"ომიკრონის" შემთხვევაში ზედა სასუნთქი გზების დატვირთვა 70-ჯერ მეტია" - რას გვიყვება სპეციალისტი?
"ომიკრონის" გამოჩენამ ახალი ვარაუდები გააჩინა. ამ მუტაციასთან დაკავშირებულ სიახლეებზე თსსუ პროფესორი, იმუნიზაციის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე გვესაუბრება.
- წინასაახალწლო ინტერვიუს დროს "ომიკრონით" 60 ინფიცირებული გვყავდა, შობას - უკვე 600. როგორი პროგნოზია სამომავლოდ?
- 600 დადასტურებული შემთხვევა არ ასახავს შემთხვევათა რეალურ მაჩვენებელს. ეს არის ის შემთხვევები, რომელთაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დამატებითი ე.წ. ვირუსის სექვენირების შედეგად აფიქსირებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივაც შემთხვევების რაოდენობა სწრაფად იზრდება. პირველი ორი შემთხვევა 20 დეკემბერს დაფიქსირდა და ორ კვირაში დაავადებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, მაგრამ უფრო საყურადღებოა ინფიცირების საერთო მაჩვენებელი. საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მეხუთე ტალღა დასრულდა, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში და ახლა უკვე გვაქვს მეექვსე ტალღის დასაწყისი. დასრულებას რომ ვამბობ, მხედველობაში რამდენიმე მაჩვენებელი მაქვს, რომლებიც, ძირითადად, ეყრდნობა ციფრულ მონაცემებს. საქართველოში სამი დღის საშუალო მაჩვენებლის (სამ დღეს ვამბობთ, რადგან შაბათ-კვირას მაჩვენებელი დაბალია და სიზუსტისთვის სამი დღის მაჩვენებელს ვიყენებთ) მიხედვით, 2 იანვარს იყო 1660 შემთხვევა. ბოლო სამი თვის მანძილზე ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ამიტომ ამ რიცხვით შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მეხუთე ტალღა დასრულდა. თუ 2 იანვარს 1660 შემთხვევა იყო 3 დღის საშუალო მაჩვენებელი, 6 იანვარს ის უკვე 3530 გახდა. ეს ნიშნავს, რომ ოთხ დღეში შემთხვევების საშუალო რაოდენობა გაორმაგდა. ასეთივეა სწორედ ის მონაცემები, რომელთაც გვაძლევს დასავლეთ ევროპაში, სამხრეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ჩატარებული კვლევები. სავარაუდოდ, 10-11 იანვრისთვის დაფიქსირდება საშუალოდ ორჯერ მეტი დღიური შემთხვევა, ვიდრე ახლა გვაქვს. საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაში ინფიცირების მაღალ მაჩვენებელზე ვლაპარაკობთ რამდენიმე ქვეყნის მაგალითის მიხედვით. მაგალითად, დანიას 2020 წლის 18 დეკემბერს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 4050 შემთხვევა ჰქონდა, 2022 წლის 5 იანვარს კი უკვე აქვს 26 ათასი შემთხვევა. იქ შემთხვევების რაოდენობა 500%-ით გაიზარდა. დომინანტი "ომიკრონია". შემთხვევების მატება დაიწყო დეკემბრის დასაწყისში და ერთ თვეში პიკს მიაღწია, თან არ დაგვავიწყდეს, რომ დანიაში ვაქცინაციის მაჩვენებელი 70%-ია. საქართველოში პიკის დროს, აგვისტოში, გვქონდა 6208 შემთხვევა და შეიძლება ეს მაჩვენებელი 30 000-მდე გაიზარდოს. ინფიცირების გავრცელების საფრთხე აქ მეტია, ვიდრე დანიაში, რადგან ვაქცინაციის მაჩვენებელი ჩვენთან მხოლოდ 30%-ია. გვაქვს საფრანგეთის მაგალითიც. იქ პანდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო 83 000, ახლა 332 000-ია. თუ ჩვენთან ანალოგიური სცენარი განვითარდა, ინფიცირების დღიური მაჩვენებელი, ალბათ,12-15-20 ათასი იქნება.
- როდიდან გახდება "ომიკრონი" დომინანტი?
- ვვარაუდობთ ერთთვიან პერიოდს. სამხრეთ აფრიკაში შემთხვევათა მატება 25-26 ნოემბერს 2800 შემთხვევით დაიწყო და 12 დეკემბერს 37 ათასს მიაღწია, ანუ 15-ჯერ მოიმატა, თუმცა 1 იანვარს მხოლოდ 3 ათასამდე დაფიქსირდა. ამ მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, თუ საქართველოში იანვრის ბოლოს პიკი გვექნება, თებერვლის ბოლოდან ისევ უნდა დავუბრუნდეთ მეექვსე ტალღის საწყის მაჩვენებელს.
- "ომიკრონით" ინფიცირების დროს ავადმყოფობის ხანგრძლივობა რამდენი დღეა?
