"უცნობმა ქალბატონმა მომწერა, სად გძინავს, სამშობლო რომ აღარ გვაქვს, ვეღარ გაიგეო?! სახტად დავრჩი!"
არიან ადამიანები, რომლებიც ანათებენ, ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით. მათგან სიკეთის მუდმივი ენერგია ასხივებს, რომელიც სამყაროს ჰაერივით სჭირდება. ასეთები, საბედნიეროდ, ყველგან არიან. მე მერი დიასამიძე სტამბოლში აღმოვაჩინე. ის იმ ათასობით ქართველი ქალივით წავიდა, რომელთაც წასვლა არ სურდათ, მაგრამ მდგომარეობამ აიძულათ. სხვა ქალების მსგავსად, არც ისე იოლი სამუშაო და არც ისე დიდი ხელფასი აქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სხვის დახმარებას ახერხებს და არამხოლოდ მატერიალურად - ყოველ კვირა დღეს 20 კილომეტრს გადის სტამბოლიდან ბეიქოზის პროვინციაში, რომ თურქ ქართველობას ქართული ანბანი და დედაენა უსასყიდლოდ შეასწავლოს. საღამოობით ძალიან დაღლილი ამ ყველაფერს ისე აღწერს, რომ სიცოცხლე სხვა თვალით დაგანახოს. აი, რამდენიმე სტრიქონიც: "მადლობა შენ, ღმერთო, რომ მე, მერი დიასამიძე, ერთი ჩვეულებრივი ქედელი ქალი, მოვედი თურქეთში და ჩვენებურებს ქართულ ანბანს ვასწავლი. ნუთუ შეიძლება ამაზე დიდი ბედნიერება იყოს რამე?!"
- ვერ დავიჯერებ, რომ მოიძებნება ქართველი ქალი, რომელსაც ოჯახიდან და სამშობლოდან შორს ყოფნა არ ამძიმებს... პროფესიით ფილოლოგი ვარ, კოლეჯში ვასწავლიდი და პროფესიულ ზრდასაც მუდამ ვცდილობდი. როგორც კი სასამართლო რეფორმა ჩატარდა, მე ვიყავი პირველი ქალი, რომელმაც კონკურსი გაიარა და ბათუმის სასამართლოში მანდატურის თანამდებობაზე დაინიშნა, მაგრამ სამუშაოს დაწყებიდან ექვს წელიწადში ავად გავხდი და მკურნალობა დამჭირდა, რამაც სამსახურში ხელი ისე შემიშალა, რომ მასზე ჩემი ნებით ვთქვი უარი, თუმცა საერთოდ მუშაობაზე უარს ვერაფრით ვიტყოდი. ჩემი მეუღლე და უკვე სრულწლოვანი ვაჟები კი მუშაობდნენ, მაგრამ ეს საარსებოდაც არ იყო საკმარისი. მოკლედ, ისეთი სამსახურის ძებნა დავიწყე, რომ მკურნალობის საშუალებაც მქონოდა და რადგან ასეთი ვერ ვიშოვე, თურქეთში წასვლა გადავწყვიტე. ეს იყო ცხრა წლის წინ, მაგრამ მეუღლემ კატეგორიული უარი განმიცხადა - მარცხვენ, კაცმა სხვა ქვეყანაში ცოლი როგორ უნდა გაუშვას სამუშაოდო. მეც ვიწრიალე და როგორც კი მეუღლე სალაპარაკოდ მოვიხელთე, ვუთხარი, კარგად იცი, როგორი ერთგული ვარ, მე თუ რაიმე სამარცხვინოს გავაკეთებ, ესე იგი, შენზე წინ სამშობლოსა და ოჯახს შევარცხვენ, რასაც სიკვდილი მიჯობს; გარდა ამისა, თუ ახლა გამოსავალს ვერ მოვძებნით, მაშინ ჩვენს შვილებს დასჭირდებათ უცხოეთში გადახვეწა-მეთქი. როგორც ჩანს, ეს ისე გულწრფელად ვთქვი, ქმარმა დამიჯერა და ასე აღმოვჩნდი სტამბოლში, ასაკოვანი ქალბატონის მომვლელად. საბედნიეროდ, კარგ ოჯახში, სადაც ჩემი ღირსებები დაინახეს. სამუშაო ოთხი წლის დაწყებული მქონდა, როდესაც ქუჩაში ქართულად მოსაუბრე ადამიანს წავაწყდი და გახარებულმა ვკითხე, ნუთუ ქართველი ხართ-მეთქი. ამ დროს არც კი ვიცოდი, რომ თურქეთში ამდენი ქართველი ცხოვრობდა. შემომხედა და მითხრა, ქართველი ვარ, ოღონდაც ძველი ქართველიო. ეს "ძველი" გულზე ისე მესალბუნა, ჩავეძიე. მოკლედ, ამ ადამიანთან საუბრით თურქეთში ქართული ასოციაციების არსებობა აღმოვაჩინე. მერე ერთ-ერთი ასეთი ასოციაციის დამაარსებელი, გულმხურვალე ქართველი ბეიქოზის პროვინციიდან, ალი ქემალ…ქილიჩი, იგივე ალი ტარიელაძე გავიცანი. მან ბეიქოზის ქართველთა ასოციაციის შეკრებაზე დამპატიჟა. შეხვედრას ცრემლის გარეშე არ ჩაუვლია. შეუძლებელია, ამდენ სისხლსა და ხორცს ხედავდე და ცრემლი არ მოგადგეს. ბეიქოზის პროვინციაში დღეს დაახლოებით 8000 ქართველი ცხოვრობს იმ ტრაგიკული ისტორიით, რასაც ქართული მუჰაჯირობა ჰქვია.
