"უმჯობესია ქართულ სოფელში ცხოვრება, ვიდრე ბელარუსულ საპყრობილეში ყოფნა" - კვირის პალიტრა

"უმჯობესია ქართულ სოფელში ცხოვრება, ვიდრე ბელარუსულ საპყრობილეში ყოფნა"

ბელარუსულ ოპოზიციურ გაზეთ „ნაშა ნივა“-ში (Наша нiва - მისი ვებ-გვერდი თვითონ ბელარუსში დაბლოკილია), გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „უმჯობესია ქართულ სოფელში ცხოვრება, ვიდრე ბელარუსულ საპყრობილეში ყოფნა“, რომელშიც გადმოცემულია საქართველოში მყოფი ემიგრანტი ბელარუსების ცხოვრება.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„არაოფიციალური მონაცემებით, 2021 წლის დეკემბერის ბოლოსათვის საქართველომ ბელარუსიდან 3-დან 5 ათასამდე პოლიტიკური ემიგრანტი მიიღო. ჩვენ დავინტერესდით მათი ცხოვრების ნიუანსებით, ბელარუსის მოქალაქეთა შრომით მოწყობასთან და ლეგალიზებასთან დაკავშირებული საკითხებით.

რატომ წავიდნენ ბელარუსები სამშობლოდან ესოდენ შორს მდებარე სახელმწიფოში? ამის მიზეზი რამდენიმეა: საქართველოში ჩასვლას ვიზა არ ჭირდება, შენარჩუნებულია პირდაპირი ავიამიმოსვლა, ქვეყანაში მშვენიერი ჰავაა, ცხოვრება იაფია, ვიდრე უკრაინაში, პოლონეთსა და ლიეტუვაში. ამას ემატება ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოირჩევა პროევროპული კურსის ერთგულებით და დემოკრატიული მმართველობით.

„ბელარუსების მიგრაცია საქართველოში გრძელდება“

საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, 2021 წლის 11 თვის განმავლობაში ქვეყანა 35 ათასი ბელარუსმა მოინახულა - ეს თითქმის სამჯერ მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენმა ბელარუსმა გადაწყვიტა პოლიტიკური დევნისა და შიშის გამო სამშობლოში აღარ დაბრუნებულიყო, რასაკვირველია, არ არსებობს.

საქმე იმაშია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას ბელარუსები ვალდებულები არ არიან დარეგისტრირდნენ. უფრო მეტიც - მათ შეუძლიათ ყოველგვარი ლეგალიზების გარეშე საქართველოში 12 თვე იცხოვრონ. ამ ხნის გასვლის შემდეგ, უბრალოდ, „განულება“ შეიძლება - ამისათვის საკმარისია, მაგალითად, გადაკვეთოთ საზღვარი და გადახვიდეთ მეზობელ სომხეთში, აზერბაიჯანში ან თურქეთში, სადაც ბელარუსებს ვიზა ასევე არ ჭირდებათ და შემდეგ კვლავ საქართველოში დაბრუნდეთ. თქვენს პასპორტში ჩარტყმული შტამპი იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ საქართველოში კიდევ ერთი წელი იცხოვროთ...

ჩვენ გადავწყვიტეთ ბელარუსული დიასპორის წარმომადგენლებს გავსაუბრებოდით.

როგორც ბათუმში აჭარაში მცხოვრები ბელარუსები ამბობენ, დღეისათვის საქართველოს ამ რეგიონში რამდენიმე ათასი ბელარუსი ცხოვრობს: „ჩვენც გვაინტერესებს ზუსტი ციფრები ვიცოდეთ, ამისათვის ქალაქის მერისაც კი მივმართეთ. გვიპასუხეს, რომ ბათუმში დაახლოებით 2-დან 4 ათასამდე ბელარუსის მოქალაქე იმყოფება“.

დიახ, ამ ციფრს ზუსტს მართლაც ვერ უწოდებ, თუმცა რას ვიზამთ - ბათუმში ბელარუსთა რაოდენობა მუდმივად იცვლება სხვადასხვა მიზეზების გამო. მაგალითად, მინსკიდან ჯერ ბათუმში ჩამოდიან, სადაც გარკვეული დროის განმავლობაში რჩებიან, შემდეგ კი უკრაინაში, პოლონეთში ან ლიეტუვაში მიფრინავენ. მაგრამ რადგანაც იმ ქვეყნებში ცხოვრება შედარებით ძვირია, არის პრობლემები ლეგალიზებასთან დაკავშირებით, წასულები ისევ ბათუმში ბრუნდებიან „გამოსაზამთრებლად“ - აქ ზამთრობით თბილა, ლიეტუვასთან შედარებით, ბინები თითქმის ორჯერ უფრო იაფია, აქვეა ზღვაც... ამიტომაც ბათუმში მცხოვრებ ბელარუსის მოქალაქეთა რაოდენობას ზუსტად ვერ გამოთვლი.

