"ბევრმა ისიც იფიქრა, სიმღერას თავი დაანებაო; იყო ხალხი, რომელიც ამბობდა, როგორც უცებ გამოჩნდა, ისე უცებ დაიკარგაო, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"ბევრმა ისიც იფიქრა, სიმღერას თავი დაანებაო; იყო ხალხი, რომელიც ამბობდა, როგორც უცებ გამოჩნდა, ისე უცებ დაიკარგაო, მაგრამ..."

გთავაზობთ ინტერვიუს ნაწილს, რომელიც "კვირის პალიტრამ" ალექსანდრესთან ცოტა ხნის წინ ჩაწერა:

- ალექსანდრე, ახლა გარდატეხის ასაკი გაქვს. სარისკო ხომ არ არის ამ ეტაპზე აქტიური სასცენო საქმიანობა?

- ხმას მოფრთხილება ყოველთვის სჭირდება. დიახ, ჯერ არ არის გასული ჩემი გარდატეხის ასაკი და სიფრთხილეა საჭირო.

- შეროლ პორტერზე მიამბე.

- შეროლ პორტერი მთელ მსოფლიოში აღიარებულია ვოკალის #1 პედაგოგად, რომელსაც აქვს ვოკალის შესწავლის საკუთარი მეთოდი, არ დაიჯერებთ და მე ყველაფერს უანგაროდ მიკეთებს. მე ვარ ერთადერთი მოსწავლე, რომელსაც კერძო გაკვეთილებს უტარებს, რადგან არ აქვს დრო, სხვებსაც ჩაუტაროს. მათ მხოლოდ მაშინ ამეცადინებს, როცა ვიდეოს უღებს.…

- შეროლი როგორ გაიცანი, ან რატომ მოინდომა შენთან უანგაროდ მუშაობა?

- შეროლის ვიდეოებს პატარაობიდან ვუყურებდი და ყოველთვის ოცნებად მქონდა მასთან შეხვედრა. მახსოვს, როდესაც იტალიაში იყო ერთი წლით მასტერკლასებზე წასული, ვოცნებობდი, მას შევხვედროდი. მე მაქვს ოცნებების დაფა, რომლის იდეა ჩემმა მეგობარმა ნინა ჯანგველაძემ მომაწოდა და იმ ოცნებების დაფაზე პირველი შეროლ პორტერია. როდესაც შეროლმა გამიცნო, ძალიან შევუყვარდი, დამპატიჟა საკუთარ სახლში ჩიკაგოში და... დაბადების დღეც გადამიხადა. ეს იყო სიზმარი...

- კიდევ ვისთან მუშაობდა შეროლ პორტერი?

- მერაია ქერისთან, ლუჩანო პავაროტისთან...

- მე გიცნობ, როგორც ქართველ ბიჭს, ქართლის გულში, რუისში გაზრდილს... ამერიკაში როდის ჩახვედი?

- ჩემი კარიერის განვითარებისთვის ჩავედით მე და მამაჩემი, მაგრამ დარჩენას არ ვაპირებდით - "კორონამ" შეგვაყოვნა და შემოვრჩით. თითქმის ორი წელი გაჩერებული ვიყავი, ბევრმა ისიც იფიქრა, სიმღერას დაანება თავიო; იყო ხალხი, რომელიც ამბობდა, როგორც უცებ გამოჩნდა, ისე უცებ დაიკარგაო, მაგრამ მე და ჩემს ოჯახს იმისთვის არ გვიწვალია, რომ რამისთვის თავი დამენებებინა! გაჩერებული ვიყავი, რომ აღდგენილი ძალებით და უფრო მაგარი ამბებით დავბრუნებულიყავი და ასეც მოხდა.…

- რა ასაკიდან მღერი?

- 3 წლიდან. ჩვენი სოფლის ჯგუფში ჩემი და რომ დადიოდა, მეც მიმიყვანეს. სულ რაღაც 4-5 წლის ვიყავი, სოლოებს რომ მამღერებდნენ.

- როგორი იყო შენთვის 2021 და რას მოელი ვეფხვის წლისგან?

- ვეფხვივით თავდაჯერებული უნდა ვიყო და ყველანაირი წინააღმდეგობა გავაქრო.

- ვისთან ისურვებდი ამ წელს დუეტის ჩაწერას ან თანამშრომლობას?

- ბილი აილიშთან, ან არიანა გრანდესთან.

იხილეტ სრულად: "მოვა დრო და ჩემი ქვეყნის სახელს უფრო შორს გავიტან“