"ასეთი შეცვლილი, უცნაური გზით მიმავალი ხალხი და ქვეყანა არც მახსოვს" - რას ამბობს ტარიელ ხარხელაური დღევანდელ რეალობაზე?
პოეტი ტარიელ ხარხელაური "კვირის პალიტრას" თავისი თვალით დანახულ დღევანდელობაზე ესაუბრა.
- ამ დღესასწაულებზე მეტად არასაზეიმო განწყობა მაქვს და არა მგონია, ვტყუოდე - სანამ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სივრცე ასე დაბინდულია, სანამ ერის გონება ზიზღისა და სიძულვილის მდინარით ირწყვება, რაიმე დიდის მოლოდინით ნურც ამ წელს ჩავაგდებთ უხერხულ მდგომარეობაში. სანამ ჩვენი თავი ჩვენ არ გვეკუთვნის, მომავლის მხოლოდ ახალი წლის ანაბარად დატოვება, გულგამორეცხილობის თუ არა, უხერხულობის განცდა მაინც არის. ამ ფიქრებით დამძიმებული ვერც ლაღი ვიქნები და არც გამომივა ბედნიერი ახალი წლის მოლოცვა, რადგან ბედნიერებასა და მოსალოცზეც სულ სხვანაირი წარმოდგენა მაქვს. როგორ შეიძლება "ბედნიერი" ეწოდოს ერს, რომელსაც უამრავი ყოფითი სირთულისთვის თავი ვერ გაურთმევია; გარშემო გამეფებული სიძულვილი ვერ შეუმცირებია; როდესაც ყოველდღიურად მსოფლიოს დღევანდელობის სენით ამდენი ადამიანი იხოცება, როცა იცი, რამდენ ცრემლიან თვალს აშრობს ზამთრის ქარი და სიცივე, მე ვერ ვიქნები მართალი და გულწრფელი ჩემს ქვეყანასა და ხალხს ბედნიერი ახალი წელზე ვესაუბრო და მრავალფეროვანი მილოცვები ვუგზავნო. ნაკლული ბედნიერება კი არ არსებობს... არადა, 75 წლის კაცი ვარ და ოცნებად მაქვს ქცეული ჩემს ქვეყანას ბედნიერი ახალი წელი მოვულოცო, რადგან მწამს, ღირსეულად შეძლებს ატაროს. ამ ასაკის ტყუილ-უბრალოდ არ მოვყრილვარ, ბევრი რამ მინახავს. სანამ წერას დავიწყებ, გლეხი ვარ, თუმცა გლეხი, მწყემსიც და კალმის კაციც ერთნაირად დარდობს სამშობლოს... ასეთი შეცვლილი, უცნაური გზით მიმავალი ხალხი და ქვეყანა არც მახსოვს.
დედაჩემის მამა ფშაველი კაცი იყო, მისი გაზრდილი ვარ. არასდროს ცდილობდა მიეთითებინა ჩემთვის, ეს ასე გააკეთეო, უბრალოდ, თავისი ცხოვრებით მაჩვენებდა მაგალითს - თუ რამეს არასწორად გავაკეთებდი, ამოიოხრებდა და ამით ვხვდებოდი, რომ რაღაც ცუდად გავაკეთე, რაღაც დავაშავე... მეც ვცდილობდი, მისთვის მიმებაძა. ჩემს ბავშვობაში ხორბალი მოგვყავდა, კალოები ილეწებოდა. პაპამ მუშაობას შემაჩვია და მისი ხათრით მეც დავრბოდი მინდვრებში. ოღონდ პაპას არასდროს დაუძალებია, უნდა იმუშაოო, არც ის უთქვამს, წამო, დილიდან ჩემთან ერთად იმუშავეო, თავისი ქცევით, ცხოვრების წესით მაძლევდა მაგალითს და სტიმულს, რომ შრომას შევჩვეოდი. პატარა გოდორი დამიწნა, მას კი დიდი გოდორი ჰქონდა და მის გვერდით რომ მივდიოდი, მიხაროდა. ჯერ ხის ცელი გამიკეთა სათიბად, მერე რკინის და ასე შემაჩვია თიბვას... მის გვერდით შრომა მიხაროდა. ეს იყო კაცი, რომლისაც მჯეროდა და ახლაც მჯერა. ოჯახის სხვა წევრი ჩემს აღზრდაში არასდროს ჩარეულა, პაპამ შექმნა ჩემში თუ რამე ღირებულია. ჩემი ლექსებიც მან ნახა პირველად, ღამით, მთვარის შუქზე რომ ვწერდი, თან ვჩურჩულებდი და ისე ვწერდი. პაპა დაინტერესებულა - ჩემი ნაწერები მასწავლებლისთვის უჩვენებია. როდესაც მასწავლებელს უთქვამს, ლექსებს წერსო, უნერვიულია.