- ესენი, ალბათ, იმ მუსლიმი ქართველების შთამომავალნი არიან, რომლებმაც 1878 წლის რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ, აჭარის სამშობლოსთან დაბრუნების დროს დატოვეს საქართველო. უფრო სწორად, მოტყუებით დაატოვებინეს, რასაც შემდგომში ძალიან ნანობდნენ.
- ახლაც ძალიან ნანობენ. მათ ისტორიას სულ უნდა ვიმეორებდეთ, რომ მაგალითად იქცეს. ამ ხალხს რუსეთის ხელისუფლება შეგნებულად ატყუებდა, რადგან რუსებს მათი მოშორება სურდათ, თურქებს კი - უკან დაბრუნება. ისინიც აჭარიდან აიყარნენ და თურქეთის მტანჯველ გზას დაადგნენ მშივრები და უსახლკაროები. გზადაგზა სამშობლოს მსგავს ადგილებს ეძებდნენ და იქ სახლდებოდნენ. ვინც ზღვისპირეთში ცხოვრობდა, კვლავ ზღვის პირას სახლდებოდა, ვინც მთებში ცხოვრობდა, კვლავ მთებში ცდილობდა ქოხების დადგმას. დღევანდელი ბეიქოზის პროვინციის მცხოვრებლები ჩემსავით მაღალმთიანი აჭარიდან იყვნენ, ამიტომ გირსუნის მთებში დასახლდნენ, მოგვიანებით კი ბეიქოზის პროვინციაში ჩამოსახლდნენ, სადაც, არც მეტი არც ნაკლები, მთელი ქალაქი, 15 000 კორპუსი ქართველებისთვის ისევ ქართველმა ააშენა - ართვინელმა ისმეთ აჯარმა (ვაჭარიძემ) და "აჯარქენთი" დაარქვა. ჩემთვის მასთან ურთიერთობა ბედნიერება იყო - "დედა ენის" რამდენიმე გაკვეთილი ჩავუტარე და გამაოგნა თავისი უბრალოებით. თავად სიღატაკეში გაზრდილმა უამრავ ღარიბ ქართველს აჩუქა ბინა ბეიქოზში. "დედაენის" მასწავლებელი მოულოდნელად გავხდი: ბეიქოზში, ქართულ ასოციაციაში ჩასვლისას, ოფისში ქართულ გამოცემას წავაწყდი, რომელშიც ჩემი და ჩემი ოჯახის ფოტოც იყო, როგორც ქართულ სასამართლოში პირველი მანდატური ქალისა. წიგნი გახარებულმა ვაჩვენე ალი ბეის, ეს მე ვარ-მეთქი. რა კარგია, რომ უმაღლესი განათლება გაქვთ, ბეიქოზში "დედაენის" შემსწავლელი კურსები გვჭირდება და თუ დამთანხმდებით, გასამრჯელოსაც აიღებთო. ეს ნათქვამი ხუმრობად მივიღე, მაგრამ გულწრფელად კი ვუთხარი, რას ამბობთ, ჩემს სისხლსა და ხორცს ქართული ანბანი რომ შევასწავლო, ამაში ფულს როგორ ავიღებ, უფასოდ ვასწავლი-მეთქი. აი, ასე გავხდი ჩვენებურების ქართულის მასწავლებელი, რასაც ჩემი სიცოცხლისთვის შეუფასებელ ჯილდოდ და პატივად ვთვლი.M
- გამაოცა სოცქსელში გავრცელებულმა თქვენმა გაკვეთილებმა, ასე სითბოთი და მარტივად იშვიათად თუ გამოსდის ვინმეს მასწავლებლობა. წერენ, დასწრების მსურველი ბევრია, მაგრამ ეს შეუძლებელიაო.
