"ცისფერი მთები“ - ანუ რატომ არის კარგი ახალი წლის ორჯერ აღნიშვნა
საქართველოში ახალ წელს გამორჩეულად, ორჯერ აღვნიშნავთ: ახალი სტილით, 1-ლ იანვარს, და ძველი სტილით, 14 იანვარს. ამის გამო იანვარში დაუსრულებელი სუფრები, სადღეგრძელოები და მილოცვები ჩვეულებრივი ამბავია. პაროდისტი მერაბ გეგეჭკორი მიიჩნევს, რომ ეს ორი ახალი წელი გენიალურ "ცისფერ მთებს" აგონებს:
- როდესაც შობა-ახალი წელი მოდის, ყოველთვის გენიალური "ცისფერი მთები" მახსენდება: ვაჟა ზაზაევიჩი მთელი ფილმის განმავლობაში გაიძახის, ეს ორი სათაური რა საჭიროაო, მაგრამ არაფერი იცვლება. საქართველოშიც ყველა კითხულობს, ეს ორი ახალი წელი რა საჭიროაო, მაგრამ უმეტესობა მაინც ორჯერ აღნიშნავს. როგორც ჩანს, არჩევანის გაკეთება გაგვიჭირდა და ორივე ახალი წელი დავიტოვეთ. ამიტომ შობა-ახალი წლის დადგომა ძალაუნებურად გულისხმობს აუღებელ სუფრას, სმა-ჭამას და დიმპიტაურს... მიყოლებით აღინიშნება ორი ახალი წელი, ორი შობა და იანვრის შუა რიცხვებში ყველას ორი თავი გვაბია. მოკლედ, ახალ წელს საქართველოში ორმაგად ვმხიარულობთ. ეს ცუდი არ არის: კარგ განწყობას ვიქმნით, მაგრამ გვავიწყდება, რომ გადაჭარბებული არც ლხინი ვარგა და არც ჭირი.
- რომელ კუთხეში ხვდებიან ძველით ახალ წელს განსაკუთრებულად?
- რა თქმა უნდა, გურიაში. იქ ამ დღესასწაულს "კალანდას" ეძახიან და საგულდაგულოდ აღნიშნავენ. საერთოდ, 14 იანვარს უფრო რეგიონებში ზეიმობენ, მაგრამ დედაქალაქშიც ბევრი ოჯახი აღნიშნავს.
- როგორი იყო 2021 წელი თქვენთვის?
- 2021 წელი "კოვიდით" დავაგვირგვინე - ვირუსი დეკემბრის ბოლოს შემხვდა და გასულ წელს გავაყოლე. ახლა ჯემალ ბაღაშვილი მეხუმრება, 2021-ში იყავი კოვიდიანი და ახლა ხარ "ვიდიანიო". კიდევ კარგი, აცრა მქონდა გაკეთებული და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ექიმები გვაიმედებენ, 2022 წელს პანდემია დამარცხდებაო და თუ ეს მოხდება, წინადადება შემომაქვს, ღვინის დასალევად ფიალის ნაცვლად პირბადე გამოვიყენოთ, პირბადე სითხეს არ ატარებს და ასე, სიმბოლურად ვიზეიმოთ ვირუსზე გამარჯვება. ასტროლოგებიც ამბობენ: 2022 წელი ვეფხვის, ანუ გამარჯვების წელიაო, რაზეც ოტია იოსელიანის სიტყვები მახსენდება: წინა წელი ვირთხის იყო, იმის წინა - ტახის, ახლა ვეფხვის წელი მოდის და როდის გვეღირსება, რომ ადამიანური წელი დადგესო? მე მის პაროდიებს კარგა ხანს ვაკეთებდი და ბედნიერი კაცი ვარ, რომ ასეთ დიდ შემოქმედებთან მქონდა ურთიერთობა.
- ყველაზე ლამაზი შობა-ახალი წელი როდის გქონდათ?
