მასობრივი უმუშევრობის ფონზე ბიზნესსექტორი მუშახელს ვერ შოულობს (?!)
სასიცოცხლო მნიშვნელობის მიუხედავად ჩვენს ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო მხოლოდ 2019 წელს შეიქმნა და, სამწუხაროდ, დღემდე თითქმის უფუნქციოა. Pპრობლემის მოგვარებას კარგა ხანს დასაქმების კერძო სააგენტოები ან ბიზნესსუბიექტები ცდილობდნენ, თუმცა პანდემიამ ბალანსი დაარღვია და პრობლემა გაართულა, რაც პარადოქსულ სიტუაციას ქმნის - მასობრივი უმუშევრობისას ბიზნესსუბიექტები მუშახელს ვერ შოულობენ და კადრების დეფიციტს უჩივიან. არაერთმა რესტორნის მეპატრონემ, მაგალითად, ცნობილი ობიექტების, "შავი ლომის", "ნინიას ბაღისა" და კაფე "ლეილას", დამფუძნებელმა მერიკო გუბელაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ კადრების ასეთი დეფიციტი არ ახსოვს: "საუბარი აღარ არის კარგსა და ცუდზე, უბრალოდ, ვეძებთ კადრს, რომელიც არ ჩანს, მოთხოვნა კი ძალიან მაღალია". იმავე პრობლემაზე სოციალურ ქსელში ნანი ბრეგვაძის შვილიშვილმა, მომღერალმა ნატალია ქუთათელაძემაც დაწერა: "ამდენი გაჭირვების, უმუშევრობის და მუდამ უკმაყოფილების ჟამს ნუთუ არავის უნდა მუშაობა? რა საოცარი ქვეყანაა! ალო! ალო! გამოფხიზლდით ცოტა და მუდამ ვიღაცის გადმოგდებულს ნუ ელოდებით!" ეს თემა სოციალურ სივრცეში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ზოგიერთი ქართველებს განსაკუთრებულ უსაქმურებადაც კი მიიჩნევს. ჩვენ დავუკავშირდით დასაქმების ცნობილ სააგენტოებს, დასაქმების ცენტრებისა თუ სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებს და ამ პრობლემაზე ვესაუბრეთ.
"დატვირთვით რომ ვეღარ მუშაობენ, ცდილობენ, მუშახელს ნაკლები გადაუხადონ"
დასაქმების სააგენტო "ბაიას" ხელმძღვანელი ჟანა შალიკაშვილი: - ქვეყანაში კადრების სერიოზული დეფიციტია, განსაკუთრებით - გასართობ და სარესტორნო ობიექტებში. საქმე ის არის, რომ პანდემიამ ბიზნესი ძალიან დააზარალა, დატვირთვით რესტორნებიც ვეღარ მუშაობენ და ცდილობენ, მუშახელს ნაკლები გადაუხადონ, ან ერთ ხაზს რამდენიმე, თანაც მაქსიმალურად მძიმე ხაზი შეუთავსონ. მაგალითად, მრეცხავს დაავალონ დამლაგებლობა და გადაუხადონ მხოლოდ დამლაგებლის ხელფასი, სამუშაოს დასასრულს კი, ღამის პირველ საათზე, შინ ტაქსითაც ვერ გაუშვან. ყველა ასე არ იქცევა, მაგრამ ვინც ამას აკეთებს, ასეთი პირობებისთვის, რა თქმა უნდა, მუშახელს ვერ იშოვის.
- მაგრამ ფულის სესხებას ან შიმშილს მძიმე პირობებში მუშაობა არ სჯობია?
- გააჩნია, ვისთვის. მაგალითად, როდესაც რესტორნის მეპატრონე მრეცხავს დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე ამუშავებს, თან დარბაზის დალაგებასაც ავალებს და მხოლოდ 700 ლარს უხდის, ამას ბევრი არ დასთანხმდება. სწორედ ახლახან დამირეკა ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონემ - შემომჩივლა, კადრები არ მყავს, ამიტომ რესტორანს თავად ვალაგებ და ვრეცხავო და დახმარებაც მთხოვა, მაგრამ როდესაც საქმე კადრების შერჩევაზე მიდგა, მითხრა, მრეცხავი დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე მჭირდება და 700 ლარს გადავუხდი, მზარეული კი დილის 7 საათიდან 3 საათამდე დამჭირდება და 500 ლარს მივცემ, თუმცა მან დარბაზიც უნდა დაალაგოსო. უარი ვუთხარი, რადგან ასეთ ყოვლისშემძლე კადრებს ვერსად ვუშოვიდი.
