"კობახიძის რიტორიკა ურბანის გამოსვლების ცუდი პაროდიაა“ - კვირის პალიტრა

"კობახიძის რიტორიკა ურბანის გამოსვლების ცუდი პაროდიაა“

როგორც ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი­ ამბობს, ქვეყანაში სოციალური პრობლემების გამო საზოგადოების მასობრივი პროტესტი მოსალოდნელია. თუმცა, მისივე შეფასებით, ოპოზიციის ქმედებები არათუ ვერ პასუხობს ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს, არამედ მუდმივად გადაფარვა ხდება და ამით ხელისუფლება სარგებლობს.

- ხელისუფლებას ძალიან სუსტი ლეგიტიმაცია აქვს. თუ კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების რაიმე იდეაზე კონსოლიდირება მოხდება, ხელისუფლების რყევა­ შესაძლებელია. გამორიცხული არაფერია, მით უმეტეს, რომ ვხედავთ, ქვეყანაში ავტორიტარული ტენდენციები ძლიერდება. თუ საზოგადოების ფასეულობა არის თავისუფლება და კეთი­ლდღეობა და ეს ხელისუფლება არათუ არც ერთის მიმცემი არ არის, პირიქით, აუარესებს ვითარებას­, ცხადია, მოსალოდნელია, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორც ყაზახეთში. ასეთი რამ კატეგორიულად დაუშვებელია.

- ის, რომ ყაზახეთში ხელისუფლების რადიკალურ ქმედებებს უმძიმესი შედეგი მოჰყვა, შეიძლება ჩვენთან პოტენციური პროტესტის პრევენციის მიზეზი გახდეს?

- ჩვენ სხვის კი არა, საკუთარ შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ. ყაზახეთში ხელისუფლების ასეთ ქმედებებს საფუძველი და გარკვეული­ ლეგიტიმაცია დემონსტრანტების საქციელმა­ მისცა, როგორც გავიგეთ, მათ პოლიციელებს თავები დააჭრეს. საბედნიეროდ, საქართველოში პროტესტი არ არის ასეთი აგრესიული, რაც უდავოდ დადებითად ახასიათებს ქართველ საზოგადოებას. ამიტომ საქართველოსა და ყაზახეთს შორის ანალოგის ძიება მართებული არ იქნება. თუმცა, ფაქ­ტია, ჩვენთანაც ბეწვზეა მასობრივი პროტესტი. ბევრი პრობლემაა, რაც მოსახლეობას ძალიან აწუხებს და ყურადღებას არავინ აქცევს.

- ამ ვითარებაში რამდენად ლოგიკურია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" სააკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დააყენა?

- ნებისმიერი საგამოძიებო კომისიის შექმნა არსებულ ვითარებაში თითქოს ლოგიკურია, მაგრამ საქმე ის არის, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ძალიან ბევრი საკითხი ოპოზიციის ყურადღების მიღმა­ დარჩა, დაწყებული ტოტალური მოსმენებით და დამთავრებული გაყალბებული არჩევნებითა და "კოვიდის" მართვით. ყველა ამ საკითხზე შეიძლებოდა საგამოძიებო კომისიის შექმნა. ცხადია, ამ საკითხზეც შეიძლება, მაგრამ ეს ჩვენი პოლიტიკური ელიტის არასერიოზულ დამოკიდებულებასა და ნებისმიერი ინსტიტუტის ვიწროპოლიტიკური ინტერესით გამოყენებაზე მეტყველებს. მოქალაქეებისთვის და სახელმწიფოებრივად ძალიან მნიშვნელოვან ბევრ საკითხს გვერდი ავუარეთ და ახლა ვმსჯელობთ იმაზე, სააკაშვილის საქმეზე უნდა შეიქმნას თუ არა საგამოძიებო კომისია. ეს არის ის პრობლემა, რის გამოც­ ჩვენი ოპოზიცია მუდმივად წაგებულია. დღეს ყველა ის საკითხი, რომელთაც შეუძლიათ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესება და მოქალაქეებისთვის სიკეთის მოტანა, მოხსნილია დღის წესრიგიდან. სამაგიეროდ, ლაპარაკია ერთი ადამიანის გათავისუფლება-არგათავისუფლებაზე. არადა, მის გათავისუფლებას კი არ უნდა ითხოვდნენ, არამედ სამართლიან სასამართლოს, რადგან, როდესაც ღიაა საკითხი, ის დამნაშავეა თუ უდანაშაულო, მისი უპირობო გათავისუფლება აპრიორი მის გამართლებას არ გულისხმობს... ეს პოლიტიკურ სარგებელს არავის მოუტანს, არც ქვეყანას და არც მათ, ვინც ამას ითხოვს. რაც მთავარია, ამ საკითხის ირგვლივ ხალხი არ არის კონსოლიდირებული. ნაცვლად იმისა, ოპოზიცია საზოგადოების გამაერთიანებელ თემებს ეძებდეს, ჩაიკეტა იმ თემაზე, რომელზეც არ არის თანხმობა და ყველაფერი სააკაშვილის თემით გადაიფარა - დილით წნევას ვუზომავთ და საღამოს - სიცხეს. ცხადია, ხელისუფლებას ურჩევნია, მუდმივად სააკაშვილზე იყოს საუბარი, რადგან ამ თემაზე პასუხები აქვთ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმაზე არა აქვთ. ვფიქრობ, სააკაშვილის თემა შემოგდებულია, რომ არ ჩამოსულიყო, ხომ არ იქნებოდა? სააკაშვილი ცდილობს მისი თემის გარდა სხვა აღარაფერი გვაინტერესებდეს. დღეში 60-80 კაცი იღუპება და მათი სიცოცხლე არაფერია? სააკაშვილს რამდენი აქვს წნევა, ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ამ ადამიანების სიცოცხლე?!

