"მას ხალხი პრეზიდენტს ეძახის, მე კი - ბაბუას..." - კვირის პალიტრა

"მას ხალხი პრეზიდენტს ეძახის, მე კი - ბაბუას..."

"მას ხალხი პრეზიდენტს ეძახის, მე კი - ბაბუას..." - ეს ქრისტინე ფაღავა-ბულეზის სიტყვებია, რომელმაც წლების წინ დაწერა მოგონებების წიგნი - "ერთი უჩვეულო­ ოჯახი"... ქრისტინე ფაღავა-ბულეზი თავის გამორჩეულ ოჯახზე პარიზიდან გულწრფელად გვესაუბრა...

- მე რომ დავიბადე, მამამ პასპორტში­ გამომაცხადა, როგორც ქართველი. როდესაც საფრანგეთის და საბჭოთა კავშირის ურთიერთობა უფრო მეტად განვითარდა,­ 1968 წელს საბჭოთა კავშირის საელჩოში მივედი, ქართული პასპორტი მქონდა და მამას ოჯახის სანახავად მინდოდა საქართველოში­ წამოსვლა. რამდენიმე წუთის­ შემდეგ ბიუროში შემიყვანეს, სადაც ერთი ბატონი იჯდა. უცებ ასეთი ლაპარაკი მომესმა: სტუდენტებმა საფრანგეთში რევოლუცია დაიწყეთ, თქვენც ხომ გინდათ, რომ საფრანგეთი საბჭოთა კავშირის მსგავსი იყოსო. იმ კაცს ვუთხარი, რომ საბჭოთა კავშირში იყო დიქტატურა, ტირანია, ნეპოტიზმი და თან თავზე ფურცლები დავაყარე... სახლში დაბრუნებულმა ვთქვი, რომ ვიზას აღარასოდეს მაღირსებდნენ.შემდეგ სასწავლებლად ბუქარესტში წავედი... ერთხელ მუზეუმიდან რომ გამოვედი, ქართული ლაპარაკი შემომესმა და ქართულად ვიყვირე, ვინ არის აქ, ქართულად რომ ლაპარაკობს-მეთქი? თურმე ტურისტები იყვნენ საქართველოდან. მათ საღამოს რესტორანში დამპატიჟეს და დაუვიწყარი დრო გავატარეთ...

2003 წლამდე საქართველოში ვერ ჩამო­ვედი. ქეთო მამიდამ საქართველოდან მომწერა, რას ელოდები, როდის ჩამოხვალ და მნახავ, რომ გარდავიცვლებიო?! ამ სიტყვებმა იმდენად იმოქმედა, ყველანაირად ვეცადე, რაც შეიძლებოდა მალე ჩამოვსულიყავი საქართველოში. რომ ჩამოვედი, თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ჩემს სახლში ვიყავი. ჟორდანიებიდან არავინ ახლობელი არ იყო საქართველოში დარჩენილი. ფაღავებს ვეწვიე. ძალიან ბედნიერი ვიყავი, ირგვლივ რომ სულ ქართული ლაპარაკი მესმოდა. სადაც არ მივდიოდით, ჩემი ბიძაშვილი ყველას ეუბნებოდა, ნოე ჟორდანიას შვილიშვილიაო და ყველა დიდ სიხარულს, სითბოს გამოხატავდა. ძალიან მესიამოვნა, ბათუმში რომ ჩავედი და იქ ნოე ჟორდანიას სახელობის ქუჩა ვნახე... შემდეგ პარიზში შევქმენით ნოე ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტი, რომლის ვიცე-პრეზიდენტი ვარ...

წლების წინ გადავწყვიტეთ, კონგრესი პარიზში ჩაგვეტარებინა. საელჩოს მივმართეთ, რომ დაგვხმარებოდნენ, საქართველოდან ისტორიკოსები მოგვეწვია. იმ დროს ელჩი ეკა სირაძე-დელონე იყო და მან შემოგვთავაზა, კონფერენცია თბილისში ჩაგვეტარებინა. საქართველოს დიასპორის სამინისტროს დახმარებით მოეწყო კონფერენცია თბილისის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ძალიან გვინდოდა ჭიათურაში (საიდანაც აჯანყება დაიწყო და სადაც მამაჩემის ოჯახი ცხოვრობდა) მემორიალი დაგვედგა, სადაც მსხვერპლთა სახელები და გვარები დაიწერებოდა... როდესაც ჩავედით, ვნახეთ, რომ მემორიალი იყო, მაგრამ სახელები და გვარები არ ეწერა. ჭიათურის მერი დაგვპირდა, რომ დააწერდნენ...

- თქვენი და ეთერ ფაღავა უფრო ადრე ეწვია საქართველოს...

