"მოხევეები ჩუბინი მსროლელები ყოფილან, 200 ნაბიჯში კვერცხს არტყამდნენ ტყვიასო. ეს მასალები რომ მოვკრიბე, ბუბა ხოტივართან მივედი..."
საახალწლოდ ვალერიან და იზოლდა სულაკაურებს ვეწვიე, ყველაზე ტკბილებსა და თბილებს. "თუში მეცხვარის" ავტორი ახალ ფილმზე იწყებს მუშაობას. ჯერ შემოქმედებით თემებსა და ახალ ფილმზე ვისაუბრეთ, მერე კი ტკბილ მოგონებებში გადაშვებაც არ გაგვჭირვებია.
ვალიკო სულაკაური: - რა მოხდა 1918-21 წლებში ხევში, ყაზბეგის რაიონში, დარიალის ხეობაში, აბსოლუტურად დახურული თემა იყო 70 წლის განმავლობაში. იქაურებმაც ზერელედ იცოდნენ რაღაცები.
1954 წლიდან დავდივარ იქ. 1970-იან წლებში მე და ბუბა ხოტივარმა გადავიღეთ "დარიალის ჩანახატები". მაშინ ბუბა სარეჟისოროს ამთავრებდა, მე - სასცენაროს ვგიკში. ეს ფილმი მისთვის სადიპლომო და ჩემთვის საკურსო იყო, რომელმაც საერთაშორისო ფესტივალებზე 10 პრიზი და პრემიებიც აიღო. დოკუმენტური ფილმი 50-მა ქვეყანამ ნახა.
ყურადღებას არ ვაქცევდით, რომ ვლადიკავკაზიდან სტეფანწმინდამდე გზა ობელისკებითაა მოფენილი. ვლადიკავკაზის თავში, თერგის პირზე, 17 ათასი ბოლშევიკი წითელარმიელის ობელისკია. მათგან 5 000 ტიფით მოკვდა, ბევრი დენიკინის არმიას შეეწირა. გარდა ამისა, დარიალის ხეობის შემოსასვლელში არის პირველი ხიდი, ბახტრისა, წმინდა გიორგის ეკლესიასთან. დერეფანივით ვიწრო კანიონით უნდა შემოხვიდე ცადაზიდულ კლდეებში. აქედან პირველად შემოვიდა ბოლშევიკების მთელი ბატალიონი 1918 წლის 30 მაისს. მოხევეებმა შეიტყვეს, წითლები მოდიანო. დარიალის ხეობაში 70 მოხალისე მოხევე შეიკრიბა შადურის მეთაურობით და გადაწყვიტეს, მტერს მტრულად დახვედროდნენ. უეცრად იგრიალა მათმა თოფებმა და მოწინააღმდეგე აირია, წინ და უკან დაიწყო რბენა, თუმცა მოხევეების ტყვია მათ ყველგან სწვდებოდა. გაქცეულმა მტერმა პირი იმ მხარეს ქნა, სადაც ნიკოლა ჩოფიკაშვილის ჯგუფი იყო ჩასაფრებული. სროლა გახშირდა. მტერი ლარსისკენ გარბოდა და მხოლოდ დაჭრილები და დაღუპულებიღა რჩებოდნენ გზად. ლარსიდან კილომეტრში შეუერთდნენ გაქცეულები დანარჩენ ჯარს, სურდათ გაეტეხათ დარიალის ხეობა, შემოსულიყვნენ და საქართველოს დამოუკიდებლობა მოესპოთ. 1918 წლის ივნისში ეს იყო პირველი ბრძოლა. ამის მერე იწყება სასტიკი ბრძოლები დარიალის გახსნისთვის.1918 წლის მაისში მოხდა დუშეთის გლეხთა აჯანყება. 9 000 აჯანყებული გლეხიდან 3 000 წავიდა დარიალის კარის გასახსნელად. აჯანყებულებს მეთაურობდნენ ავალიანცი და აკაევი. ამ ყველაფერს თერგის რესპუბლიკიდან ხელმძღვანელობდა ფილიპე მახარაძე. სურდათ, დარიალი გაეხსნათ, შემოეყვანათ იქიდან წითელი არმია, საბოლოოდ კი თბილისში დაემხოთ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა.