- ბავშვობაში. ქუთაისში მაშინ დიდი თოვლი მოდიოდა და კარგა ხანს მჯეროდა, რომ საახალწლო საჩუქრები თოვლის პაპას მოჰქონდა. ახლანდელი ბავშვები სულ სხვანაირები არიან: ჩემი შვილი ჯერ 11 წლისაა და 3 წელია, რაც თოვლის პაპის არსებობისა აღარ სჯერა. მახსოვს, ერთხელ მართლა მოვიდა ჩოხა-ახალუხით და ყაბალახით მორთული თოვლის ბაბუა, ჩემს სახლში კანფეტები შემოყარა და ახალი წელი მომილოცა, მერე კი სხვა ბავშვებსაც ჩამოუარა. თურმე ჩვენი კლასის დამრიგებელი ყოფილა, რომელმაც თავისი მოსწავლეები გაახარა. ბავშვები მიუხვდნენ, ვინც იყო და მეორე წელიწადს აღარ ჩამოუვლია. დღეს ის ახალი წელი ყველაზე ტკბილად მახსენდება. დათოვლილი ქუთაისი, ახალი წლის მოლოდინი და ლამაზად მორთული ნაძვის ხის სურნელი ჩემი ბავშვობის ყველაზე ნათელი მოგონებაა. რომ არაფერი ვთქვათ შეუდარებელ, ქუთაისურ იუმორზე.
- რადგან ქუთათურების იუმორი ახსენეთ, ალბათ, სახალისო ამბავსაც მოუყვებით ჩვენს მკითხველს.
- ქუთაისში მასწავლებელმა მოსწავლეებს ცარიელი ფურცლები ჩამოურიგა და დაავალა, ბავშვებო, დღეს თავისუფალი თემა უნდა დაწეროთ და მაჩვენოთ, როგორია თქვენს წარმოდგენაში სიზარმაცეო. ბავშვებმა წერა დაიწყეს, მხოლოდ ერთი მათგანი იჯდა, ცარიელ ფურცელს დასცქეროდა და ხმას არ იღებდა. რატომ არაფერი დაწერეო, ჰკითხა გაკვეთილის ბოლოს გაოცებულმა პედაგოგმა. მასწავლებელო, აი, ამას ჰქვია სიზარმაცეო, უთხრა მოსწავლემ, რომელიც, ჩემი აზრით, ყველაზე საზრიანი იყო იმ კლასში.
- საახალწლო სამზადისში მეუღლეს თუ ეშველებით?
- სამზარეულოში ჩემი ადგილი არ არის, არაფრის გაკეთება არ მეხერხება, თან ამის არც სურვილი მაქვს, არც ნიჭი და არც მონდომება. როგორც ცხონებული ეთერ კაკულია იტყოდა, "რა ვქნა, ამ საკითხში ხელჩლუნგი ვარ!" ალბათ, იცით, ეთერმა ერთხელ მურაბის გაკეთება რომ გადაწყვიტა, ქვაბი გაზქურაზე შემოდგა და რამდენიმე საათი ელოდა, როდის მოიხარშებოდა. ხედავს, მურაბა არა და არ იხარშება... ადგა და თავის მეგობარ დონარა კინწურაშვილს დაურეკა: დონარჩიკ, ჩემი მურაბა ჯერ არ მოხარშულა და უკვე უნდა გადავდგაო? 3 საათი გავიდა და უნდა გადადგა, აბა, რაო, უპასუხა ქალბატონმა დონარამ, რომელმაც არ იცოდა, რომ ეთერს გაზი არც ჩაურთავს, მურაბას ისე "ხარშავდა". კულინარიაში მეც ასეთი "ნიჭიერი" ვარ. სამაგიეროდ, ჩემთვის და მთელი საქართველოსთვის საყვარელ მომღერალს იუმორის გასაოცარი ნიჭი ჰქონდა: ერთ წელიწადს გასვლით კონცერტებს ვატარებდით, მთელი საქართველო შემოვიარეთ და ბათუმამდე ჩავედით. მივდივართ და ეს გზა აღარ მთავრდება. ეთერმა ფანჯარაში გაიხედა, ამოიოხრა და მითხრა: მერაბ, კიდევ კარგი, საქართველო ისევ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე არ არის გადაჭიმული, თორემ რა გვეშველებოდაო.
ჩემი ინტერვიუს დასასრულს მინდა ყველა გავიხსენო, ვინც ამ ქვეყანას უანგაროდ ემსახურებოდა! ჩვენ კი აქ დარჩენილებს ღმერთმა მრავალი ახალი წელი გაგვითენოს, ვეფხვის ძალა და შემართება მოგვმადლოს და ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაშლილ საქართველოს სულ მალე მოგვასწროს!
ხათუნა ჩიგოგიძე