"ვერასოდეს ვერავის შესახებ ვერ ვიტყვი, - გოიმია-მეთქი" - კვირის პალიტრა

"ვერასოდეს ვერავის შესახებ ვერ ვიტყვი, - გოიმია-მეთქი"

მომღერალი ნინო ჩხეიძე ისე იცვამს, როგორც მოსწონს, თუმცა მოდის ტენდენციების გავლენის ქვეშაც ექცევა. არსებობს საკითხი, რაშიც აღიარებს, რომ გემოვნება არა აქვს. მიაჩნია, რომ ადამიანი მისი გემოვნების მიხედვით არ უნდა შევაფასოთ...

- ვფიქრობ, ჩემი გემოვნების ჩამოყალიბებას დედაჩემმა შეუწყო ხელი, რადგან პატარა ასაკიდანვე სამოსით ძალიან მანებივრებდა. შემდეგ, 15-16 წლისამ, როცა უკვე გაპრანჭვა დავიწყე, დაქალივით მხარში მედგა, ტანსაცმელს მარჩევინებდა, ყიდულობდა... არჩევანში შეზღუდული არ ვყოფილვარ - დედა თავის გემოვნებას თავს არ მახვევდა: მაქსიმალურად ცდილობდა, ჩემი სურვილისთვის ხელი შეეწყო, როცა რომელიმე სამოსი მომწონდა და მისი ჩაცმა მინდოდა. მიმაჩნია, რომ ჩემი გემოვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი მან ითამაშა.

- გარშემო მყოფები ყველაზე ხშირად, რასთან დაკავშირებით გეკითხებიან რჩევას? მათთვის გემოვნებიანი რა საკითხში ხართ?

- "წვეულებაზე მივდივარ და რა ჩავიცვა?" "როგორ დავიკლო წონაში?" - ეს შეკითხვები ყოველთვის აქტუალურია (იცინის)...

- საკუთარ თავს გემოვნებიან ადამიანად მიიჩნევთ?

- ყოველთვის იმას ვიცვამ, რაც მომწონს, თუმცა წლების შემდეგ რაღაც აღარ მომწონებია. სხვისი გავლენის ქვეშ მეც ვექცევი ხოლმე. ახლა "ინსტაგრამი" ძალიან აქტუალურია - ბევრ "ლუქს" ვნახულობთ. შეიძლება, მეც ვიფიქრო, რომ რომელიმე "ლუქი" მომწონს, მაგრამ წლების შემდეგ მივხვდე, რომ შევცდი. თუმცა, ამ ასაკში გემოვნება უფრო ჩამოყალიბებული მაქვს. ასეა თუ ისე, უკვე ვიცი, რა მომწონს და რა - არა... საკუთარ თავს გემოვნებიანად მივიჩნევ თუ არა? - არ ვიცი... მომწონს, რაც მაცვია და თუ სხვასაც მოსწონს, მიხარია. ასევე, სუფრების ლამაზად გაწყობა, სადღესასწაულო დეკორაციები დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

- სახლის, სტუდიის საახალწლოდ მორთვისას, პროფესიონალი დიზაინერის დახმარება დაგჭირვებიათ?

- ალბათ, უფრო მეტის საშუალება რომ მქონდეს, პროფესიონალს აუცილებლად დავიქირავებდი. მიმაჩნია, რომ ამ საქმეს პროფესიონალები უკეთესად აკეთებენ, თუმცა ამ ეტაპზე, თვითონ ვართმევ თავს. საახალწლო სამზადისს პირველი დეკემბრიდან ვიწყებ. გადატვირთული რეჟიმის გამო, წელს სტუდიის გალამაზება ნაკლებად მოვახერხე. ალბათ, ტრენდების გავლენის ქვეშ ვექცევით, რადგან სხვა დროს დახუნძლული ნაძვის ხე მომწონდა, ახლა კი პატარა დავდგი და მხოლოდ ნათურებით მოვრთე.

- ყველაზე მეტად, როგორი კომპლიმენტი გსიამოვნებთ?

- როცა კომპლიმენტს მეუბნებიან, თავს უხერხულად ვგრძნობ, მერიდება, თუმცა მაგალითად, თუკი ჩემი სასცენო ჩაცმულობა მოსწონთ, ეს ფაქტი მსიამოვნებს, მახარებს და ვაფასებ.

- გემოვნებასთან დაკავშირებით თქვენ და თქვენს გოგონას აზრთა სხვადასხვაობა არ გაქვთ ხოლმე?

- კი, სულ ასე იყო: მარიკოს, ასე ვთქვათ, სისადავე მოსწონდა. ვეუბნები ხოლმე, - მართალი იყავი, ეგ სტილი მომწონს-მეთქი. რაღაცებში მეთანხმება, თუმცა ერთნაირი გემოვნება ნამდვილად არ გვაქვს. მაგალითად, პრობლემა არ მაქვს, როცა სამოსის ბრენდის ლოგო ჩანს, მარიკო კი ამის სასტიკი წინააღმდეგია.

