რა ბედი ეწევა ცხინვალში დაკავებულ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს - კვირის პალიტრა

რა ბედი ეწევა ცხინვალში დაკავებულ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს

ვვარაუდობთ, რომ ნაცემია და არაადამიანურად ეპყრობიან. შესაბამისად, მასთან საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებსაც არ უშვებენ. სხვა რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს იმას, რომ ადამიანი ერთი თვეა დაკავებულია და არავინ არაფერი ვიცით მასზე...

12 დეკემბერს დაკავებული ყოფილი ქართველი სამხედროს მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ოსური მხარე არა და არ ავრცელებს. მისი მეგობრები პერიოდულად მართავენ საპროტესტო აქციას ცხინვალის იზოლატორში მყოფი მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლების მოთხოვნით. ცდილობენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებასაც, თუმცა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არავინ გამოხმაურებია. დაკავებულის და ირმა ჩხიკვაძე ამბობს, რომ ერთადერთი რამ სურს - მისი ძმა ჯანმრთელი იყოს და რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლონ.

მამუკა ჩხიკვაძის დაკავების ამბავი 10 დეკემბერს გახდა ცნობილი, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოკლე ცნობა გაავრცელა. ოსური მხარე ყოფილ სამხედროს ე.წ. საზღვრის კვეთის პარალელურად, კონტრაბანდასა და ნარკოტიკული ნივთიერების გადატანასაც ედავებოდა.

ყოფილი ჯარისკაცი რუსმა სამხედრო­ებმა სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს, მანამდე ის ჯერ შინდისის გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა, მოგვიანებით, ნიქოზის სასაფლაოსთან ნახეს და ამის შემდეგ მისი კვალი ქრება.

14 დეკემბერს მისმა მეგობრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძეს ცხინვალის იზოლატორში სცემენ და არაადამიანურად ეპყრობიან. დაკავებულის მონახულების შესაძლებლობა "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტსაც არ ეძლევა, რაც დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ადგილსამყოფლის შესახებ ეჭვებს ამწვავებს. ჩხიკვაძის თანამებრძოლების ვარაუდით, შესაძლოა ნაცემი ყოფილი სამხედრო სამკურნალოდ ვლადიკავკაზის საავადმყოფოში გადაიყვანეს, კერძოდ, მას შემდეგ, რაც სტრასბურგმა რუსეთს ინფორმაციის მიწოდება 4 იანვრისთვის დაავალა, რუსეთმა კი ამ ვადის 20 დღით გახანგრძლივება ითხოვა.

გიორგი ჟამურელი, დაკავებულის მეგობარი: - შეიარაღებულ ძალებში ერთად ვმსახურობდით. მამუკას რამდენიმე­ მისია აქვს მოვლილი. ოსურ მხარეს აკვიატებული­ აქვს, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდაო, მაგრამ იმდენი ხნის წამოსულია, \არ არის მათთვის ისეთი ღირებული მძევალი, როგორც წარმოაჩენენ. ოსური მხარე ყოველთვის სასტიკად ექცეოდა ქართველ სამხედროებს. ვიცი, რომ აჭრიდნენ თითს, რომლითაც იარაღს ისროდნენ. დაკავებისთანავე პირველ კითხვას უსვამენ, იბრძოდა თუ არა ომის დროს. როგორც ვიცი, მამუკა 2008 წლის სამხედრო მოქმედებებში არ მონაწილეობდა. შესაძლოა მაშინ საერთაშორისო მისიაში იყო.

ვვარაუდობთ, რომ ნაცემია და არაადამიანურად ეპყრობიან. შესაბამისად, მასთან საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებსაც არ უშვებენ. სხვა რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს იმას, რომ ადამიანი ერთი თვეა დაკავებულია და არავინ არაფერი ვიცით მასზე... დაუზუსტებელი ინფორმაციით, მამუკა ცხინვალის ციხეში არ არის, ის ე.წ. უშიშროების შენობიდან შს სამინისტროში გადაიყვანეს. გასულ კვირას კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ გორის ცენტრში უდანაშაულო ადამიანის შესახებ ინფორმაციის მიღების მოთხოვნით, მაგრამ მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენ და შენობის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოგვთხოვეს - გაგვაფრთხილეს, რომ შენობას 20 მეტრის რადიუსში არ უნდა მივუახლოვდეთ. ამის შემდეგ ჩემს მეგობრებთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეგიონულ ოფისთან გადავინაცვლეთ.

- მამუკას ოჯახთან კავშირი არა გაქვთ?

- დედა გასულ თვეს გარდაეცვალა, მძიმე დაავადება ჰქონდა, თურქეთში აპირებდა წაყვანას, მაგრამ ვერ მოასწრეს. და ჰყავს, მაგრამ მასთან ურთიერთობა არ გვქონია. მეგობრები დამოუკიდებლად ვცდილობთ მის დახმარებას. წინასწარ მივწერეთ გორის მერიას შეკრების თაობაზე და მოგვწერეს, ამ საკითხზე პდფ-ფორმატში მოგვწერეთო. ოსური მედია კი ავრცელებს ინფორმაციას, ჩხიკვაძისთვის არავის არაფერი დაუშავებიაო, მაგრამ მათი ნდობა არ შეიძლება... დაველოდებით, რას იზამს ხელისუფლება და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, რა სახის პროტესტს მივმართავთ.

ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს კიდევ ოთხი მოქალაქეა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ უკანონოდ დაკავებულთა გასათავისუფლებლად ყველაფერი კეთდება: "მიმდინარეობს მუდმივი კომუნიკაცია ცხელი ხაზით. ინფორმირებული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად არის ჩართული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს დროში გათავისუფლებისათვის მიმდინარე აქტივობებში".

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 24 დეკემბრის მონაცემებით, 2021 წელს აფხაზეთში 11 მოქალაქე დააკავეს, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში - 67.

ერგნეთში იანვრის მიწურულს გაიმართება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც საქართველოს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე იმსჯელებენ.