- სამთო კურორტებზეც კადრების დეფიციტია?
- რა თქმა უნდა. ზოგჯერ ეს კურორტები იქაურებს ასაქმებენ და 700 ლარამდე უხდიან. შორიდან მიყვანილ ადამიანს კი თვეში 1000 ლარი მაინც უნდა მისცე, რომ სამუშაოდ გამოგყვეს.
- თუმცა ხელფასი ყველგან გაიზარდა. მაგალითად, თუ რესტორნებში შარშან დამლაგებელს დღიურად 25 ლარს უხდიდნენ, წელს 35 ლარს უხდიან...
- რაც შარშან 25 ლარი ღირდა, წელს 35 ლარზე მეტი ღირს. მესმის, რომ სარესტორნო ბიზნესს დატვირთვა არა აქვს, მაგრამ მუშახელმა რა ქნას, თუ შრომაში მთელი დღე დახარჯა და შესაბამისი ანაზღაურებაც ვერ მიიღო?! ძიძების შემთხვევაშიც ასეა. ადამიანი, რომელიც კვირაში 6 დღე, დილის 8-დან საღამოს 8-მდე ძიძად მუშაობს, თვეში 700 ლარს აღარ თანხმდება.
"ბევრს უსაქმურობა, ან უცხოეთში წასვლა ურჩევნია"
გურიის დასაქმების ცენტრ "პწკალას" მენეჯერი ხვიჩა ჭეიშვილი: - ჩვენი ცენტრი კადრებს ჯერ მომზადებას, შემდეგ დასაქმებას სთავაზობს. ამჟამად სამუშაოს დეფიციტი არა გვაქვს და კადრებს, სარესტორნო ქსელთან ერთად, სხვა სუბიექტებიც ითხოვენ, თუმცა ახალგაზრდობის უმრავლესობა სამუშაოსთვის მომზადებაზე უარს აცხადებს და საკუთარ შესაძლებლობებზე გადაჭარბებული წარმოდგენის გამო მცირე სამუშაოში განსაკუთრებით მაღალ ხელფასს ითხოვს, სამსახურის შოვნის შემთხვევაში კი უპასუხისმგებლობით გამოირჩევიან. მეორე მხრივ, რეგიონული ბიზნესმენების უმრავლესობას პანდემიამ სტაბილურობის განცდა დაუკარგა, რის გამოც მუშახელს ხანმოკლე სამუშაოს სთავაზობენ და შესაბამისად, უარსაც იღებენ. ბევრს მართლაც უსაქმურობა, ან უცხოეთში წასვლა ურჩევნია.
"კვალიფიციური და სანდო მუშახელი ისევ გვიჭირს"
რომან ცეცხლაძე, ქობულეთელი ფერმერი: - მუშახელის დეფიციტი სოფლის მეურნეობაში განსაკუთრებით მას შემდეგ გაჩნდა, რაც მოსახლეობა სეზონურ სამუშაოებზე თურქეთისკენ დაიძრა. მათ თურქეთში არც ისე მაღალანაზღაურებადი, მაგრამ სტაბილური სამუშაო ჰქონდათ. ამის გამო მეც გამიჭირდა მუშახელის შოვნა, მაგრამ ახლა, როცა თურქეთში წამსვლელთა რაოდენობა შემცირდა და ადგილობრივმა ფერმერებმა მანდარინის, მოცვის, კივის, თხილის პლანტაციებიც გავაშენეთ, მუშახელიც დაინტერესდა. ზოგიერთი ფერმერი ხალხს სტაბილურად ამუშავებს და ხელფასსაც სტაბილურად აძლევს. ეს იმის შედეგია, რომ სოფლის პროდუქცია იმპორტზე გადის, თუმცა კვალიფიციური მუშახელი ისევ გვიჭირს, რადგან მაღალხარისხოვანი მოსავლის აღება სიფრთხილეს მოითხოვს.