- რატომ?
- ლექსის წერა მაინცდამაინც კარგ ტონად არ მიიჩნეოდა გლეხკაცისთვის. მერეც არაერთხელ უკითხავს, რაზე წერ, კარგად უნდა დაფიქრდე, რა გზას მიჰყვებიო... ნერვიულობდა, მაგრამ არასდროს უჩვენებია, რომ ჩემში ეჭვი ეპარებოდა, თანატოლივით მესაუბრებოდა და ასე იგებდა, რა მასა ჩადო ჩემში და რას მიიღებდა. ახლა მშობლებს შვილებისთვის არ სცალიათ, არც შვილებს სცალიათ მშობლებისთვის, სამწუხაროდ. პაპა კი, მთელი დღის ნამუშევარი, ხელებდაკოჟრილი, ნაშრომ-ნაჯაფი კაცი, დაუღალავად უსმენდა ჩემს ბჟუტურს და არასდროს მიგრძნია, რომ არ აინტერესებდა. არ ვიცი, სად და როდის გაქრა უფროს და უმცროს თაობას შორის ეს ემოციური კვანძი. თუ რამე ადამიანურია ჩემში, მას ვუმადლი, მისი დამსახურებაა. დღესაც მჯერა მისი, მჯერა, რომ ამ ასაკშიც მისი მეთვალყურეობით ვიზრდები და თუ რამე არასწორად გამომივა, პირველ რიგში, მის წინაშე ვგრძნობ დანაშაულს, მისი ამოოხვრა მესმის.
ისეთი ბავშვობა მქონდა, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩემი საქმე კალამი, წერა იქნებოდა, რადგან წიგნისგან, განათლებისგან შორს ვიყავი. მაშინ უმეტესობა ასე იყო, მთაში ცოტა ბავშვს თუ ჰყავდა სახლში ვინმე ისეთი, ვინც ბუხართან გვერდზე მოისვამდა და წიგნს წაუკითხავდა, მაგრამ კითხვა მაინც შემიყვარდა. ამას უფალთან ერთად, პაპასაც ვუმადლი, მან ჩადო ჩემს ქვეცნობიერში წიგნის, ადამიანის სიყვარული და შთამაგონა. პაპა ვაჟას სოფლიდან, ჩარგლიდან იყო წამოსული. მისი თაობის კაცები ხანდახან მასზე საუბრობდნენ, ოღონდ რაღაცნაირად სიფრთხილითა და კრძალვით. ეს განცდა მეც გადმომედო. ვიცოდი, რომ ჩემს საუკუნეში ვაჟამ ჩაიარა. ახლა კი ყველა მარტივად უყურებს წერას, მწერლობას და პოეტობას... თუ ერთი რამე დაუწერია, უკვე ჰგონია, პოეტია, ეპოქა შექმნა და ისტორიაშიც დაიმკვიდრა თავი. ჩვენს დროს ასე არ იყო - გვესმოდა, რომ ვაჟას, აკაკისა და მათი თაობის სხვა ბუმბერაზების ნაკვალევზე სიარული და თავის დამკვიდრება ძალიან ძნელი იქნებოდა. 30 წელს გადაბიჯებული მქონდა, როდესაც განგების ძალით კალამი ავიღე ხელში და ის, რომ მათ გზას მივყვები, უდიდეს პასუხისმგებლობას მაკისრებს. ამ ბუმბერაზებში შენი საკუთარი ხმა, სივრცე უნდა შექმნა, მათ გზას ვერ გაიმეორებ, შენებურად უნდა დაინახო და გადმოსცე.
