რატომ უწევთ მოქალაქეებს წყლისა და დენის საფასურის ორჯერ გადახდა - კვირის პალიტრა

რატომ უწევთ მოქალაქეებს წყლისა და დენის საფასურის ორჯერ გადახდა

"ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის ახალ სისტემასთან დაკავშირებული ნორმატიული ცვლილება მისასალმებელია“

"თელმიკომ" და ჯი-ვი-პიმ კომუნალური მომსახურების აბონენტებს თბილისში­ ქვითრები ორჯერ - დეკემბერსა და იანვრის პირველ რიცხვებში გაუგზავნა. ამან მოსახლეობა, რბილად რომ ვთქვათ, დააბნია.­ კომპანიებში განმარტავენ, რომ ამის მიზეზი მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) დადგენილებაა, რომლის თანახმად, 2022 წლის იანვრიდან თბილისში მრიცხველების წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდება. ანუ ყველა აბონენტი კომუნალური მომსახურების ქვითარს ყოველი თვის ბოლო რიცხვებში მიიღებს. რატომ მოუწიათ მოქალაქეებს დენისა და წყლის საფასურის ორჯერ გადახდამ, ამას ენერგოომბუდსმენის, სალომე­ ვარდიაშვილისგან­ შევიტყობთ.

- თბილისში მოკლე პერიოდში აბონენტებმა ელექტროენერგიისა და წყლის ორი ქვითარი მიიღეს. ამან მოსახლეობა გააღიზიანა და საგონებელში ჩააგდო - ნაახალწლევს ისედაც იმაზე რომ ფიქრობ, თებერვლის ხელფასამდე თავი როგორ გაიტანო, ახალი ხარჯი დაემატათ.­ ზოგი სოცქსელში მწარედ ხუმრობდა,­ წელს ბარაქა მხოლოდ "თელმიკოს" და ჯი-ვი-პის დაებედებათ, იმხელა თანხა შეუვათო. როგორ შეიძლება ვანუგეშოთ აბონენტები, სამართლიანია თუ არა მათი განაწყენება?

- ყოველთვის ვამბობ, ასეთი გადაწყვეტილების დროს ინფორმირებულობა არასდროს არის საკმარისი. იყო ინდივიდუალ­ური მესიჯები, საჯაროდაც არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ ასე მოხდებოდა, მაგრამ როდესაც ადამიანი ფაქტის წინაშე დგება, მაშინ იწყებს კონკრეტული ინფორმაციის მოძიებას, თუმცა ამის გამო მომხმარებლებს­ ვერ გავუნაწყენდები. ჩვენ ხშირად უნდა ვისაუბროთ ასეთ საკითხებზე, რათა მომხმარებელმა საკუთარი უფლებები თუ ვალდებულებები იცოდეს. ახლა ავხსნათ, რა მოხდა ჯი-ვი-პისთან დაკავშირებით და რატომ მოგვივიდა ორი ქვითარი მათ, ვინც სულადობით ვიხდით გადასახადს... გამოვიდა, რომ ერთ თვეში ორი თვის ხარჯის დაფა­რვა გვიწევს, მაგრამ ეს არც გადაცდომაა და არც ზედმეტის გადახდა - ჩვენ ეს თანხა მაინც უნდა გადაგვეხადა. საქმე ის არის, რომ წინა აღრიცხვიანობის სისტემა სხვანაირად იყო მოწყობილი, მაგალითად, ნოემბერში ჩვენ ვიხდიდით ოქტომბრის გადასახადს (ყოველთვის ასე იყო), ანუ უკვე დახურული თვის ხარჯს ვიხდიდით შემდეგ­ თვეში, მომდევნო თვეს - იმის მომდევნო თვეში და ა.შ. ახლა, აღრიცხვიანობის ახალ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, "ჯორჯიან ვოტერ ენდ პაუერმა" გადაწყვიტა, 2021 წელი დაეხურა დეკემბერში, შესაბამისად, ნოემბრის გადასახადს, რომელიც უნდა მიგვეღო დეკემბერში, დეკემბრის გადასახადიც მიუმატა და ორი თვის გადასახადი ერთად მოგვივიდა. ის, რაც იანვარში მაინც უნდა გადაგვეხადა (დეკემბრის ხარჯი), მივიღეთ დეკემბერში - ნოემბრის ხარჯთან ერთად. იანვარში კი, ცხადია, დეკემბრის ხარჯს აღარ გადა­ვიხდით. ამიერიდან ახალი სისტემა ასე იმუშავებს: იანვრის ბოლოს გადავიხდით იანვრის ხარჯს (პირველი იანვრიდან თვის ბოლომდე დაგროვებულს), თებერვლის ბოლოს - თებერვლის ხარჯს და ა.შ. აქამდე მიჩვეული ვიყავით, რომ დეკემბერში დახარჯული წყლის საფასური უნდა გადაგვეხადა იანვარში, ამიტომ გაგვიკვირდა და გავბრაზდით, როცა ორჯერ მოგვივიდა ქვითრები.