რაც შეეხება თბილისს, როგორც ბელარუსის დიასპორის წარმომადგენელი ელენა ამბობს, საქართველოს დედაქალაქში მცხოვრებ ბელარუსთა რაოდენობა შედარებით ნაკლებია. „ზუსტ ციფრს ვერ მე ვერ დავასახელებ, მაგრამ სადღაც ათასამდე ნამდვილად ვიქნებით. მეტსაც ვიტყვი - ჩემი თანამემამულეების რაოდენობა თბილისში თანდათან მატულობს... თითქმის ყოველ კვირას ვიკრიბებით, აქციებს ვატარებთ ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ. აქციებზე სულ ახალ-ახალ მიგრანტ ბელარუსებს ვხედავთ. ანუ ადამიანთა მიგრაცია ბელარუსიდან საქართველოში გრძელდება“.

„მივხვდი, რომ უნდა წამოვსულიყავი, მაგრამ ვაჭიანურებდი“

ბევრი ბელარუსი მიგრანტისათვის საქართველოში წასვლისათვის ბოლო წვეთი რომან პროტასევიჩის დაპატიმრება გახდა - ხომ გახსოვთ 2021 წლის 23 მაისს მინსკის აეროპორტში ათენი-ვილნიუსის მარშრუტის მქონე ირლანდიური ავიაკომპანიის „ბოინგის“ იძულებითი დაშვება? ამ ინციდენტის შემდეგ ბევრმა ოპოზიციონერმა მინსკი-თბილისის ავიარეისის ბილეთები შეიძინა, მხოლოდ ერთი მიმართულებით...

„მე მაისის ბოლო რიცხვებში გამოვფრინდი, - ამბობს მინსკელი ნატალია, რომელიც, ბელარუსში დარჩენილი მშობლების უსაფრთხოებისათვის თავის გვარს არ ასახელებს, - რომან პროტასევიჩის დაკავების შემდეგ მივხვდი, რომ საჭირო იყო ქვეყნიდან გავსულიყავი, მაგრამ ქვეშეცნეულად ვაჭიანურებდი გადაწყვეტილების მიღებას. როცა ჩემი კოლეგების დაჭერები დაიწყო, დავასკვენი, რომ მეც მალე დამაკავებდნენ. იმ დროისათვის საქართველო ერთადერთ ქვეყანა იყო, სადაც გაფრენა ჯერ კიდევ შეიძლებოდა. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოში არ დავიკარგებოდი, ერთი ჩემოდნით ხელში და თუნდაც უფულოდ. ვფიქრობდი, რომ თუ ქალაქში ბინას ვერ დავიქირავებ, სადღაც სოფელში წავალ, მთაში და იქ ვიცხოვრებ-მეთქი. ანუ ქართულ სოფელში მაინც უფრო ბევრად უკეთესად ვიქნებოდი, ვიდრე ბელარუსულ საპყრობილეში“.

ნატალია საქართველოში ნახევარ წელიწადზე მეტია, რაც იმყოფება. მისი თქმით, ჯერ-ჯერობით ასეთი გადაწყვეტილების მიღებაზე არ ნანობს.

რით იზიდავს საქართველო ბელარუსებს?

როგორც უკვე ვთქვით, საქართველოში ბელარუსებს უვიზოდ ყოფნა მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ, ვადის შემდგომი გაგრძელებით. ეს ძალიან დიდი პლუსია: ასეთი პირობები არსად არ არის - არც უკრაინაში, არც ლიეტუვაში და არც თვით პოლონეთშიც კი, სადაც თავი ბევრმა ბელარუსმა შეაფარა.

საქართველოში, თბილ კლიმატთან ერთად, თბილი ხალხიც ცხოვრობს, ქართველები ძალიან სტუმართმოყვარეები არიან. რასაკვირველია, განმასხვავებელი ნიუანსები არსებობს: ქუჩებში ისეთი სისუფთავე არ არის, როგორც ბელარუსში. გარდა ამისა, ქართველები ნაკლებად იცავენ მოძრაობის წესებს, მოვალეობებს, ზოგჯერ ძალიან თავისუფლადაც იქცევიან... თუმცა რას ვიზამთ, მსგავსი რამ ყოველ ქვეყანაში შეიძლება იყოს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: საქართველოში რუსული ენა ბევრმა იცის, ანუ თავისუფლად შეიძლება ინგლისური ენის გარეშე ცხოვრება. აქ ბელარუსული დიასპორა მეგობრულად საქმიანობს, ისინი ერთმანეთს ეხმარებიან.

საქართველოში ყოფნა, ერთი თვით მაინც, რეაბილიტაციის კარგი კურსის ტოლფასია - ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც: ზღვა, მთები, უამრავი ეგზოტიკური ხილი და ბოსტნეული... ზოგადად მაღაზიებში სასურსათო პროდუქტების ღირებულება თითქმის იგივეა, რაც ბელარუსში. მართალია, ბოლო დროს ფასები მატულობს, განსაკუთრებით ხორცზე და ხორცის პროდუქტებზე. სამაგიეროდ, იაფია ყველი, პური, მწვანილი და, რა თქმა უნდა, ღვინო.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