"ამ ქალაქში ისე ჩამოვედი, მის შესახებ არაფერი ვიცოდი, გარდა ერთი გამოთქმისა..." - კვირის პალიტრა

"ამ ქალაქში ისე ჩამოვედი, მის შესახებ არაფერი ვიცოდი, გარდა ერთი გამოთქმისა..."

ნენე ახობაძე ჭეძიანგის უნივერსიტეტში პირველი უცხოელია, ვინც ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობს. მაგისტრანტია, ჩინეთის ისტორიის მკვლევარი და, ამავე დროს, ბლოგერიც. უკვე ოთხ წელზე მეტია, რაც მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალ ქვეყანაში, ქალაქ ხანგჭოუში ცხოვრობს. ეს ქალაქი 2021 წელს ჩინეთში ყველაზე ბედნიერ ქალაქად დასახელდა. ნენე იკვლევს ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს, ჩინურის შესწავლით დაინტერესებულებს კი ენას დისტანციურად ასწავლის.

- ხანგჭოუში კოვიდვითარება ბოლო დროს დაიძაბა, ოთხმილიონიან ქალაქში 18 კაცს დაუდასტურდა კორონა, რის გამოც რეგულაციები გაამკაცრეს.ხელისუფლებამ გარკვეული პერიოდით აცრაც აკრძალა. მე სამ კლინიკაში ვიყავი და მიპასუხეს, სანამ კოვიდმდგომარეობა არ გამოსწორდება, მანამ აცრები­ შევაჩერეთ, რადგან ახალ აცრილს ვირუსი უფრო სწრაფად გადაედებაო. ახლა უკვე შეიძლება ვაქცინაცია; დაახლოებით ორი კვირა იქნება, რაც რისკზონა აღარ ვართ, მაგრამ უნივერსიტეტში მაინც სიმკაცრეა. თავისუფლად მოგზაურობა შეგვიძლია, მაგრამ ვერიდებით, რადგან შეიძლება პრობლემა შეგვექმნას და უკან აღარ შემოგვიშვან. ლექციებს აუცრელებიც ესწრებიან. აცრა სავალდებულოა მხოლოდ მათთვის, ვინც სახელმწიფო სამსახურში მუშაობს. პანდემიის დასაწყისი­ ჩინურ ახალ წელს დაემთხვა და მთელი­ უნივერსიტეტი დაიცალა, რამდენიმე უც­ხოელი სტუდენტიღა­ დავრჩით. შვიდი თვის განმავლობაში სტუდქალაქის ეზოდან გასვლის უფლებაც კი არ გვქონდა. ჩინეთმა უკვე დაამტკიცა "კოვიდის" წინააღმდეგ პირველი წამალი, რომელიც შედგება ორი მონოკლონური ანტისხეულისგან. მან მაღალი რისკის ჯგუფებში 80%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. პროფესორ ჭანგ ლიცის თქმით, რომლის ხელმძღვანელობითაც შეიქმნა პრეპარატი, ეს წამალი და ვაქცინა ერთმანეთს ავსებს.

- ნენე, ამ ქვეყნისა და ხალხის შესახებ თქვენი წარმოდგენა, რაც წიგნებიდან თუ ფილმებიდან გქონდათ, დაემთხვა მანდ ნანახს?

- ჩვენგან ძალიან განსხვავდებიან, მაგრამ არ გამჭირვებია შეგუება. ალბათ იმიტომ, რომ მოვხვდი პატარა უნივერსიტეტში, სადაც ყველა ყურადღებას მაქცევდა - მასწავლებლებიც და სტუდენტებიც. ხშირად მეკითხებოდნენ, რამე ხომ არ მიჭირდა, დახმარება ხომ არ მჭირდებოდა და ამან გამიადვილა უცხო ქვეყანაში ცხოვრება. ჩემი გადმოსახედიდან, ეს ქალაქი არის ძალიან უსაფრთხო, დაცული, მწვანე, ლამაზი, სუფთა, ხალხი - ძალიან სტუმართმოყვარე და მშრომელი. ურთიერთობაში მეტისმეტად გულღიები არ არიან, მაგრამ თუ დაგიახლოვდნენ, კარგი მეგობრობა იციან. შენარჩუნებული აქვთ ტრადიციები. სტუმართმოყვარეობით ძალიან გვგვანან. უყვართ სახლში მიპატიჟება, ჩვენსავით სასმელის დაძალებაზე გიჟდებიან, რაც ძალიან მაკვირვებს. თითქმის ერთი წელია, გატაცებული ვარ ტრადიციული ჩინური სატირული იუმორით და ყოველ შაბათს დავდივარ. "სტენდაფ-კომედის" ჰგავს, ოღონდ ძველებური სტილისაა. თავიდან მიჭირდა გაგება, ახლა - აღარ. ამას წინათ სანტა კლაუსზე ხუმრობდნენ, ჩინეთში ვერ შემოვა, რადგან მწვანე კოდის გარეშე ვერ ივლის, არც აცრილი იქნება და კარანტინში გაამწესებენო, უცხოელებისთვის კი კარანტინი 21 დღე გრძელდება, ასე რომ, ჩვენს საჩუქრებს 21 დღე დააგვიანდებაო... ასეთია აქაური იუმორი.