- უმთავრესად - 3-4 დღე. ამ მუტაციის კიდევ ერთი თავისებურება ხანმოკლე ინკუბაციური პერიოდია. თუ დელტასა და ჩინური ვარიანტის დროს ორკვირიანი იზოლაცია იყო აუცილებელი, ახლა 1-4 დღეში ვლინდება სიმპტომები.
- სიკვდილიანობის მაჩვენებელი როგორია?
- ეს არის მთავარი კეთილსაიმედო მაჩვენებელი, ვინაიდან არცერთი ქვეყანა არ მიუთითებს სიკვდილიანობის ზრდაზე. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 30-40%-ით ნაკლებია, ვიდრე დელტას შემთხვევაში.
- ითქვა, რომ ზედა სასუნთქ გზებს ვნებს.
- როდესაც დელტა ვარიანტს შეადარეს, აღმოჩნდა, რომ "ომიკრონის" შემთხვევაში ზედა სასუნთქი გზების დატვირთვა 70-ჯერ მეტია, ფილტვების დატვირთვა კი - 10-ჯერ ნაკლები. ეს ნიშნავს, რომ "ომიკრონი" უფრო მეტად ზედა სასუნთქ გზებს აზიანებს. ეს არის შესაძლო ახსნა, თუ რატომ არის მძიმედ მიმდინარეობის ნაკლები შემთხვევა "ომიკრონით" დაავადებისას. "ომიკრონი" უფრო მეტად იწვევს ყელის ტკივილს, ცხვირის გაჭედილობას, ცემინებას და უფრო ნაკლებად - ქოშინს, ჰაერის უკმარისობას და სხვა ნიშნებს, რომლებიც ფილტვების ანთებას ახასიათებს.
- საფრანგეთი ვახსენეთ. ითქვა, რომ იქ ახალი შტამი გამოჩნდა. რა ვიცით მასზე?
- ეს არის IHU, რომელიც პირველად 29 დეკემბერს გამოვლინდა. ჯანმომ მას უწოდა მონიტორინგის ვარიანტი, ანუ ყველაზე დაბალი კლასიფიკაცია მისცა. ყველაზე მეტად გვაშინებს შეშფოთების ვარიანტი, მასზე მსუბუქია დაკვირვების ვარიანტი და უფრო მსუბუქი - მონიტორინგის ვარიანტი.
- რამდენად არის დაკავშირებული პანდემიის დასასრული "ომიკრონთან"...
- ერთ-ერთი სცენარი ნებისმიერი პანდემიის დროს ეს არის: თუ შენ ვერ ახერხებ, და, ფაქტია, რომ მსოფლიო ვერ ახერხებს ვაქცინაციით თავის დაცვას, ვირუსი თვითონ გაქრება, როგორც გაქრა 1918-1920 წლების გრიპის პანდემიის დროს, თუმცა მანამდე 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შეიძლება ახლაც ასე მოხდეს, თუმცა ყველაზე რეალურია, რაღაც ეტაპზე მუტაციამ ამოწუროს თავისი მაქსიმალური სიმძიმე და სწრაფად გადამდები დაავადების პოტენციალი. დღეისთვის ყველაზე მძიმე მუტაციად მიიჩნევა დელტა ვარიანტი, რომელიც წელიწადზე მეტია ცირკულირებს მსოფლიოში და შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსის მუტაციამ დელტას სახით მიიღო მაქსიმალური გამოხატულება, ამიტომ შესაძლებელია შემდგომი მუტაციები სხვა მიმართულებით განვითარდეს, გამოიწვიოს უფრო მსუბუქი დაავადება, როგორც ხდება "ომიკრონის" შემთხვევაში. ეს შეიძლება იყოს მაჩვენებელი იმისა, რომ კორონავირუსი გახდება ჩვეულებრივი ვირუსი, როგორიც არის გრიპი და ასეთი საშიში აღარ იქნება, თუმცა კორონავირუსი არაპროგნოზირებადია და იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს დიდი ნაწილი ჯერ აუცრელია, შანსი, რომ მივიღოთ "ომიკრონზე" მძიმე მუტაცია, კვლავაც არსებობს. კორონავირუსს აქვს მუტაციის ძალიან დიდი შესაძლებლობა, უფრო მეტი, ვიდრე დღემდე არსებულ რომელიმე ვირუსს. ამიტომაც არის საშიში და მის წინააღმდეგ საბრძოლველად ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. შესაძლოა, 2022 წელი იყოს პანდემიის დასრულების ხანა იმ ქვეყნებისთვის, სადაც აცრილთა მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ჯანმოს შეფასებით, კორონავირუსი შეიძლება გახდეს ენდემური ვირუსი. უფრო გასაგები რომ იყოს, მაგალითად, ქოლერა ყველამ იცის, მაგრამ ის დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში. დანარჩენი ქვეყნები მას, როგორც დაავადებას, არც იცნობენ. ასევე იყო წლების წინ პოლიომიელიტის ვირუსი, ამიტომ მოსალოდნელია, რომ კორონავირუსი იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია, კიდევ დიდხანს გააგრძელებს ცირკულირებას. სანამ პოპულაციურ იმუნიტეტს არ გამოიმუშავებს, ვერც ერთი ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის დასრულების შესახებ ვერ განაცხადებს.