- მხოლოდ პოეზიასა და მწერლობაში კი არა, ალბათ, ცხოვრებაშიც ასეა.
- დიახ, ასეა... ყველა საქმეში. მე პოეტი ვარ და ამით ვზომავ, მაგრამ ყველა ადამიანს თავისი პოეზია აქვს, თავისი მწვერვალი, მთავარია ის კიბე არ დავკარგოთ, რომელმაც მწვერვალისკენ უნდა წაგვიყვანოს... მაგრამ დაკარგვამდე ჯერ უნდა ვიპოვოთ, შევქმნათ, გამოვძერწოთ. ჩვენ კი თითქოს პოვნის სურვილიც დავკარგეთ. არადა, ამ პატარა ერს ძალიან ბევრი საამაყო აქვს. ჩვენ ერთი რამე გვავიწყდება - რაც უფალმა დღევანდელ დღედ მოგვცა, ხვალისთვის არ უნდა ვაქციოთ, არ უნდა გადავდოთ და არც იმას დაველოდოთ, სხვა როდის გააკეთებს ჩვენს საქმეს, საშინაოს თუ საგარეოს...
მე სამშობლოს სიყვარულს არც ღმერთთან დავთმობდი, არც მასზე გავცვლიდი. ჩემთვის სამშობლოა მთავარი და ჩემი თავისუფლებაც ჩემი სამშობლოა. ისიც მესმის, არც ისეთი თავისუფლება გვჭირდება, მარტო რომ ვიყოთ - თავისუფალი უნდა ვიყოთ, მაგრამ სხვაც უნდა გვჭირდებოდეს და სხვასაც ვჭირდებოდეთ, ოღონდ სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ უფრო კარგად ვიცით, რა და როგორ გვინდა, რა და როგორ სჯობია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი მომავლისთვის. მაგრამ არა - მაინც ველოდებით. უფრო ადვილი გვეჩვენება სხვისი გაკეთებული. ხვალინდელ დღეზე, მომავალ თაობაზე არ ვფიქრობთ, თითქოს არც გვედარდება.
- ხშირად ამბობენ, რომ თანაგრძნობის, თანადგომის უნარი დავკარგეთ. ასეა?
- ასეა. მე ომის შემდგომი თაობა ვარ და კარგად მახსოვს, რა ხდებოდა იმ წლებში - გაჭირვება, შიმშილი, სიღატაკე, მაგრამ ვის მოუვიდოდა აზრად ეწუწუნა ან თავისი ცუდად ყოფნა სხვისთვის დაებრალებინა. მთელი სოფელი გაჭირვებაში იყო, მაგრამ ყველა ერთად ცდილობდა გადარჩენილიყო და ერთმანეთიც გადაერჩინათ. გადარჩნენ კიდეც... თითქოს ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვსაყვედურობ ჩემს ხალხს, მაგრამ ტყუილის თქმა და ბედნიერი კაცის როლის მორგებაც არ შემიძლია. ამით ჩემს თავსაც ვსაყვედურობ, ჩემს შეცდომებსაც ვამბობ.