- როდესაც ამ ვიდეოებს იღებენ, ვუშლი, პედაგოგიკის წესებით არ გასწავლით, სპეციალისტები დამინახავენ და შევრცხვები-მეთქი. ჩვენებურებისთვის შეუძლებელია ქართული ანბანის სტანდარტულად სწავლება. წიგნებს, რა თქმა უნდა, ვიყენებ - ვაჟას, ილიას ლექსებს ვკითხულობთ, "ვეფხისტყაოსანს", თანამედროვე პოეტების ნაწარმოებებსაც, მაგრამ ისე, რომ გაიგონ და გულზე მოხვდეთ.G გაუგებარ სიტყვებს ჩემებურად ვუხსნი, ხან - ჟესტიკულაციით, ხან - ცრემლებით, ხან - ვედრებით. ამ ამბებს სრულად აღვწერდი, მაგრამ ენით აღუწერელია ის სიხარული, რასაც ჩვენებური ქართველობა თავისი ანბანის შესწავლისას გამოხატავს. პირველ "აი ია"-ს რომ მოხაზავენ, სიხარულის ცრემლი მათაც სდით და მეც. ია თურქულ ენაზე მენიკშეა. როდესაც აცნობიერებენ, ქართული ანბანი მენიკშეთი იწყებაო, თვალები სიხარულით უბრწყინავს ყველას - 18 წლისასაც და 80-ისასაც. იაკობ გოგებაშვილზეც ვუყვები და სხვებზეც, იმაზეც, რომ ქართველები 4000 წლის ვართ, რომ მსოფლიოში მხოლოდ 14 ანბანია და მათ შორის ქართულიცაა. ამის გაგების შემდეგ გაკვეთილზე თურქი სტუმრები მოჰყავთ, რომ ქართული ანბანი აჩვენონ.
- გაკვეთილზე თურქები რას აკეთებენ?
- ზოგიერთი ჩაეწერა და სწავლობს, როდესაც საქართველოს სანახავად წავალთ, ქართულად ვილაპარაკებთო. ოფისში რომ აღარ დავეტიეთ, ბეიქოზის მერიამ გამოგვიყო ოთახი. მერის თანაშემწეც ქართველი და ჩემი მოსწავლეა. მსურველი კიდევ ბევრია, მაგრამ დამატებას ვეღარ ვახერხებთ. ჩემი მასპინძელი ალი ბეი ხუმრობს, ბეიქოზში მასწავლებელს რომ ახსენებენ, მერი იგულისხმებაო. სხვათა შორის, ბეიქოზის მერია ავტობუსსაც დაგვპირდა, რომ ჩემი მოსწავლეები საქართველოში წამოვიყვანო და მამა-პაპის საცხოვრისი ვაჩვენო. ყველაფერს ვაკეთებ, ოღონდ საქართველო მათ გულებში უფრო მეტი და უფრო სულის შემძვრელი იყოს. რამე რომ არ შემშლოდა, მუჰაჯირობის ისტორიის შესახებ ჩვენს ისტორიკოსებს დაწვრილებით დავეკითხე და ისე ვუყვები. გაოგნებული რჩებიან, როცა სიმართლეს იგებენ. ბევრმა საკუთარი ისტორია სულ სხვანაირად იცის. თავად ქრისტიანი ვარ და წამითაც არ მიგრძნია, რელიგიის სხვადასხვაობის გამო ჩემთვის სიყვარული დაეკლოთ. სტამბოლში თურქის ოჯახმა, რომელშიც ვმუშაობ, რამდენიმე ასეული დოლარი შესწირა ქედაში იმ ეკლესიის მშენებლობას, რომელსაც დიასამიძეები ვაშენებთ. ამ ფულით ეკლესიის ეზოში წყალი შემოვიყვანეთ.