chineti2-1641723292.jpg

პირველივე წელს ამ ქალაქში ისე ჩამოვედი, რომ მის შესახებ არაფერი ვიცოდი, გარდა ერთი ასეთი გამოთქმისა: "თუ ზეცაში სამოთხეა, ქვემოთ არის ხანგჭოუ და სუჭოუ". არ მოველოდი, რომ ეს ქალაქები ასეთი განვითარებული იქნებოდა. უფრო კომუნისტური სტილის წარმომედგინა, მაგრამ სრულიად განსხვავებული სიტუაცია დამხვდა. მთლად შანხაი არ არის, მაგრამ თითქმის არაფერი უკლია. იმანაც გამაკვირვა, რომ აქაურები რატომღაც ღარიბები მეგონა და ასე სულაც არ აღმოჩნდა.

- წერდით, ხუთი წლის მანძილზე ამ ქალაქში ერთადერთი მათხოვარი ვნახეო.

- ხანგჭოუ 2021 წელს ჩინეთში ყველაზე ბედნიერ ქალაქად დასახელდა. ხუთი წლის მანძილზე მართლაც ერთადერთი მათხოვარი ვნახე სიაშას რაიონში და უკვე სამი წელია, ისიც აღარ ჩანს. იცით, როგორი იყო? ხურდებს კი არ იღებდა, უნდა დაგესკანერებინა და ფული ისე უნდა მიგეცა.­ ეს ჩვენზე მეტად განვითარებულიაო, ვიცინოდით. შარშან ვიყავი პეკინში და არც იქ შევსწრებივარ, ვინმეს მოწყალება ეთხოვა, თუმცა 2016 წელს სადგურზე რამდენიმე შევაჩნიე.

მიხარია და მშურს ეს მდგომარეობა. მეც მინდა, ჩემს ქვეყანაში ხალხს იმდენი მაინც ჰქონდეს, რომ ზამთარში ქუჩაში არ იყინებოდეს და არ მათხოვრობდეს; მინდა ჩემი ქვეყნის პენსიონერების საფიქრალი იყოს, დღეს რომელ მუსიკაზე იცეკვონ, ვისთან ერთად ივარჯიშონ, ფოტოები სად გადაიღონ და ხვალ სად იმოგზაურონ, და არა ის, დღეს პური რით იყიდონ, პენსია თვის ბოლომდე როგორ იმყოფინონ და წამლის ფული ვის ესესხონ; მეც მინდა, ჩემი ქვეყნის ახალგაზრდები ახალ-ახალ აღმოჩენებს აკეთებდნენ მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებში და სამშობლო მათით ამაყობდეს, სამსახურში სიხარულით მიდიოდნენ, უნივერსიტეტში ხელმისაწვდომი საკვები და საცხოვრებელი ჰქონდეთ და ბირჟაზე კი არ იდგნენ, მუშაობით ქანცგაწყვეტილებს ლექციებზე ეძინოთ, ვიღაცის მამიკოსშვილობის გამო კი არავინ იჩაგრებოდეს...

- რატომ დაინტერესდით ამ ქვეყნით, ჩინური ენის შესწავლით, ეს ხომ ძალიან რთულია?

