"მამამ იქაურობას გაგვარიდა და მოსკოვში წაგვიყვანა, თავად კი სოხუმის დაცემის შემდეგაც იქ დარჩა" - კვირის პალიტრა

"მამამ იქაურობას გაგვარიდა და მოსკოვში წაგვიყვანა, თავად კი სოხუმის დაცემის შემდეგაც იქ დარჩა"

გზა სოხუმიდან ვაშინგტონამდე დანაღმული ქვეყნების გავლით

თამარ კალანდია ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ფინანსური და აღმასრულებელი დირექტორია. მსოფლიოს არაერთი ცხელი­ წერტილი შემოიარა. მეგობრები ჰყავს ისრაელში, პალესტინაში, იემენში, სირიაში, ერაყში, რაც ეხმარება კონფლიქტის მეორე მხარეც დაინახოს. აფხაზეთიდან დევნილმა გოგონამ წარმატების გზა დანაღმული ქვეყნების გავლით გაიარა.

- 10 წლის ვიყავი, აფხაზეთიდან რომ წამოვედით, მაგრამ ის მძიმე დღეები, რაც აფხაზეთიდან დევნილებმა გამოიარეს, არ გამოგვივლია - მამამ იქაურობას გაგვარიდა და მოსკოვში წაგვიყვანა, თავად კი სოხუმის დაცემის შემდეგაც იქ დარჩა, მაგრამ რამდენიმე თვის მერე აფხაზმა ნათესავმა გამოიყვანა სამშვიდობოს. სოხუმში უამრავი ქართულ-აფხაზური ოჯახი იყო, თითქმის ყველას გვყავდა ნათესავი აფხაზი და ამიტომაც მათ ბევრი ქართველი გადაარჩინეს... ჩვენი სახლი სოხუმში რუსმა გენერალმა იყიდა, გაარემონტა და ძალიან კარგად ცხოვრობს.

soxumidan2-1641673349.jpg

დევნილობის შემდეგ ვითომ ცოტა ხნით ჩამოსულებს ცხოვრების რუსეთში გაგრძელება მოგვიხდა. 2000-იანი წლების დამდეგს მოსკოვში ერთმა ამერიკულმა ორგანიზაციამ გახსნა პროექტი, რომლის მიზანი ჰუმანიტარული მისია იყო. 17 წლიდან ვმუშაობდი, მამიდა მეტყოდა ხოლმე, არავის იმედზე არ უნდა იყო, საკუთარი­ თავის გარდაო. ეს შეგონება იმ წლებში უცნაურად მეჩვენებოდა, რადგან დამოუკიდებელ ქალებს მაშინ იშვიათად ნახავდით­. მე სიახლეები ყოველთვის მიზიდავდა. 19 წლისას უკვე ფინანსური საკითხების­ გადაწყვეტა მიწევდა. 2005 წლამდე ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და ჩრდილოეთ ოსეთში ლტოლვილებთან ვიმუშავე. ბესლანის ტრაგედიის შემდეგ ვლადიკავკაზში კარგა ხანს ვცხოვრობდი. სამივე რესპუბლიკაში უმძიმესი ვითარება იყო, ომები ახალი დასრულებული იყო და მოსახლეობას ძალიან უჭირდა, ფაქტობრივად, ნაღმების, ომის ნარჩენების პირისპირ. მე საოფისე სამუშაო მქონდა, განსხვავებით ჩემი კოლეგებისგან, რომლებიც ბავშვებთან, ფეხმძიმე ქალებსა და დაჭრილ პაციენტებთან მუშაობდნენ. მაგრამ რამდენჯერმე მეც მომიწია სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვამ. ერთხელ პოლიციის შენობას დაესხნენ თავს და ერთ ღამეში 120 თანამშრომელი დახოცეს, ჩვენი დაცვა კი გაიქცა და ასე დავრჩით, თუმცა როგორღაც გადავრჩით. მსგავსი რამ ხშირი იყო ინგუშეთშიც. ამერიკელებისა და მსგავსი სტაბილური ქვეყნებისთვის ეს რთულად აღსაქმელია, ხშირად გაოცებული მეკითხებოდნენ, რა გინდა იქო. თუმცა პატარა საქართველოს შვილებს რუსეთის დამსახურებით ხომ უამრავი რამ გვაქვს გამოვლილი. ახლაც გამუდმებული საფრთხის პირისპირ ვართ. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების პრობლემას საქართველოს მაინც ვერ შევადარებ, მაგრამ როდესაც ომის ზონაში მიდიხარ სამუშაოდ, ყველაფერი გათვლილი გაქვს.

