ არავის უნდოდა. შემდეგ რომ დაინახეს რამდენი რამე კეთდებოდა, კონკურსები ტარდებოდა დირექტორის არჩევაზე, მუდმივი ბრძოლა იყო...
არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან განიცდიან თანამდებობიდან მოხსნას, არის თაობები, რომლებიც 40-50 წელი ერთ ადგილას არიან ხელმძღვანელ პოზიციებზე. მე ასე არ ვარ, არასოდეს მიფიქრია, რომ ერთ თანამდებობაზე წლები ვიქნებოდი. ძალიან ბევრჯერ მოვიარე საქართველო, ოჯახებში შევდიოდი ხოლმე, რომ სიმღერები შემეგროვებინა... ჩემი ბავშვობის მეგობარი სულ მეუბნებოდა, - არ მჯერაო, რომ ამას ისე აკეთებ, რაღაცას გიხდიან ალბათო...
ამ დროს, არასოდეს ამიღია ამაში ფული. გააგრძელეთ კითხვა