- ჩინეთში პირველად 2015 წელს სტუდენტური გაცვლითი პროგრამით წამოვედი. მაშინ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე არაბისტიკას და სინოლოგიას ვსწავლობდი. ჩინეთის მთავრობის დაფინანსება ორჯერ მოვიპოვე. ჩინურში უკვე C2-ის სერტიფიკატი მაქვს, რაც ყველაზე მაღალი დონეა. ურთულესია იეროგლიფები, გამოთქმები, თუმცა სხვა ენებთან შედარებით, გრამატიკა მარტივია. იეროგლიფებს ისწავლი და დაიმახსოვრებ, მაგრამ გამოთქმაა ძალიან რთული. საუბრისას ტონებს უნდა მიაქციო ყურადღება. ჩინურს ოთხი ტონი აქვს და თუ ტონი შეცდომით გამოთქვი, სხვა სიტყვა გამოგდის. სწორედ ეს ტონები­ ართულებს ენის სწავლას, მაგრამ ნელ-ნელა ეჩვევი და აღარ გიჭირს.

chineti3-1641723292.jpg

- როგორია ჩინური განათლების სისტემა,­ რის შეცვლას ისურვებდით ამ მხრივ ჩვენთან?

- როდესაც საქართველოში ვსწავლობდი, ვფიქრობდი, რომ კარგი განათლების სისტემა გვქონდა და თავისუფალ აზროვნებას გვაჩვევდნენ. მეგონა, ჩინეთში ასე არ იქნებოდა, მაგრამ პირიქით, აქ უფრო მეტი თავისუფლება გაქვს. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: თავდაპირველად თანამედროვე ჩინური ისტორიის სწავლა არ მინდოდა, ძველი მერჩივნა. ვფიქრობდი, კრიტიკულ აზრს ვერ გამოვთქვამდი მათ ისტორიასთან დაკავშირებით, მაგრამ შევცდი. თვითონაც ძალიან კრიტიკულად არიან განწყობილი, სტუდენტებიცა და ლექტორებიც. პირველად კვლევა კულტურული რევოლუციის შესახებ ჩავატარე, დავწერე მაოსა და სტალინზე. ბევრი კრიტიკული მოსაზრება მქონდა, მაგრამ მაინც შელამაზებულად წარმოვადგინე, ლექტორმა კი გამაკრიტიკა, რაო, მაო ისე მოგწონს, ერთი კრიტიკული სიტყვაც რომ არ დაგცდაო? ვუთხარი, თქვენ კი აკრიტიკებთ, მაგრამ უცხოელმა რომ რამე თქვას და მაგის გამო ქულა დამაკლოთ-მეთქი. ერთი სიტყვით, გავიკიცხე იმის გამო, რომ ამ ეპოქას კრიტიკულად არ მივუდექი. მითხრა, ისეთი კრიალა ისტორიაც არ გვაქვს, როგორც შენ წარმოაჩინეო. მომწონს, რომ ენის კურსებზე ცალკეა მოსმენის, კითხვის, გრამატიკის ლექციები. მაქსიმალურად მუშაობენ ენების შესასწავლად და სასწავლო ბადეს დამატებითი საგნებით არ ტვირთავენ. ჩინური უნივერსიტეტები გარკვეული თვალსაზრისით უფრო მეტ კონკრეტულ ცოდნას გაძლევს, ვიდრე - ქართული.

- ჩინელები თუ ინტერესდებიან, როგორი ქვეყანაა საქართველო, რა ტრადიციები გვაქვს...

- ჩემი რამდენიმე მეგობარი უკვე იყო საქართველოში და კიდევ ბევრს აქვს ჩამოსვლის სურვილი, მაგრამ აქ კარანტინის ხარჯებს ჩვენ ვიხდით, რაც ძვირი სიამოვნებაა და ამიტომ ყველა პანდემიის დასრულებას ელოდება. ინფორმაციას თვითონაც იძიებენ და საქართველოში მომხდარ ამბებს ხშირად ჩემზე ადრე იგებენ. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ მათგან შევიტყვე. თქვენი მესამე პრეზიდენტი საქართველოში ჩავიდაო, მითხრეს. ამჟამად ვიკვლევ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის არქივის დაარსების ისტორიას და საბჭოთა კავშირის გავლენას ამ პროცესზე. გარდა ამისა, ონლაინ ვასწავლი ჩინურ ენას. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ამ ზაფხულს სწავლას დავამთავრებ და საქართველოში დავბრუნდები. იმედი მაქვს, სამსახურის შოვნა არ გამიჭირდება.

ნინო ჯავახიშვილი