"სულაც არა გვაქვს გადაწყვეტილი, რომ სააკაშვილის ინიციატივას მხარს დავუჭერთ“ - კვირის პალიტრა

"სულაც არა გვაქვს გადაწყვეტილი, რომ სააკაშვილის ინიციატივას მხარს დავუჭერთ“

"სტრატეგია აღმაშენებელი" კვლავ ეროვნული თანხმობის აუცილებლობაზე ლაპარაკობს... დარჩა თუ არა კიდევ რესურსი ეროვნული თანხმობისთვის, პარტიის ლიდერი გიორგი ვაშაძე გვესაუბრება:

- პროცესი ჯერ კიდევ გაჭედილია, ამის მიზეზი კი "ოცნებაა". წლის ბოლოსაც კი ცდილობდნენ რევერსული ცვლილებები მოესწროთ - იქ ინსპექტორის სამსახურს მიადგნენ, სასამართლო სისტემაში უფრო დაამძიმეს სიტუაცია. მოდი, დავსვათ კითხვა: სჭირდება ქვეყანას თანხმობა? - აუცილებლად სჭირდება, სხვაგვარად წინ ვერ წავალთ. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამის შესაძლებლობას უახლოეს მომავალში ვერ ვხედავ. ერთადერთი გამოსავალია პროცესზე დაკვირვებაა და როგორც კი გამოჩნდება მცირე შესაძლებლობა, მაშინვე უნდა ჩავეჭიდოთ. ხომ ნახეთ ყაზახეთში რა მოხდა? ხალხს შეიძლება აევსოს მოთმინების ფიალა. არ მინდა ასეთი არეულობა ჩემს ქვეყანაში, მაგრამ "ოცნება"­ უკვე ისე უჭერს ხელს ყელში ოპონენტებს, ხალხს, რომ შეიძლება აქაც გამოვიდეს ხალხი ქუჩაში.

- სიტუაციის დაძაბვა არც ხელისუფლებას აწყობს. რა არის მთავარი პრობლემა, რაც თქვენს შორის გადაულახავ ბარიერად იქცა?

- რატომ გგონიათ, რომ ხელისუფლებას არ აწყობს სიტუაციის დაძაბვა?! მაშინ ხომ არ გადადგამდა მცდარ ნაბიჯებს?

- ხელისუფლება რატომ უნდა ძაბავდეს ვითარებას მიზანმიმართულად?

- იმისთვის, რომ არ იყოს საუბარი ეკონომიკურ თემებზე და ყურადღება გადაიტანოს­ პოლიტიკურ საკითხებზე.

- თქვენმა გუნდმა მხარდაჭერა გამოუცხადა სააკა­შვილის ინიციატივას, მის მიმართ "არაადამიანური და ღირსების შემლახ­ავი ფაქტების" შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. სააკაშვილის თემა ისევ უკანა პლანზე გადასწევს მნიშვნელოვან საკითხებს?

- სულაც არა გვაქვს გადაწყვეტილი, რომ მხარს დავუჭერთ, უბრალოდ, ამ საკითხს განვიხილავთ. სხვათა შორის, "ნაცმოძრაობამ" არაერთხელ თქვა უარი ჩემი ინიციატივების მხარდაჭერაზე პარლამენტში. ძალიან არათანმიმდევრული არიან. ჩვენც გვქონდა ინიციატივები, ჩვენც ვითხოვდით საგამოძიებო კომისიების შექმნას, მაგრამ არათუ ხელი არ მოგვიწერეს, თავდასხმებსაც გვიწყობდნენ. მარტივად გეტყვით - "ნაცმოძრაობა" პარლამენტში სრული შემადგენლობით რომ ყოფილიყო, "ოცნება" ვერ შეძლებდა იმ ცვლილებების გატანას, რომლებიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას შეეხებოდა. სხვა თუ არაფერი, პროცედურული ომით შეგვეძლო 3-4 დღით გაჭიანურება.

- არის სააკაშვილი წამების მსხვერპლი?

- რა ვიდეოჩანაწერიც ვნახე, ამაზრზენია ყოფილი პრეზიდენტისადმი ასეთი დამოკიდებულება. დანარჩენი გამოძიებამ უნდა თქვას... მინდა ადამიანებს რაღაც რაციონალურად ავუხსნა, მაგრამ ვერ ვახერხებ, იმიტომ, რომ ისინი, ვისაც საკუთარი ტელევიზიები აქვთ, ხშირად სისულელეებში არწმუნებენ ხალხს. ჩართეთ "იმედი" და "მთავარი" და ნახეთ. ორივე მხარე ცდილობს ხალხს მისივე შექმნილი რეალობა მოახვიოს თავს. სანამ ამას მსმენელი ეყოლება, ქვეყანა წინ ვერ წავა. გასაგებია, რომ ხალხს მმართველი გუნდი არ მოსწონს, მაგრამ მეორე მხარესაც რადიკალიზმს ხედავს და ამიტომაც აქვს ხელი ჩაქნეული.

ხათუნა ბახტურიძე