- სააკაშვილის წინადადებას­ ე.წ. შავი სიების შესახებ შეიძლება ჰქონდეს შედეგი?

- ის თემების შემოგდების­ დიდოსტატია, დაწერს რაღაცას, მერე ყველა ამაზე­ ვლაპარაკობთ და ივანიშვილიც ბედნიერია, რადგან ეს "ოცნებას" პასუხისმგებლობის აცილების საშუალებას აძლევს. ასეთი ინიცი­ატივა ადრეც ყოფილა, მაგრამ ის მკვდრადშობილია.

- ახალი წელი აშშ-ის საელჩოს ძალიან მწვავე განცხადებით დაიწყო, რაზეც ხელისუფლებას საკმაოდ უხეში პასუხი ჰქონდა...

- ხელისუფლება თავხედობს. როდესაც­ ჩვენი პრეზიდენტი იყო ჩასული, შარლ მიშელმა ასეთი რამ თქვა, ევროპული არჩევანი­ ფასეულობის არჩევანია, საქართ­ველოს ხელისუფლებას კი ის არ გააჩნიაო. ხელისუფლებას სურს ჩვენ ევროპაში­ ვიყოთ, მაგრამ მმართველობის სისტემა რუსულ მოდელზე ჰქონდეს აგებული, ერთი ადგილი ევროპაში გაითბოს, იმიტომ, რომ იქ კეთილდ­ღეობაა. იმითაც სარგებლობენ, რომ დღეს ევროპაში არაორდინარული ვითარებაა. ხედავენ, რომ ურბანი მუდმივად ეკამათება ევროკავშირს და ჰბაძავენ. მაგრამ ამაში ტრა­გ­ი­კული­ ის არის, რომ ურბანს თავი ქუდში აქვს, ის ევროკავშირის წევ­რია, სანქციებს დაუწესებენ და გაჩ­უმდება. ჩვენთვის კი ეს შესაძლოა კატასტროფული აღმოჩნდეს. კობახიძის რიტორიკა, რომელიც ურბანის გამოსვლების ცუდი პაროდიაა, გარკვეულწილად დასავლეთის შანტაჟირებას ემსგავსება, ან მიმიღეთ ისეთი, როგორიც ვარ, ან წავალ რუსეთთანო. შესაძლოა ამას არც გულისხმობენ, მაგრამ კონტექსტში ეს იკითხება. ასეთი რამ კი, როგორც წესი, ძალიან ცუდად მთავრდება. შესაძლოა ეს ასე სწრაფად არ მოხდეს, რადგან დასავლეთისთვის საქართველო მნიშვნელოვანია და ადვილად არ დათმობენ, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, საბოლოოდ ჩაიქნევენ ხელს.

რუსა მაჩაიძე