- ელექტროენერგიის გადასახადთან დაკავშირებითაც გაუგებრობაა...

- ძველი აღრიცხვიანობის სისტემის მიხედვით, ელექტროენერგიის გადასახადის აღრიცხვიანობა დაყოფილი იყო რამ­დენიმე ციკლად, მაგალითად, ზოგან ყოვ­ელი თვის 7 რიცხვიდან მომდევნო თვის 7-მდე, ზოგან - 20-დან 20-მდე, ანუ ყველასთან ერთდროულად არ აღრიცხავდნენ მრიცხველის ჩვენებას, ეს კი იწვევდა გაუგებრობას. რადგან ჩვენ გვაქვს საფეხურებიანი ტარიფი, ეს პრობლემას ქმნიდა იმ თვალსაზრისითაც, რომ ხდებოდა ერთი ტარიფიდან მეორეზე გადასვლა. ხანდახან 30 დღის მაგივრად 29 ან 31დღეში თუ იღებდნენ ჩვენებას, სულ სხვა ტარიფის გადახდა უწევდა ადამიანს და პრეტენზიაც ჩნდებოდა. აღრიცხვიანობის ახალ სისტემასთან დაკავშირებული ნორმატიული ცვლილება მისასალმებელია. ეს გარდამავალი ეტაპიც როგორღაც უნდა გაგვესწორებინა, ამიტომ ამონაწერი აიღეს ძველ რიცხვებში, მაგალითად, 7 დეკემბერს. 8-ში ადამიანმა მიიღო­ შეტყობინება, რომ კონკრეტული გადასახადი დაეკისრა, გადაიხადა ეს გადასახადი და ხარჯს აღარ ელოდება, მაგრამ ახალ სისტემაზე გადასვლის გამო კომპანიამ 2021 წელი უნდა დახუროს, ამიტომ 30 დეკემბერს კვლავ აიღეს მრიცხველის ჩვენება და 31-ში მოქალაქეს გაუგზავნეს ქვითარი, რომელშიც ასახულია ხარჯი 8 დეკემბრიდან 30 დეკემბრამდე. ზოგიერთმა აბონენტმა, რომელსაც ყოველი თვის 20 რიცხვში მისდიოდა ელექტროენერგიის ხარჯის ქვითარი, საახალწლო დღეებში­ მიიღო 20 რიცხვის შემდეგ დახარჯული დენის ქვითარი და 2021 წელი ამით დახურა. იანვრის ბოლოს კი ის მიიღებს იანვარში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამსახველ ქვითარს.

- ანუ მას სამი ქვითრის მიღება მოუწევს?

- დიახ, 20 დეკემბრამდე, 20 დეკემბრიდან საახალწლო დღეებში, მაგალითად, 8 იანვრამდე და 8 იანვრიდან 30 იანვრამდე დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის ამსახველს. თებერვლიდან კი ყველა მხოლოდ თითო ქვითარს მივიღებთ, რომელშიც ჩვენება აღებული იქნება თვის ბოლო 4 დღის განმავლობაში და გადახდისთვის ქვითრის მიღებიდან ორი კვირა გვექნება.

- ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა განაცხადა, რომ დავალიანების არსებობის შემთხვევაში­ აბონენტებს თვის ბოლომდე მომსახურება არ შეუწყდებათ. ეს აბონენტების რეაქციის პასუხი იყო?

- არ გამოვრიცხავ, რომ ეს მათი შემხვედრი ნაბიჯი იყო. ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მზად ვართ, ინდივიდუალურად შევამოწმოთ მომხმარებლის გადახდის ბაზა, მრიცხველის ამონაწერი და თითოეულს ნებისმიერ შეკითხვაზე ვუპასუხოთ. შეგიძლიათ მოგვმართოთ "ფეისბუკში", მისამართზე: "Energy Ombudsman ენერგოომბუდსმენი", სადაც სწრაფად ვპასუხობთ ნებისმიერ შეკითხვას, ან დარეკოთ ნომერზე 16-216 და მოითხოვონ ენერგოომბუდსმენის სამსახურთან დაკავშირება.