"ყაზახეთში ყველა რეგიონში ვითარება დასტაბილურდა" - რა ინფორმაციას ავრცელებს ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ?
ყაზახეთში ყველა რეგიონში ვითარება დასტაბილურდა, დამყარებულია კონტროლი ოპერატიულ ვითარებაზე, სამართალდამცავმა ორგანოებმა გაათავისუფლეს ყველა ჩამორთმეული ადმინისტრაციული შენობა, - ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციის თანახმად, ოპერატიული შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა.
"სახელმწიფოს მეთაურს ეცნობა, რომ სამართალდამცავი ორგანოები და შეიარაღებული ძალები იღებენ ზომებს ქვეყანაში წესრიგისა და კანონის აღსადგენად, ასევე რეგიონებში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვის უზრუნველსაყოფად. შეიქმნა საგუშაგოები, სტრატეგიული ობიექტების მთელი რიგი გადაეცა CSTO-ს წევრი ქვეყნების გაერთიანებულ სამშვიდობო კონტიგენტს. ძალოვანი სტრუქტურები აგრძელებენ დასახლებების „გასუფთავებას“. მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები ტერორისტების აღმოსაჩენად და დასაკავებლად, მტკიცებულებათა ბაზის შესაგროვებლად, ასევე დოკუმენტაციისა და შესაბამისი ექსპერტიზის ჩასატარებლად", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ დროისთვის აღძრულია სისხლის სამართლის 125 საქმე, პოლიციაში მიყვანილია 5 800 ადამიანი, მათ შორის საკმაოდ დიდი რაოდენობით უცხოელი.
"ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ძალები მიიღებენ ყველა საჭირო ზომას ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სრულად აღსადგენად.
პრეზიდენტმა დაავალა ალმათის და სხვა რეგიონების ადმინისტრაციული შენობების, ობიექტების აღდგენის სამუშაოები სწრაფად დაიწყოს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
"ინტერპრესნიუსი"