"ჩვენს გეგმებზე სასაუბროდ მთელ საქართველოში დავიწყებთ გასვლებს“
"ჩვენ ძალიან აქტიურად ვიქნებით წარმოდგენილი ყველგან, მათ შორის ქუჩაშიც", - აცხადებს "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი.
- ჩვენ წამოვაყენეთ ინიციატივა პარლამენტში საგამოძიებო კომისიების შექმნის შესახებ. პირველი არის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე და ამ საკითხზე უკვე მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები სხვა საპარლამენტო ჯგუფებთან და არა მგონია, 50 ხელმოწერის შეგროვება პრობლემა გახდეს. ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც წამოვაყენებთ საპარლამენტო სესიების დაწყებისთანავე. მეორეა ენერგეტიკულ საკითხებზე საგამოძიებო კომისიის შექმნა. ამაზე კონსულტაციები ახლა დაიწყება და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. არაერთი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა აქვთ სხვა საპარლამენტო ჯგუფებსაც და ამ მიმართულებითაც აქტიურად ვითანამშრომლებთ ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებთან.
- ოპოზიციამ წამოაყენა სხვადასხვა პირობა კომისიების შექმნაზე თანამშრომლობისთვის. თქვენთვის მათი პირობები მისაღებია?
- შესაძლოა ახლა სხვადასხვა მოსაზრება გაჩნდეს, მათ შორის შემხვედრი ინიციატივები, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ განსჯის საგანია და გადაწყვეტილებასაც შესაბამისს მივიღებთ. მთავარია, განვსაზღვროთ, თუ რა არის ჩვენი საბოლოო ამოცანა. თუ არის ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ნათელი მოეფინოს არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს სააკაშვილის მიმართ და ამ თემაზე ვთანხმდებით, მაშინ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი საკითხის განხილვა შეიძლება.
- კომისიის შექმნის საკითხზე არსებობს მოსაზრება, რომ ეს არის ვიწროპარტიული და ერთ პირზე მორგებული საკითხი.
- არა მგონია, ეს სწორი შეფასება იყოს, რადგან საქმე ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ბუნებრივია, არ შეიძლება ვისაუბროთ ვიწროპარტიულ ინტერესებზე. საჭიროა ამ საქმეში არა მარტო "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური ჩართულობა, არამედ სხვა ოპოზიციური პარტიებისაც, მათ შორის საზოგადოების. არ შეიძლება პრეზიდენტი პოლიტიკური ნიშნით იყოს ციხეში და თან მას აწამებდნენ.
- თქვენი გაკრიტიკების მთავარი არგუმენტი ის არის, რომ თუნდაც პრეზიდენტის შემთხვევაში, ეს არ არის საკითხი, რაზეც საზოგადოების ინტერესების კონსოლიდირება ხდება.
- სწორედაც საზოგადოებრივი ინტერესია, ვინაიდან ეს ეხება სახელმწიფო ინსტიტუტებს. სახელმწიფო ინტერესია, როდესაც ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურ დევნას ეხება საქმე. თუ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნა არ შეწყდა, ერთხელაც სწორედ მას მიუკაკუნებს, ვინც დღეს გვაკრიტიკებს. ხომ ვხედავთ, რაც ხდება ქვეყანაში? ყველა ოპოზიციონერ ლიდერზეა სისხლის სამართლის საქმე აღძრული და მათ სასამართლოებში დაატარებენ. ასევე აღძრულია საქმეები მედიამფლობელებზე და არ არის გამორიცხული, იანვარში ჩვენ კიდევ ახალი პოლიტიკური პატიმრები ვიხილოთ და ეს გაგრძელდეს თებერვალშიც, მარტშიც... დიახაც, ჩვენ არა მარტო სააკაშვილისთვის გვსურს კომისიის შექმნა, არამედ ყველა პოლიტდევნილისთვის, რათა დასრულდეს პოლიტიკური დევნა.
- ეს არის ის საკითხი, რის გამოც გაერთიანდება ხალხი? თუ მისი კონსოლიდირებისთვის სხვა საკითხებსაც განიხილავთ?
- ბევრი რამ არის დამოკიდებული ოპოზიციის მუშაობაზე. რა თქმა უნდა, ამ საგამოძიებო კომისიას არ გააჩნია აღმასრულებელი ბერკეტები. ის ვერ დაავალდებულებს ხელისუფლებას, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, მაგრამ კომისიას აქვს მნიშვნელოვანი ბერკეტი უტყუარი ფაქტების გამოვლენისა. ჩვენ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ, რათა სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ყველა ფაქტი მტკიცებულებებით იყოს გამყარებული.
- სააკაშვილის თემამ გადაფარა ყველა სხვა საკითხი, მათ შორის ძალიან მძიმე ეკონომიკური თუ სოციალური. თქვენი ოპონენტებიც ამბობენ, რომ ეს ხელისუფლების ინტერესებშიც შედის, რადგან მათ ამ საკითხებზე აღარ უწევთ საუბარი. არადა, ეს ხალხს გაცილებით მეტად აწუხებს.
- ეს საკითხები აუცილებლად გააქტიურდება, მართალია, ჩვენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხებისთვის ვიბრძვით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამოსავალი წერტილი ხალხი და მათი პრობლემებია, იმ ხალხის პრობლემები, რომელიც დღეს უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. სწორედ ამას ემსახურება ის ინიციატივა, რომელიც ენერგეტიკის სფეროში კორუფციის ფაქტების გამოვლენას შეეხება. ამიტომაც ვთვლით საჭიროდ ამ საკითხზეც კომისიის შექმნას. ჩვენმა კოლეგებმა ასევე წამოაყენეს ინიციატივა ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. ბუნებრივია, ყოველივე ეს ემსახურება სწორედ იმას, რომ მაქსიმალურად ვისაუბროთ ხალხის პრობლემებზე.
- ითქვა ისიც, რომ ოპოზიცია რეგიონებში გასვლას გეგმავს. განრიგი თუ გაქვთ, როდის იწყებთ, რა სქემით იმოქმედებთ?
- მთელ ოპოზიციას რა გეგმა აქვს, არ ვიცი, მაგრამ "ნაცმოძრაობას" ნამდვილად აქვს გადაწყვეტილი, რომ დაიწყოს რეგიონებში გასვლა და შეხვედრა მოსახლეობასთან სწორედ იმიტომ, რომ პირადად ჩვენი ამომრჩევლისგან მოისმინოს, რა აწუხებს და როგორ შეგვიძლია დახმარება. რა თქმა უნდა, ჩვენს გეგმებსაც გავაცნობთ, რადგან ჩვენს ძალიან ბევრ მხარდამჭერს აინტერესებს, რას ვაპირებთ უახლოეს თვეებში.
- რას აპირებთ?
- ჩვენ ძალიან აქტიურად ვიქნებით წარმოდგენილი ყველგან, მათ შორის ქუჩაშიც, რადგან საპროტესტო გამოსვლებიც იქნება. ასევე აქტიურად ვითანამშრომლებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ზეწოლა ხელისუფლებაზე უფრო გაძლიერდეს. ჩვენთვის მთავარი ახლა ეს სამი მიმართულებაა. ეს არის სამართლებრივი ბრძოლა, რისი საშუალება და ბერკეტიც ჩვენ გვაქვს. ეს არის საპროტესტო მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით და, პარალელურად აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან.
რუსა მაჩაიძე