"არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილი წამების მსხვერპლია. იქ, სადაც წამებაზეა საუბარი, "ნაცმოძრაობის" ლიდერს ლაპარაკის უფლება არა აქვს" - კვირის პალიტრა

"არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილი წამების მსხვერპლია. იქ, სადაც წამებაზეა საუბარი, "ნაცმოძრაობის" ლიდერს ლაპარაკის უფლება არა აქვს"

"სააკაშვილთან დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიის შექმნას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ", - ამბობს პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი.

- არასერიოზულია, როდესაც ვიგებთ, რომ ადამიანი ერთი კვირის წინ წამების მსხვერპლი იყო, მერე იყო ცუდად, ახლა ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობს. მთავარი მიზეზი, რის გამოც სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ ვუჭერ, ის არის, რომ მართებულად არ მივიჩნევ. არ ვფიქრობ, რომ ის წამების მსხვერპლია. იქ სადაც წამებაზეა საუბარი, "ნაცმოძრაობის" ლიდერს ლაპარაკის უფლება არა აქვს. იმ ჩანაწერში ნაჩვენები კადრები წამებად არ ითვლება. მეორე მიზეზი, რის გამოც კომისიის შექმნას მხარი არ დავუჭირე, ის არის, რომ პარლამენტში მთავარი საკითხი არ უნდა იყოს სააკაშვილის საქმე. გასაგებია, რომ "ნაცმოძრაობას" და თავად სააკაშვილს სწორედ ეს სურთ, მაგრამ პარლამენტში თუ შემოვიტანთ ამ საკითხს, მედია ისევ სააკაშვილის გარშემო იტრიალებს და ხალხის პრობლემები ისევ არავის გაახსენდება. პარლამენტი ხალხის არჩეული საკრებულოა და ხალხის პრობლემებზე უნდა ვსაუბრობდეთ. მედია ცდილობს ესა თუ ის პოლიტიკური ნარატივი განავითაროს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ პოლიტიკურ პარტიებთან არიან აფილირებული და ამას არც მალავენ, დაუფარავად იცავენ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს. თუმცა არიან გამონაკლისებიც.

- ახლა ნათელაშვილი აპირებს პარლამენტში შემოსვლას...

- ნათელაშვილმა იმდენი ცუდი რამ თქვა მათზე, ვინც პარლამენტში შევიდნენ, განსაკუთრებით ჩემზე და ალეკო ელისაშვილზე, ძალიან გამიკვირდება, თუ მართლა შემოვა პარლამენტში. თუმცა რა უნდა გაგიკვირდეს იმ კაცისგან, რომელმაც 9 მილიონი ლარი აიღო ბიუჯეტიდან ისე, რომ პარლამენტში ერთი დღითაც არ გამოცხადებულა. თუ შემოვა და საქმეს გააკეთებს, მაგას რა სჯობია, მაგრამ დღემდე მისგან სიძულვილით საუბრისა და ადამიანების აბუჩად აგდების მეტი არაფერი მომისმენია.

- 9 მილიონ ლარზე ხელფასის სახით თუ პარტიების დაფინანსებასაც გულისხმობთ?

- ეს არის სხვადასხვა პერიოდში ხელფასის სახით, პარტიის დაფინანსებისა და მივლინებებისთვის აღებული თანხა.

- მივლინებებისთვის?

- დიახ, არ მოგესმათ - მივლინებების თანხებსაც იღებდა ბიუჯეტიდან, მაშინ როდესაც პარლამენტში ფეხიც არ ჰქონდა შედგმული... რაც შეეხება "ნაცმოძრაობას", კოლეგებთან ურთიერთობის ელემენტარული წესები უნდა ისწავლოს. არ შეიძლება პარლამენტში არ იყო და­ განუწყვეტლივ ტალახს ასხამდე მათ, ვინც საქმეს აკეთებს. უკვე ყველას მობეზრდა ლანძღვა-გინების მოსმენა. ამ საახალწლოდ ერთ სატელევიზიო გადაცემაში პოლიტიკოსების შვილებს, მათ შორის ჩემს შვილსაც, ჰკითხეს, თუ რა არ მოსწონთ პოლიტიკოსებში და უკლებლივ ყველამ ერთი და იგივე პასუხი გასცა - რომ არ მოსწონთ, როდესაც პოლიტიკოსები ერთმანეთს ლანძღავენ. თუ ჩემი კოლეგები თავად ვერ ხვდებიან, როგორ უნდა მოიქცნენ, შვილებს მაინც დაუჯერონ.

ხათუნა ბახტურიძე