მოხევეები ჩუბინი მსროლელები ყოფილან, 200 ნაბიჯში კვერცხს არტყამდნენ ტყვიასო. ეს მასალები რომ მოვკრიბე, ბუბა ხოტივართან მივედი. მოვუყევი. ბუბამ, მე და შენ ხომ ერთად დავიწყეთ კინოში საქმიანობა; დარიალით, მოხევეებით დავიწყეთ და მოდი, მაგითვე დავამთავროთო; ჯერ დოკუმენტური ფილმი გადავიღოთ, მერე - მხატვრულიო... მხატვრული ფილმის სცენარი უცებ მოვხაზე. სცენარზე მუშაობისას არქივებში ვეძებე მასალები, მაგრამ სულ რაღაც 2 წუთის მასალა მოვაგროვე. მერე რეზო მახათაძესთან მივედი. გამახარა - 15 წუთის დოკუმენტური მასალაა გადაღებული 1918-19-20 წლებში. დავიწყეთ მუშაობა, მაგრამ "კორონამ" შეგვაფერხა, პანდემია დაიწყო. შარშან იანვარში ბუბამ დამირეკა, ყველაფერი კარგადაა, სპონსორები ვნახე და შევუდგეთ მუშაობასო. ერთ კვირაში ისევ დამირეკა, საავადმყოფოში ვარ, "კორონა" მაქვს, მალე გამოვალ და გავაგრძელოთო. მერე კი მოწმე გავხდით საშინელი ამბისა - ბუბა გარდაიცვალა...
წელს ისევ მივუბრუნდით დოკუმენტურ ფილმს, მაგრამ მალევე გავიჭედეთ. საჭირო გახდა სპონსორების მოძებნა - ჩვენ ხომ არ ვიცოდით, ვინ შეიპირა ბუბამ. დავიწყეთ ძებნა, დარიალჰესის ხელმძღვანელმა პირველი ექსპედიცია დაგვიფინანსა და გავჩერდით... კიდევ სამი ექსპედიციაა საჭირო.
- ახლა რა ბედი ელის თქვენს ფილმს?
- რამდენიმე კაცი კი დაგვპირდა, მაგრამ ფაქტია, ჯერჯერობით გაჩერებული ვართ. დავრჩით ცაში გამოკიდებული. გადაღება უნდა გაგრძელდეს. იმ მოხევეების, იმ წინაპრების სახელი ყველამ უნდა იცოდეს, რომელთაც ასეთი დიდი საქმე გააკეთეს. ამ ფილმით საქართველოს ეცოდინება, რომ ხევმა სამი წლით გადაავადა საქართველოს გასაბჭოება.50-მდე ფილმის ავტორი ვარ და ყველა მთასთან არის დაკავშირებული. მე თვითონ თუშეთიდან ვარ. გომურში დავიბადე, ვირის - არა, მაგრამ ძროხის ბაგაში. დედაჩემი მატრონა წერა-კითხვის უცოდინარი ქალი იყო, სულ ქსოვდა და ართავდა. ძალიან ახალგაზრდა დაქვრივდა. მისი პორტრეტი ზალიკოს აქვს დახატული. დედა 65 წლამდე მთაში ცხოვრობდა. "თუში მეცხვარის" გახმოვანებაშიც მონაწილეობდა... მეექვსე კლასში ვიყავი, კარგი ფეხსაცმელი რომ ჩავიცვი. მანამდე ჩითები მეცვა, ხან ნაჭრისა (სქელი ძაფით აქვს ძირები გამოკერილი) და ხანაც - ქალამნები, თუ საქალამნე ტყავს ვიშოვიდით. ჯერ თუშეთში ვიზრდებოდი.ფეხი იქ ავიდგი. არაფერი იყო ცხენებისა და ვიწრო ბილიკების გარდა. რამდენიმე წლის მერე ალვანში გავაგრძელე სწავლა, 8 კლასი იქ დავამთავრე. კარგად ვსწავლობდი. მერე კი თბილისის ჭიჭიკო ბენდელიანის სახელობის საავიაციო-საფრენოსნო სკოლაში ჩავირიცხე, რომელიც დღევანდელი 24-ე საჯარო სკოლის შენობაში იყო. ისიც ფრიადებზე დავამთავრე და გამგზავნეს ხარკოვის საფრენოსნო-საშტურმანო სასწავლებელში, საიდანაც გამომაგდეს მეც და სხვებიც. 42 ქართველი ვიყავით, საბოლოოდ ოთხმა დაამთავრა.
- რატომ?
- ხრუშჩოვმა რომ დაგმო "პიროვნების კულტი", თქვა: "ნეოდნოვო "კაცო" ვ ავიაციი". ოფიციალური ვერსიით, დამბრაკეს, ჯანმრთელობა არ გიწყობს ხელსო. რას არ მიწყობდა, წელიწადში სამჯერ ნორმატივს ვაბარებდი და სამედიცინო შემოწმებას გავდიოდი!..
- ავიაციით რატომ დაინტერესდით?
- მამაჩემი იყო მფრინავი, ერევანი-თბილისის საფოსტო რეისზე დაფრინავდა. 1936 წელს დაიღუპა, თვითმფრინავი ჩამოვარდა. 2 წლის ვიყავი მაშინ.
- კინოში საიდან მოხვდით?
- ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეხუთე კურსზე ვიყავი, როდესაც ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა. 1962 წელს 100-მდე კაციდან ბევრი არაპროფესიონალი მუშაობდა. მეტაფორები უნდა შექმნა გამოსახულებით, არადა უამისობა იყო, იმიტომ, რომ ტელევიზიაში მუშაობდნენ დრამის რეჟისორები, რომლებიც აზრზე არ იყვნენ, ფირი და კადრი რა არის. მეტრ ფირში რამდენი სიტყვა უნდა ყოფილიყო, არ იცოდნენ და მიდიოდა გაუთავებელი ტექსტები... 1966 წელს ჩავაბარე ვგიკში სასცენარო ფაკულტეტზე.
- ცისკენ გულმა აღარ გაგიწიათ?
- არა, ცის ცქერა კამერიდან უფრო მომეწონა. ტელევიზია და კინო მეტაფორულ აზროვნებაზეა აგებული. ყველაზე მეტად მიგებდა ვახტანგ მიქელაძე. თქვენ რომ ნახოთ ფილმი "ომალო", გაოცებული დარჩებით, როგორი მეტაფორებით დახუნძლა ამ კაცმა! ეს ფილმი 14 წელი თაროზე იდო, მერე შევარდნაძემ გაუხსნა გზა.
- შევარდნაძემ ბევრ ფილმს გაუხსნა გზა...
- კი: "რეკორდს", "ვედრებას", "მონანიებას"... ზოგი აღარც კი მახსოვს...
- თქვენი პროფესიისკენ შვილებს არ უბიძგებდით?
- არასოდეს მითქვამს, მოდი, აქეთ გამოიხედეთ-მეთქი. ბაკურმა მე-9 კლასში "ვეფხისტყაოსნის" ნახევარი ისწავლა ზეპირად. 55-ე სკოლაში სწავლობდა და ქართულის მასწავლებელმა - დეგენერატების გარდა ახლა ვინ სწავლობს "ვეფხისტყაოსანსო". მოვიდა შინ გამწარებული. გვითხრა, მე მანდ აღარ წავალ, სხვაგან გადამიყვანეთო. რატომღაც კომაროვი მოინდომა. დეკემბერი იყო და მეორე სემესტრიდან უკვე კომაროველი გახდა. მერე მათემატიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. ლელა სამი წლით უმცროსია ბაკურზე. ისიც კარგად სწავლობდა. ლელა ბესიკ ხარანაულის რძალია. ნახეთ, ბესიკმა თავის წიგნზე რა წამიწერა: "ვალიკო, ღვიძლ ძმებს აერთიანებთ წარსული, მე და შენ კი - მომავალი". მართლაც ასე არაა? ლელასა და მის მეუღლეს შვიდი შვილი ჰყავთ და რვა შვილიშვილი... ტყუპს იმთავითვე სახლის კედლები სულ მოხატული ჰქონდა. სადაც იყვნენ, სულ ხატავდნენ. ზალიკო ცაცია იყო, ზურიკო - არა. არცერთი შვილისთვის არაფერი დაგვიძალებია.
- რომელი უფრო ცელქი იყო?
- ტყუპი, მაგრამ უწყინარი ცელქები იყვნენ.
- როგორ დაოჯახდით, ისიც გაიხსენეთ...
- უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტს ვამთავრებდი უკვე...
იზოლდა: - მე კი იმ დროს უკვე ასპირანტი ვიყავი ატომგულის ფიზიკაში. უნივერსიტეტში წავედი მწერლებთან და პოეტებთან შეხვედრაზე და იქ გავიცანით ერთმანეთი.
ვალიკო: - გვერდიგვერდ მოვხვდით.
იზოლდა: - იმისთანა ლამაზი გოგონები იყვნენ მისი კურსელები, მაგრამ იმათ არ უყურებდა, მაინცდამაინც - მე... 25 მაისს გავიცანი და 11 ივნისს ვიქორწინეთ, ორ კვირაში. ჩემი ქალიშვილობის გვარი ღონიაშვილია, ახლა სულაკაურები ვართ...მოვდივართ, მოვდივართ და ორივენი ყოჩაღები ვართ, მაგრამ ეს ბოლო წელია, ცოტა ზარმაცობს - წამოწოლას მოუხშირა, ძილს მოუხშირა... ვეხვეწები, რომ გძინავს, სიცოცხლე გაკლდება-მეთქი. მე ვვარჯიშობ, ეს - არა.
ვალიკო: - შენ პარაპლანითაც დაფრინავ, მე - არა... ამ ცხოვრებაში რა არის მთავარი, იცით? არასდროს გშურდეს ვინმესი, არ დაამცირო, შეურაცხყოფა არ მიაყენო და არ გაუბრაზდე არავის. შვილებსაც არ გავბრაზებივართ მე და ჩემი ცოლი, ისე გავზარდეთ. კიდევ - მშვიდობაა მთავარი. მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყანასა და ოჯახებში.
მშვიდობიან 2022 წელს გისურვებ, ჩემო საქართველო. სიყვარულით, ვალიკო და იზო სულაკაურები.