"ამერიკელების ასეთი რეაქცია, ცოტა არ იყოს, გაზვიადებული იყო“
"შეუძლებელია კრიტიკაზე პასუხი აღიქმებოდეს როგორც კურსიდან გადახვევა“
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილი ამბობს, რომ აშშ-ის საელჩოს ძალიან მწვავე განცხადება მოულოდნელი იყო, რადგან კრიტიკა უსაფუძვლოა. "იმაზე საუბარი, რომ "ქართულმა ოცნებამ" დასავლურ კურსს გადაუხვია, „არის ოპოზიციის მიერ თითიდან გამოწოვილი და ჭიქაში ქარიშხლის დატრიალების ცდა". რატომ არის ეს კრიტიკა მმართველი პარტიისთვის უსაფუძვლო და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის რა პერსპექტივას ხედავენ, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" გიორგი ხელაშვილს ესაუბრა:
- ეს განცხადება მოულოდნელი იყო, რადგან რეფორმის ხასიათი და მიმართულება, ვფიქრობ, ეჭვს არ იწვევს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებში. ამიტომ ისეთი მძიმე სიტყვათშეთანხმების გამოყენება, როგორიცაა "ძირის გამოთხრა", რომელიც ქართულად უფრო მძიმედ ისმის, ვიდრე ამერიკული უნდერმინე, ძალიან მოულოდნელი იყო, ვინაიდან არ შეესაბამება ამ რეფორმის მნიშვნელობას. ერთი მხრივ, ეს რეფორმა არ არის იმ მასშტაბის, რომ ასეთი კრიტიკა გამოეწვია. საუბარია ერთი ინსტიტუტის რეფორმირებაზე, რომელიც საკანონმდებლო თვალსაზრისით მარტივი იყო და უფრო შეესაბამებოდა დემოკრატიის მოთხოვნებს. ორი ახალი ინსტიტუტი იქმნება, რომლებიც ერთმანეთს დააბალანსებენ.
- პრობლემის არარსებობის შემთხვევაში ამდენად მკაცრ განცხადებას რატომ გააკეთებდნენ?
- ვფიქრობ, მათი წუხილის მიზეზი მიღების სისწრაფეა, რაც განპირობებული იყო იმით, რომ ეს იყო მარტივი საკანონმდებლო ცვლილება, ერთ-ერთი იმ 50 საკანონმდებლო ინიციატივას შორის, რომლებიც სწრაფად განვიხილეთ დეკემბრის ბოლო კვირებში. ეს სიჩქარე რამ გამოიწვია, რატომ დაგროვდა ამდენი კანონპროექტი, მიზეზი იყო საარჩევნო პერიოდში დაგროვილი განსახილველი საკითხები, რადგან ამ პერიოდში პარლამენტში შეკრება ჭირდა. ნაწილობრივ ეს გამოიწვია იმანაც, რომ ოპოზიციას წინა პერიოდში ჯერ საბოტაჟი და მერე ბოიკოტი ჰქონდა გამოცხადებული, რაც ხელს უშლიდა სრულფასოვნად მუშაობას. ასე რომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყველა თანამშრომელი რჩება თავის თანამდებობაზე, და საერთოდ იმ შედეგით, რასაც ამ რეფორმით მივიღებთ, ამერიკელების ასეთი რეაქცია, ცოტა არ იყოს, გაზვიადებული იყო.
- გასაგებია, რომ სხვა ბევრ ინიციატივასთან ერთად იქნა მიღებული, ამავდროულად დაემთხვა სააკაშვილის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის ძალიან მწვავე განცხადებას. არ ფიქრობთ, რომ ეს მომენტი აჩენს ბევრ კითხვას.