ქართული ადათ-წესებიდან თურქეთის ქართველობას ბევრი რამ ჩვენზე უკეთესად აქვს შემონახული, მაგალითად, ქართული სტუმარმასპინძლობა. არაერთხელ მიმიპატიჟეს ოჯახში და ვნახე ქართული სუფრა და ქართული სითბო. წარმოიდგინეთ, მისალმებისას მამაკაცებს მხარზე თავის მიდებაც ისევ ისე აქვს შემორჩენილი, როგორც ძველ საქართველოში იყო. მე რომ ბებია მეტყოდა, ჰაზირიაო, ბეიქოზშიც ზუსტად ასე ამბობენ ქართველი ქალები რაიმე გამზადებულის (გახაზირებულის) აღსანიშნავად. მე რომ ბაბუა ბრძენი მოლა ნასრედინის ამბებს მიყვებოდა, თურმე ბეიქოზელ ბავშვებსაც ასე უყვებოდნენ ბაბუები. ის ქალაქიც ვნახე თურქეთში, სადაც მოლა ნასრედინი დაიბადა, მის ძეგლთანაც გადავიღე ფოტო. გული არ მითმენს, ჩემი თურქეთში ყოფნის ყველაზე სულის შემძვრელი ამბავი არ ვახსენო: აქ, მუჰაჯირთა სოფელ ბოღაზში, დღესაც აღნიშნავენ მარიამობას 28 აგვისტოს ისეთივე სიხარულით, როგორითაც ჩვენ საქართველოში, ოღონდ აღსანიშნავად მთაში მიდიან.
- საოცარია... გავოგნდი, როდესაც სოცქსელში თურქი ქართველების წაკითხული "ვეფხისტყაოსანი" მოვისმინე...
- ისე კითხულობენ, როგორც ლოცვას. მართალია, სიტყვებს აუხსნელად ვერ იგებენ, მაგრამ ლოცვასავით კითხულობენ, როგორც "ყურანს". ერთ კარგ ამბავსაც გეტყვით: დღეს თურქეთში არსებობს "ვეფხისტყაოსანის" საზოგადოება, სადაც შეუვსებელ "ვეფხისტყაოსანს" ჩვენებურები ავსებენ. ქუთაისელმა ექიმმა მერაბ კვიცარიძემ რუსთაველის 400-კილოგრამიანი ქანდაკება გამოგზავნა თურქეთში. საერთოდ, თურქეთში ათა თურქის ქანდაკებების გარდა სხვა ქანდაკების დადგმა აკრძალულია, მაგრამ ამ ქანდაკებას თურქი ქართველი ქველმოქმედი ისმეთ აჯარი დადგამს თავისივე აშენებულ ქალაქში. უცხოეთშიც და საქართველოშიც სამშობლოსთვის თავგადადებული უამრავი ქართველია, ბევრს აწუხებს საქართველოს ბედი... მეც ძალიან მაწუხებს ბევრი რაღაც, მაგრამ მხოლოდ ერთს ვიტყვი, რადგან ეს უნდა მოგვარდეს: გულით ვთხოვ სიმსივნით დაავადებულ პაციენტებსა და მათ ოჯახებს, თურქეთის კერძო კლინიკებში ჩამოსვლისგან თავი შეიკავონ. მე მათთან კავშირი მაქვს და ვხედავ, რომ აქ მკურნალობის სიძვირე საქართველოში მათ უსახლკაროდ ტოვებს, არადა თურქეთში იმაზე მეტს ვერაფერს უკეთებენ, რასაც საქართველოში. ამის შემხედვარეს გული მიკვდება...
- ვიცი, რომ როგორც შეგიძლიათ, მათაც ეხმარებით და სხვა ქართველებსაც. ამას როგორ ახერხებთ თქვენი ხელფასით?
- ჩემი შვილებიც მაგას მეკითხებიან... ამაზე ერთი პასუხი მაქვს - თავადაც ახსოვთ, ველოსიპედიც კი როგორ ენატრებოდათ და მაშინ რომ ვინმეს ჩემი შვილებისთვის ველოსიპედი ეყიდა, უბედნიერესები იქნებოდნენ. მაშინ მეც ჩემი შვილებივით მტკიოდა გული, ახლა კი ვცდილობ, სხვა ბავშვებს მივანიჭო სიხარული იმ მცირედით, რითაც შემიძლია. ეს ჩემთვის ჩემი სამშობლოს დახმარებაა. ამას წინათ სტამბოლში ერთმა ამბავმა ისე გამახარა, რომ ეს ამბავი სოცქსელში ავტვირთე და დავწერე, მოგესალმები სამშობლო-მეთქი. უცნობმა ქალბატონმა მომწერა, სად გძინავს, სამშობლო რომ აღარ გვაქვს, ვეღარ გაიგეო?! სახტად დავრჩი! ისე როგორ უნდა გაბრაზდე სამშობლოზე, რომ ეს თქვა. ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ სამშობლოდან ერთი ბოძიც რომ დარჩეს, რომელზეც აბრა იქნება გამოკიდებული წარწერით, ის სამშობლოც კი მეყვარება, თუმცა ასე არასდროს მოხდება. ღმერთმა გვამრავლოს და შინ და გარეთ ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეები გვაკეთებინოს.