"ყაზახური გამოცემის ყდაზე აღმოვჩნდით და ერთი ამბავი ატყდა" - კვირის პალიტრა

"ყაზახური გამოცემის ყდაზე აღმოვჩნდით და ერთი ამბავი ატყდა"

"ჩვენი პრეზიდენტიც იცვამს ჩემს სამოსს, თუმცა ჩემ გარდა ის რამდენიმე სხვა ქართველ დიზაინერთანაც თანამშრომლობს. საფრანგეთში რომ ჩამოდის, იქაც ვხვდები ხოლმე. არაჩვეულებრივი ადამიანია, უპრეტენზიო და დამყოლი, თუმცა ყოველთვის იცის, რა უნდა..."

მალე 20 წელი გახდება, რაც ქეთი ჩხიკვაძე მოდის ქართულ ბაზარზე საქმიანობს. როგორც დიზაინერმა, თავისი სიტყვა უკვე არაერთ ქვეყანაში თქვა და საპატიო ადგილიც დაიმკვიდრა. უხარია, რომ ქართველი დიზაინერები მსოფლიოში პოპულარობას იხვეჭენ. ქალბატონი ქეთი საახალწლოდ თბილისს ეწვია.

- საახალწლოდ ჩამოვედი ერთი კვირით. სამი წელია, საფრანგეთში ვცხოვრობ. კოლექციებზე ვმუშაობ. ისინი აქ მზადდება და მერე საფრანგეთში იგზავნება.

qeti3-1641728250.jpg

- პროფესიაში როგორ მოხვედით? ეს შემთხვევითობა იყო თუ ბავშვობის ოცნება?

- ბავშვობიდან ორი პროფესია მქონდა არჩეული - დიზაინერობა და ექიმობა. დედამ მიბიძგა, რომ დიზაინერი გავმხდარიყავი. თავის დროზე თვითონაც ამ პროფესიაზე ოცნებობდა თურმე. მეც და ჩემი და ნინოც დიზაინერები ვართ.

6 წლიდან ვკერავდი და ძალიან მომწონდა. როცა სამხატვრო აკადემიაში სწავლა დავიწყე, სტუდენტები თვითონ ვქმნიდით, თვითონ ვკერავდით და ჩვენებაზეც თვითონვე ვირგებდით სამოსს. გვიხაროდა, როდესაც ყიდვის მსურველები ჩნდებოდნენ. ბევრი არ იყვნენ, მაგრამ მოტივაციისთვის გვყოფნიდა. რასაც ხელი მოვკიდე, გამომივიდა და ასე მივხვდი, რომ ჩემს საქმეს ვაკეთებდი.

- პირველი წარმატება გახსოვთ?

- პირველ კურსზე ყველას სამ-სამი კოსტიუმი უნდა შეგვეკერა. ჩვენების შემდეგ ეს კოსტიუმები მოდელებმა შეიძინეს და მოირგეს. ეს დღე და ეს სიხარული არ მავიწყდება. სწავლის შემდეგ ოჯახური პირობების გამო საცხოვრებლად ბაქოში მომიწია გადასვლამ. მუშაობას იქაც ვაგრძელებდი და ჩემს შეკერილ სამოსს ჩემივე ბრენდით მაღაზია იბარებდა.

- ამ დროს თქვენი ტყუპისცალი თქვენთან ერთად მუშაობდა?

- ნინო თბილისში მუშაობდა, მე - ბაქოში. შემდეგ ყაზახეთში წავედი და იქ უკვე საქმიანობა დავიწყე, როგორც ოფიციალურმა ბრენდმა, მალე კი საკუთარი მაღაზია-ბუტიკიც გავხსენი. უცხო ქვეყანაში სახელის მოხვეჭამ დიდი გამოცდილება და წარმატება მომიტანა.

qeti4-1641728250.jpg

- მიამბეთ ჟურნალზე, რომლის გარეკანზეც მონიკა ბელუჩი თქვენი კოსტიუმით პოზირებს.

- ეს შემთხვევით მოხდა. როდესაც პარიზში ჩავედი საცხოვრებლად, მუშაობა დავიწყე ჟურნალთან "Harpers Bazaar". გადაღება გვქონდა მონიკა ბელუჩისთან ერთად და წავედი, როგორც სტილისტი. სხვა ბრენდებთან ერთად ჩვენი კოლექციებიც შევთავაზეთ ვარსკვლავს, ამ დღეს გადაღებული ფოტოები სხვადასხვა ქვეყნის გამოცემებში განაწილდა და შემთხვევით აღმოჩნდა ყაზახეთის "Harpers Bazaar"-ის ყდაზე, თუმცა ეს არაჩვეულებრივი იყო, რადგან ყაზახეთში ქეთი ჩხიკვაძის ბრენდს ყველა შესანიშნავად იცნობდა და მონიკა ბელუჩის ხომ იცნობდნენ და იცნობდნენ. ანუ ბედი და იღბალი ამ დროს ჩემს სასარგებლოდ ათამაშდნენ, რადგან შეიძლებოდა ჩემი ფოტოები საფრანგეთის ან იტალიის რომელიმე გამოცემის გვერდებზე აღმოჩენილიყო და ბევრი ვერც მიმხვდარიყო, რომელ ბრენდზე იყო ლაპარაკი, მაგრამ რადგან ყაზახური გამოცემის ყდაზე აღმოვჩნდით, ერთი ამბავი ატყდა.