- ცხელი წერტილების მოსახლეობაზე რას იტყვით? ალბათ, გქონდათ ურთიერთობა.

- დიახ, უამრავი მეგობარი მყავს ისრაელში, მაგრამ როდესაც ღაზის სექტორში გადავდიოდი, იქ ერთი ღამით ვრჩებოდი პალესტინელ მეგობრებთან. რასაც ახლა ვიტყვი, ძალიან არაპოპულარულია - მათ თავიანთი სიმართლე აქვთ. ამერიკაშიც და ყველგან, სადაც ხმა მიმიწვდება, ვამბობ, რომ პალესტინას სამართლიანად არ ექცევიან. ისინი თავისი მიწის დასაცავად იბრძვიან. მათი ველურებად და ტერორისტებად წარმოჩენა პროპაგანდის ნაწილია. ისინი წლების განმავლობაში საომარ ვითარებაში ცხოვრობენ, მაგრამ ბრძოლას მაინც განაგრძობენ... როდესაც იქ პირველად ჩავფრინდი, ფეხმძიმედ ვიყავი. საუდის არაბეთის რეისიც ჩამოფრინდა, თვითმფრინავიდან ჩადრიანი ქალები ჩამოვიდნენ და შემეშინდა, ეს სად ჩამოვედი-მეთქი, მაგრამ მალე მივხვდი, რომ მათზე არასწორი წარმოდგენა მქონდა - ცუდი და კარგი ყველა ერშია. სინამდვილეში ძალიან კარგი ხალხია, თბილი, მეგობრული, უბრალოდ, ვერ ეგუებიან, რომ ძლიერი ჩაგრავს. მსოფლიომ ნახევარი სიმართლე იცის. დიახ, იბრძვიან, მაგრამ ბევრს წარმოდგენაც არა აქვს, რატომ და რისთვის. ყოველთვე ჩავდიოდი ისრაელში და ჩემს სოხუმელ ებრაელ მეზობლებთან ვრჩებოდი. ყოველ ჩასვლაზე ვეუბნებოდი, მართლები თქვენც არა ხართ-მეთქი და ის მაინც შევძელი, რომ ზოგიერთისთვის ამ პრობლემის მეორე მხარე დამენახვებინა.

- მეუღლე ქართველია?..

- არა, ამერიკელი, ერთმანეთი ჩეჩნეთში­ გავიცანით. ის პროექტის დირექტორი იყო. ჩეჩნეთშივე გადავწყვიტეთ შეუღლება. დაბრუნების შემდეგ ერთი წელი კალიფორნიაში ვიცხოვრეთ, იქიდან კი ახლო აღმოსავლეთში წავედით, სადაც პროექტის რეგიონულ დირექტორად გადამიყვანეს. უკვე მეორე ბავშვზე ვიყავი ფეხმძიმედ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მუშაობაში. ერაყი, იორდანია, იემენი, ერაყი, პალესტინა - ეს იყო ქვეყნები, სადაც თვეში ერთხელ სამი კვირით ან ათი დღით მაინც გვიწევდა ჩასვლა. ყველაზე ხშირად ბეირუთსა და დამასკოში ვიყავით. 2008 წელს ღაზის სექტორში ოფისი გავხსენით, რაც ძალიან სახიფათო იყო, მიუხედავად იმისა, რომ შეჯავშნული მანქანით დავდიოდით. მუდმივი საფრთხის მიუხედავად, ჩემთვის საინტერესო ქვეყანაა პალესტინა. პალესტინელები ძალიან ძველი, ოჯახის მოყვარული ტრადიციული ხალხია, სტუმართმოყვარე და კეთილი. როდესაც გაიგეს, სოხუმელიაო, აფხაზეთში პოპულარული თევზით, ბარაბულით მიმასპინძლდებოდნენ. ძალიან უჭირთ, ბევრს სკამიც არ ჰქონდა, იატაკზე სხდებოდნენ, მაგრამ მაინც გვეპატიჟებოდნენ, თავს მათი ოჯახის წევრად ვგრძნობდი.