- პატარა ასაკში, მისი გემოვნების ჩამოყალიბებისთვის მიმართულება მიგიციათ?

- კი, კი. მარიკო შეკითხვებს ხშირად მისვამს. მაინც ახალი თაობის წარმომადგენელია. ახალი თაობა ჩემი აზრით რომ ინტერესდება, მიხარია - ე.ი. არ დავბერებულვარ (იღიმის).

- ყოფილა შემთხვევა, როცა რომელიმე წელს თქვენთვის მიუღებელი ფერი ან დეტალი გამოგიყენებიათ მხოლოდ მოდურობის გამო?

- მაგალითად, წელს ერთ-ერთი ტელეგადაცემის საახალწლო გადაღებაზე, ყვითელი კაბა პირველად მეცვა. მანამდე ბევრი ვიფიქრე, ჩამეცვა თუ არა. ჩავიცვი და სხვათა შორის, ინტერნეტშიც მოწონება გამოხატეს. გამიხარდა, - კიდევ კარგი, ჩავიცვი-მეთქი...

- თქვენი აზრით, როგორი ადამიანია გოიმი?

- უი, არ ვიცი... ჩემთვის ასეთი შეკითხვაც მიუღებელია. ვერასოდეს ვერავის შესახებ ვერ ვიტყვი, გოიმია-მეთქი.

- ვინმეს გემოვნების განხილვისას ვიწრო წრეშიც დელიკატურობას იჩენთ თუ უფრო თამამად აფასებთ?

- საერთოდ, არ შეიძლება, ადამიანი ჩაცმულობით შეაფასო, რადგან შესაძლოა, სხვაგვარად ჩაცმის საშუალება არ ჰქონდეს, თუმცა შავი კაბის გემოვნებიანად ჩაცმაც შეუძლია... პირადად მე, მაგალითად, სახლის დიზაინთან დაკავშირებით, გემოვნება არ მაქვს: ვერაფრით ვხვდები, ოთახს როგორი ფერის ფარდა მოუხდება - ამის ნიჭი არ მაქვს. ასე რომ, ადამიანის ამით განსაზღვრა არ შეიძლება: შესაძლოა, რაღაცების შეხამება არ შეეძლოს, მაგრამ სხვა საკითხებში არაჩვეულებრივი იყოს...

- როგორი ჟანრის ფილმები, წიგნები იწვევს თქვენს ინტერესს?

- ფილმების ყურება ჩემთვის განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა. თუ რამე ახალი ფილმი გამოდის, აუცილებლად ვეცნობი, მაგრამ ძირითადად, ცოტათი მძაფრსიუჟეტიანი დეტექტივი მიყვარს. კომედიებს "შინაარსიანი" ფილმები (რომლებსაც მარტივი სიუჟეტი არ აქვს) მირჩევნია... წიგნებს რაც შეეხება, ძირითადად, აუდიოწიგნებს ვიყენებ - ძალიან მომწონს, რადგან როცა არ მცალია და სადმე მივდივარ ან სახლს ვალაგებ, ყოველთვის ვრთავ და ვუსმენ. უამრავი საინტერესო ფსიქოლოგიური წიგნია...

- საახალწლოდ რომელიმე ფილმის ნახვა ტრადიციად ხომ არ გაქვთ?

- თავად არ ვრთავ, მაგრამ ტელევიზორში რაც გადის, სიამოვნებით ვუყურებ: "კუჩხი ბედინერი", "ბედის ირონია", "მარტო სახლში"...

- საახალწლო განწყობას რომელი სიმღერა გიქმნით?

- უფრო მეტად, მაიკლ ბაბლის საახალწლო მუსიკალური დისკი მომწონს - ჩემთვის ახალ წელთან ასოცირდება და მიყვარს.

- ბავშვობის დროინდელი საახალწლო ტრადიცია, რომელსაც ახლაც მისდევთ, თუ გაქვთ?

- ახალი წლის დღესასწაული ჩემთვის ბავშვობიდანვე განსაკუთრებულია. ამ დღისთვის სამოსს განსაკუთრებულად ვარჩევ. შეიძლება, არსად მივდიოდე, მაგრამ აუცილებლად გამოვიპრანჭები, კარგ განწყობაზე ვარ ხოლმე... სადაც უნდა ვიყო, თუნდაც საზღვარგარეთ, სასტუმროს ჩემს ნომერში სუფრას მაინც ლამაზად გავაწყობ და ახალ წელს საყვარელ ადამიანთან ერთად ვხვდები... ჩემი ტრადიცია ეს არის... მინდა, ყველას ბედნიერი, ხალისიანი წელი ვუსურვო. 2022 წლის ყოველი დღე სიხარულით და სიყვარულით სავსე ჰქონოდეთ! ახლობლებს მაქსიმალურად მოეფერეთ და ახალ წელს ბედნიერად შეხვდით...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"