- ეთერი ჯერ კიდევ საბჭოთა წლებში ეწვია საქართველოს. იგი პრიმაბალერინაა და თბილისში ვახტანგ ჭაბუკიანთან ერთად იცეკვა, თუმცა მას კა-გე-ბე ავიწროებდა. მახსოვს, ეთერი თბილისიდან პარიზში, სახლში რეკავდა; დედა და მამა ხან ფრანგულად ესაუბრებოდნენ, ხან - ქართულად... უცებ ტელეფონში უცხო ადამიანის ხმა გაისმა, გადაწყვიტეთ, ან ქართულად ისაუბრეთ, ან ფრანგულადო!

- ბევრი თვლის, რომ არასწორი იყო ეროვნული მთავრობის ქვეყნიდან გაქცევა...

- ეროვნული მთავრობა საზღვარგარეთ იმიტომ წავიდა, რომ ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდნენ. ერთი მხრივ - წითელი არმია, მეორე მხრივ - ოსმალების ჯარი. გამოსავალი არ არსებობდა! ან შერიგება რუსეთის ოკუპაციასთან, ან გასვლა საზღვარგარეთ ნაციონალური დროშით და ბრძოლის გაგრძელება... 1991 წელს, საქართველო მეორედ რომ გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა, ძალიან დაეხმარა ის ფაქტი, რომ ქვეყნებმა ცნეს, რადგან საქართველო დამოუკიდებელი იყო პირველი რესპუბლიკის დროს. მათ კაპიტულაციაზე ხელი არ მოაწერეს.

- ნოე ჟორდანიას მიმართ კრიტიკას როგორ უყურებთ?

- პარიზში რომ ჩამოვიდნენ, ეროვნულ-დემოკრატები და სოციალ-დემოკრატები ერთმანეთს არ ემტერებოდნენ. მხოლოდ ის ახსოვდათ, საქართველოს როგორ დახმარებოდნენ, მაგრამ შემდეგ ურთიერთობა დალპა... როდესაც პატარა ვიყავი, დედამ ერთი ამბავი მიამბო: იგი თურმე ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდე კრებას ესწრებოდა, სადაც ერთმა ქართველმა არაზრდილობიანად დაიძახა რაღაც ნოე ჟორდანიას მისამართით. მგონი, შვილებიდან დედაჩემს ყველაზე მეტად უყვარდა მამამისი, ამიტომაც ადგა და ამ კაცს თავში ქოლგა ჩაარტყა. დედას იმ კაცისთვის უთქვამს, მოწინააღმდეგე შეგიძლია იყო, მაგრამ ზრდილობიანიო. მე გამიკვირდა, დედამ ეს რომ მიამბო, რადგან ვიცნობდი იმ კაცს და მერე მეგობრობდნენ... ბაბუაჩემიც მოგონებებში წერდა, ვინც ჩემი მოწინააღმდეგეა, არ ნიშნავს, რომ ჩემი მტერია, უბრალოდ, განსხვავებულად ფიქრობსო.

- რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა რეჯებ ჟორდანია... ალბათ, უყვარდა და ენატრებოდა საქართველო...

- რეჯები 50 წელზე მეტ ხანს ამერიკაში ცხოვრობდა... როდესაც მან და მისმა მეუღლემ ჯვარი დაიწერეს, მის მერე ამერიკაში წავიდნენ საცხოვრებლად...

რეჯებ ჟორდანიას უმცროსი შვილი ნიკოლ ჟორდანია დაინტერესებული იყო საქართველოს ისტორიით და გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსულიყო ენის უკეთ შესასწავლად... რეჯებიც ჩამოვიდა საქართველოში, მეგობრებიც ჩამოიყვანა, გარკვეული პროექტებიც განახორციელა, ახალგაზრდებს რომ ინგლისური ენა უკეთ ესწავლათ...

თურმე რეჯები და ნათელა რომ დაიბადნენ (ნათელა - საქართველოში და რეჯები - საფრანგეთში), ბებიას გადაუწყვეტია, ნათელა პიანისტი გამოვა და რეჯები - მათემატიკოსიო, არადა, პირიქით მოხდა... ნათელამ უმაღლეს სკოლაში მშვენივრად ჩააბარა მათემატიკა, რეჯებს კი მხოლოდ მუსიკა აინტერესებდა, თუმცა მანაც ის ფაკულტეტი - პოლიტიკური მეცნიერება დაამთავრა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა...

არც დეიდას, ნათელას, და არც ბიძას - რეჯებს საქართველო არ ენატრებოდათ, რადგან საქართველოში არ ცხოვრობდნენ. დედა საქართველოში დაიბადა 1905 წელს და საქართველო კარგად ახსოვდა. დედა სულ ქართულ ზღაპრებს მიკითხავდა, ქართულად მელაპარაკებოდა, მიამბობდა, ჩვენ ბავშვობაში ამას და ამას ვაკეთებდით, ასე ვიზრდებოდითო... რეჯები და ნათელა ემიგრაციაში გაიზარდნენ და მე მგონია, რომ საქართველო მათთვის წარმოდგენილი იყო იმ ქართველებით, რომლებიც საფრანგეთში ცხოვრობდნენ...