- სწრაფი ინიციატივები სხვა შემთხვევაშიც გამოდის ხოლმე და ეს განპირობებულია იმით, რომ ყველა კომიტეტი და სამინისტრო თავისი დღის წესრიგით მოქმედებს. ლოგიკურია, რომ რაღაც ძალიან სწრაფად გავიდეს და რაღაც ძალიან ნელა, იმისდა მიხედვით, თუ როგორ მიმდინარეობს საკანონმდებლო პროცესი. რაც შეეხება სააკაშვილთან ბმას, აქ მაინცდამაინც დიდ კავშირს ვერ ვხედავ, რადგან ინსპექტორის სამსახურის ახლანდელ ხელმძღვანელს კიდევ რამდენიმე თვე აქვს, რომ დაასრულოს ეს საკითხი. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ სამსახურის ხელმძღვანელის სახელი საზოგადოებამ რამდენიმე კვირის წინ გაიგო და რაც მთავარია, განსაკუთრებული რამ არც სააკაშვილზე უთქვამს. ამიტომ რაიმე პოლიტიკურ მოტივს და მით უმეტეს, შურისძიებას, ნამდვილად ვერ ვხედავ.
- ბოლო დროს საერთაშორისო საზოგადოებრიობა სასამართლოს გამო ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს. რაც მთავარია, კრიტიკა შეეხება ოპონენტების აზრის გაუთვალისწინებლობას. რატომ არ ითვალისწინებს მმართველი გუნდი ამ შენიშვნებს თუ რეკომენდაციებს?
- ესეც ძალიან საკამათოა, იმიტომ, რომ რეფორმა დადებითია და ვფიქრობ, ამას ისინიც ეთანხმებიან. საუბარია იმაზე, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლის გათავისუფლებამდე დამატებითი დისციპლინური რგოლი შემოვიდა. ეს ევროპული პრაქტიკაა - სანამ მოსამართლესთან დაკავშირებული დრამატული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მანამდე კიდევ ერთი შედარებით მცირე სასჯელი იქნეს გამოყენებული. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ნებისმიერი რამ, რაც კი მწვავე საკითხებს შეეხება, ძალიან მტკივნეულად აღიქმება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნასაც ოპონენტების თუ არასამთავრობო სექტორის ძალიან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე კარგად მუშაობს. ახლაც გავა ორი წელი და ვნახავთ, რომ ეს რეფორმებიც გაამართლებს.
- ხელისუფლების ნეგატიური რიტორიკა საერთაშორისო საზოგადოებრიობის შესახებ, რაც თუნდაც კობახიძისგან ისმის ყველა კრიტიკის შემთხვევაში, რამდენად შეუწყობს ხელს ქვეყნის დასავლეთთან ურთიერთობას და ხომ არ მიანიშნებს, რომ ხელისუფლებამ დასავლური კურსი შეცვალა?
- შეუძლებელია კრიტიკაზე პასუხი აღიქმებოდეს როგორც კურსიდან გადახვევა. ჯერ ერთი, საქართველოს ევროატლანტიკური კურსი კონსტიტუციაშია დაფიქსირებული და მეორე, ამაზე მუშაობს ყველა ინსტიტუტი - მთავრობა, პარლამენტი, პარტია და ა.შ. ასე რომ, საუბარი იმაზე, პარტიის თავმჯდომარე რომ არ დაეთანხმა დიპლომატების თუ უცხოური ორგანიზაციის პათოსს, არ შეიძლება ამის კონტექსტიდან ამოგლეჯა და იმაში გადაყვანა, თითქოს საქართველოს პრობლემები აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში. ეს რიტორიკა მუდმივად გვესმის, განსაკუთრებით ჩვენი ოპონენტებისგან, მეორე მხრივ კი, ვხედავთ პროგრესს დასავლეთთან ინტეგრაციის საქმეში. გავა დრო და აღმოჩნდება, რომ ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ.
- ანუ უახლოეს პერიოდში საერთაშორისო საზოგადოებრიობასთან გართულებებს არ ელოდებით?
- არა, რასაკვირველია. ახლა საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან რთული მდგომარეობაა. რუსეთი შევიდა ყაზახეთში, სავარაუდოდ, შეჭრას აპირებს უკრაინაშიც. ამ დროს კი დასავლეთიდან ჯერჯერობით კარგი სიგნალებია, რომ უკან დახევას არ აპირებენ. იმედია, დასავლეთი პრინციპულ პოზიციას დაიკავებს რუსეთის მოქმედებაზე, მათ შორის საქართველოს ნატოში გაწევრების საკითხზე. იმედია, ეს გადაწყდება, თან მშვიდობიანად და ჩვენთვის სასიკეთოდ.
რუსა მაჩაიძე