- ქართული სკოლის შექმნის იდეა როგორ მოვიდა?

- ერთხელ ჩემმა უფროსმა შვილმა რაღაც მკითხა, მაგრამ იქვე დასძინა, მამას ვკითხავ, ის უფრო კარგად ამიხსნის, ამერიკელები ქართველებზე ჭკვიანი ხალხიაო. გავშრი, მეწყინა - ის, რომ ჩემი ქვეყანა სუპერგანვითარებული არ არის, არ ნიშნავს, რომ ჩემი ხალხი ვინმეზე ნაკლებია-მეთქი. ძალიან ავღელდი და პირველი, რაც ხელში მომხვდა, "ვეფხისტყაოსანი" იყო და ჩემს შვილს გავუწოდე - ეს გენიალური პოემა მე-12 საუკუნეში რომ დაიწერა, იმ ქვეყნიდან ვარ-მეთქი. შვილებმა, რა თქმა უნდა, ბევრი რამ იციან საქართველოზე, ყოველ წელს ჩამოვდივართ, მაგრამ, როგორც ჩანს, საკმარისი არ იყო და ამიტომ სამ კვირაში ვაშინგტონში ქართული სკოლა გავხსენი. რამდენიმე ქართულ ოჯახს ვიცნობდი და ვუთხარი, ქართული სკოლის გახსნა მინდა და დამეხმარეთ-მეთქი. ძალიან გაუხარდათ. ვინაიდან განათლება ქართულად არ მქონდა მიღებული, ამიტომ სხვადასხვა საგანს ქართულად, თუნდაც საქართველოს ისტორიას, ხელოვნებას, ვერ ვასწავლიდი. პედაგოგები­ მჭირდებოდა. ჩამოვუარე მეგობრებს და ისინი­ მაძლევდნენ იმ ახლობლების ტელე­ფონის ნომრებს, რომლებსაც სკოლაში უმუშავიათ და ასე შევკრიბე კონტინგენტი. ძალიან რთულია ვაშინგტონში მცხოვრებისთვის დროის გამონახვა თუნდაც კვირაში რამდენიმე დღით სკოლაში მუშაობა. პირველ წელს 20-მდე ბავშვი შეგროვდა, თითქმის ყველა ჩემი მეგობრების შვილები იყვნენ. თანდათან სკოლა ქართველების თავშეყრის ადგილად იქცა. ოჯახებმა ერთმანეთი გაიცნეს, დაახლოვდნენ. როდესაც ვხედავ, როგორ უყვართ აქაურობა, მიხარია, რადგან იყო დრო, როდესაც ყველაფერი ქართული, მშობლიურ ენაზე საუბარი ძალიან მენატრებოდა. ახლა პანდემიის გამო ქვეყანა საგანგებო მდგომარეობაზეა გადასული და ჩვენი სკოლაც ონლაინრეჟიმით მუშაობს. ეს სკოლა შვილებისთვის გავხსენი. ჩემი შვილის სიტყვებმა მომცა სტიმული, რომ საქართველოზე, მის წარსულსა და კულტურაზე მის თაობას სწორი წარმოდგენა ჰქონოდა.

- ამდენ რამეს როგორ ასწრებთ?

- განსაკუთრებით პირველი წლები იყო რთული, როდესაც ბავშვები პატარები იყვნენ. თითქმის ჩვილები დამყავდა ერთი ქვეყნიდან მეორეში, იქ, სადაც ომი იყო. ხანდახან ვხუმრობ ხოლმე, ჩემი ქვეყნიდან ომს გამოვექეცი, მაგრამ ცხოვრება და კარიერა მაინც მას დავუკავშირე-მეთქი. ბავშვებს რომ დავაძინებდი, მერე ვსწავლობდი, ვმუშაობდი, პროექტებს ვწერდი. ყოველთვის მინდოდა ოჯახი და კარიერა დაბალანსებული მქონოდა და ვფიქრობ, შევძელი. არა მგონია, რაიმე განსაკუთრებულს ვაკეთებდე, ისე მოვიქეცი, როგორც ჩემს ადგილას, ალბათ, სხვებიც მოიქცეოდნენ. ცხოვრებამ შემიქმნა ასეთი პირობები და მათი გამოყენება მეტ-ნაკლებად შევძელი.