ახლა ხშირად მეკითხებიან, რას ხედავთ, როგორია გზა, რომელსაც მივყვებითო. ის რიხიანი, რისკიანი, შემტევი და რაც მთავარია, ყველაფერში გულწრფელი ხალხი, სადღაც გაუჩინარდა, მიილია, ვიღაც სხვას დავემსგავსეთ, ოღონდ არა საკუთარ თავს. ქართველმა ხალხმა სიყვარულიც გულწრფელი იცოდა და სიძულვილიც. ახლა შემპარავ, გამორჩენაზე გადასულ ერს დავემსგავსეთ, რომელიც თითქოს მხოლოდ ერთი დღით ცხოვრობს. ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ თითქმის ყველა ასეა. ყველა საქმეში ჩვენი ხელმოცარულობა სხვას უნდა გადავაბრალოთ, ხელისუფლებამ ოპოზიციას, ოპოზიციამ - მმართველ გუნდს, მოქალაქემ მეზობელს ან ხელისუფლებას, ან კიდევ ვიღაცას, ოღონდ როგორმე საკუთარ პასუხისმგებლობას გავექცეთ და ყველას დამნაშავედ შევრაცხავთ. ეს ყველას გვეხება, ერსაც, ბერსაც. ერთმანეთთან გაუცხოებული ვართ. პაპასთან ურთიერთობას ვიხსენებდი, რომელიც ჩემი ცხოვრების გზის განმსაზღვრელი გახდა, ჩვენ კი შვილებთან არ შეგვიძლია საუბარი, მაშინვე კამათსა და შეურაცხყოფაზე გადავდივართ. ბოლო ხანებში სულ ილია ჭავჭავაძის "ჩატეხილი ხიდი" მახსენდება, რომელიც ვერა და ვერ გავამრთელეთ. როდესაც ამაზე ვსაუბრობ, ყველას დანაშაულსა და წვლილს ვხედავ, როგორც სხვის, ასევე ჩემსას. თუ ჩემს შვილებთან საერთო ენა ვერ გამოვნახე, ესე იგი, მე ვარ დამნაშავე. პაპისგან განსხვავებით, მათთან ურთიერთობის სწორი ფორმა ვერ მიპოვია. ჩემთვის რაღაცის კეთება რომ დაეძალებინა, პროტესტის გრძნობა გამიჩნდებოდა, რადგან როდესაც რაღაცას გიბრძანებენ, გინდა მისი საწინააღმდეგო გააკეთო. ის თაობა წავიდა და ჩვენ მათი გზის ღირსეულად გაგრძელება ვერ შევძელით და ამის შედეგია ის, რაც ახლა ხდება. ამიტომ ვთვლი თავს დამნაშავედ შვილების, შვილიშვილების წინაშე, იმიტომ, რომ შენზე უკეთესი თუ არ მოდის, შენს წუთისოფელს არავითარი აზრი არა აქვს. მაგრამ ჩვენ ისე ვართ გადაგვარებული, ვცდილობთ ჩვენზე უკეთესი წინ არ გავუშვათ, რადგან ბოღმა და შური გვახრჩობს, როგორ თუ ვინმემ გვაჯობაო. ამ ვითარებაში როგორ შეიძლება ბედნიერებაზე საუბრობდე, როდესაც იმედი დაკარგული გაქვს. ამაში ცოტ-ცოტა დანაშაული ყველას მიგვიძღვის. ქვეყნის, მომავალი თაობის წინაშე ეს იმხელა ცოდვაა, რომლის ზიდვაც გაგვიჭირდება.
თუ ასე გავაგრძელეთ, ამ წელსაც ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენებთ, როგორც ის წელი გავლიეთ. ხანდახან უხერხულობის განცდა მაქვს, მინდა მივულოცო და ბედნიერი წელი ვუსურვო სხვებსაც და საკუთარ თავსაც, მაგრამ ჩემი ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა არ მაძლევს უფლებას - როგორ ვუსურვო ბედნიერი ახალი წელი ადამიანებს, როდესაც ერთმანეთთან დასაახლოებლად, ერთმანეთის სატკივრისა და განსაცდელის გასაზიარებლად ერთი ნაბიჯიც ვერ გადავდგით. როგორ შეიძლება ერთი ადამიანის ბედნიერებამ დანარჩენების უბედურება გადაწონოს... ჩემი ქვეყანა იმსახურებს ისეთ ახალ წელს, სადაც ადამიანები ვითომ კი არა, ნამდვილად ბედნიერები იქნებიან. იმედია, სიცოცხლეში ერთხელ მაინც მოვესწრები ისეთ ახალ წელს, როგორსაც ჩემი ქვეყანა იმსახურებს.