- ნოე ჟორდანიას შთამომავლებს ქართული ასწავლეთ?

- მე შვილები არ მყავს... ჩემს დას ჰყავს ერთი შვილი - ტარიელი. მან პირველად ქართული "დედა ენა" ისწავლა და მამამისი ამბობდა, ფრანგულად როდის ილაპარაკებსო (მამა ფრანგი იყო, არაჩვეულებრივი პიროვნება). ტარიელი გიჟდება, ქართველები ისე უყვარს. ქართული კერძების მომზადება იცის და, მოკლედ, ქართველობს!

საქართველოში ჩემი დის ბალეტის ჯგუფი იყო, სადაც ტარიელი იყო რეჟისორი. ზუსტად არ მახსოვს, რომელი წლები იყო, მაგრამ საქართველო უკვე დამოუკიდებელი ქვეყანა იყო. ვინც არ მოდიოდა წარმოდგენაზე, ყველა ტარიელთან მირბოდა და გულთბილად ეგებებოდა... ტარიელს ორი გოგო ჰყავს. მათ უნდოდათ ქართულის სწავლა, მაგრამ... იციან მხოლოდ "გამარჯობა", "მადლობა"... რეჯების შვილმა ნიკოლმა ქართული ისწავლა, რადგან რამდენიმე წელი საქართველოში იყო. შემდეგ ალექსანდრე კვიტაიშვილზე ჯვარი დაიწერა. სამწუხაროდ, ახლა დაშორებული არიან... მათი შვილი ნიკოლოზი ქართულად ლაპარაკობს. ოთხი წელია, ნიკოლი და ნიკოლოზი ნიუ-იორკში ცხოვრობენ. ნიკოლოზი ყოველ წელს ბებიასთან მიდის და თანატოლები, მეგობრები ქართველები ჰყავს.

- არ გსურთ საქართველოს ისევ ეწვიოთ?

- "კოვიდამდე" საქართველოში ყოველ წელს ჩამოვდიოდი. ორჯერ პანდემიამ შემიშალა ხელი ჩამოვსულიყავი და ეს ძალიან მტკივნეულია...

- რა არის საიდუმლო, ასე კარგად რომ გამოიყურებით?

- ალბათ, სულ საქმეში რომ ვარ, ეს უფრო ინახავს ადამიანს... გენეტიკაზე ვერაფერს ვიტყოდი. Mმოგეხსენებათ, ნოე ჟორდანიას შვილი ანდრეიკა 12 წლის ასაკში მენინგიტით გარდაიცვალა. როდესაც ჩემი უფროსი და ეთერი დაიბადა, დედა დაბრმავდა. ექიმებმა ვერაფერი გაიგეს, რა იყო მიზეზი. რუსი ექიმი თვალში ნემსებს უკეთებდა, შედეგად ერთი თვალი დაკარგა და მეორე გადაურჩა. ექიმებისგან გაფრთხილებული იყო, რომ ბავშვის გაჩენა აღარაფრით შეიძლებოდა, მაგრამ 12 წლის მერე გამაჩინა... დედას ვკითხე, როგორ გაბედე-მეთქი და მითხრა, იმდენი დრო იყო გასული, კარგად ვიყავი და ძალიან მინდოდა, დიდი ოჯახი მქონოდაო... დედა ჩემი დაბადების შემდეგაც დაბრმავდა და თვალის სინათლე რომ დაუბრუნდა, კარგად მაინც ვერ ხედავდა, ამიტომ როცა გენეტიკაზე ვსაუბრობ, ვამბობ, რომ ნათელა და რეჯები ძლიერები, ჯანმრთელები იყვნენ. დედა ჯანმრთელი, ძალიან ენერგიული იყო, მაგრამ მხედველობის პრობლემა ჰქონდა... დედა ძალიან ყოჩაღი იყო და ახლაც მიკვირს, იმდენი საქმის მოგვარებას როგორ ახერხებდა. ბევრსაც კითხულობდა, უშველებელი გამადიდებელი შუშა ეჭირა სულ. 79 წლის ასაკში კანის კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა. საავადმყოფოდან გამოგვიბრუნეს და გვითხრეს, რომ აღარაფერი ეშველებოდა, მხოლოდ სიწყნარე სჭირდებოდა... კანის კიბოს დიაგნოზს მის თვალებთან კავშირი არ ჰქონდა, მაგრამ მახსოვს, მითხრა, ქრისტინე, ფერებს ვეღარ ვარჩევო. მაშინ ვიგრძენი, მისთვის როგორი ტანჯვა იყო ყოველი დღე. რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა..

მახსოვს, ამბობდა, საქართველოში ძალიან მორცხვი ვიყავი და საფრანგეთში შევიცვალე, თამამი გავხდიო... ჟორდანიები გაბედული ხალხია და ამ მხრივ დედაც გამორჩეული იყო.