- მოდელთან მუშაობაც გაიხსენეთ... ადვილი იყო დიდ მონიკა ბელუჩისთან მუშაობა?

- შემოვიდა თუ არა, მე მონიკა ვარო, მორიდებით თქვა. რომ დავინახე, ენა ჩამივარდა, გავიფიქრე, ეს ამბავი ხომ მართლა ჩემს თავს ხდება-მეთქი, თუმცა მაინც ვუპასუხე, მე ქეთი ვარ-მეთქი, თბილისიდან. ჩემი ვარდისფერსახელოებიანი პიჯაკი რომ მოირგო, ძალიან მოეწონა და საოცრად მოუხდა. ფანჯარაში - ეიფელის კოშკი, ოთახში კი - მონიკა ბელუჩი ჩემი სამოსით... სასწაული იყო... მართლაც ძალიან ლამაზია, არაჩვეულებრივი, არამიწიერი. შესანიშნავი ადამიანია: ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული, თბილი, უშუალო. უყურებ და ხვდები, რომ ყოველდღიურ ყოფაში მიუწვდომელი ვარსკვლავებიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორიც ჩვენ. სამოსის გამოცვლის დროს ძალიან დავიღალე და თავი მივდე სავარძელზე. დაიღალეო? - ღიმილით მკითხა. - მეც დავიღალე, მაგრამ რა ვქნათო... ბოლოს სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ და მითხრა, ფოტოშოპი გამოიყენე, რომ უკეთ გამოვიყურებოდეო.

- მხოლოდ ერთხელ მოირგო თქვენი­ სამოსი?

- არა, მას გარდერობში ჩემი კოლექციებიდან რამდენიმე ლუქი აქვს.

qeti5-1641728250.jpg

- ეს რომელ წელს მოხდა?

- შარშანწინ. მერე უკრაინაში ოლგა კურილენკოსთან მქონდა გადაღება. ის უკრაინელი მსახიობია, რომლის ნიჭი დიდი ხანია გასცდა უკრაინის ფარგლებს. ოლგა ტომ კრუზის საყვარელი პარტნიორია. მაყურებელს "აგენტ 007"-ში განსაკუთრებულად მოსწონს. ამ გადაღების შემდეგ მალევე დაიწყო პანდემია და ჩვენი გეგმებიც შეფერხდა, თორემ სოფი მარსოსთან და ბევრ სხვა ფრანგ ვარსკვლავთან მუშაობა გვქონდა დაგეგმილი.

- კიდევ რომელი ცნობილი ადამიანები ირგებენ თქვენს სამოსს?

- ოლგა კურილენკო ჩემი აქტიური მომხმარებელია. ჩვენი პრეზიდენტიც იცვამს ჩემს სამოსს, თუმცა ჩემ გარდა ის რამდენიმე სხვა ქართველ დიზაინერთანაც თანამშრომლობს. საფრანგეთში რომ ჩამოდის, იქაც ვხვდები ხოლმე. არაჩვეულებრივი ადამიანია, უპრეტენზიო და დამყოლი, თუმცა ყოველთვის იცის, რა უნდა.

qeti2-1641728249.jpg

- ქართველი დიზაინერებით დღეს საზღვარგარეთ ძალიან დაინტერესდნენ...

- ამაში დემნა გვასალიას სახელმა დიდი როლი ითამაშა, თუმცა ეს მხოლოდ მისი დამსახურება არ არის. ნდობა და გამოცდილებაა მიზეზი, რომ ბოლო ათი წელია, რამდენიმე ქართველი დიზაინერი სტაბილურად მონაწილეობს შოურუმებში...

- რა ითვლება წელს მოდურად?

- სულ ვამბობ, რომ ახლა ისეთი პერიოდი დადგა, ყველაფერი მოდურია: დიდი ზომები, გამოყვანილი კაბები, ოდნავ კაცური სტილი ქალურ სამოსში, მჭახე ფერები, ბევრი ნაქარგი, ბევრი ბრჭყვიალა... მთავარია, შინაგანად ვგრძნობდეთ ბედნიერებას და ის ტანსაცმელიც გაბრწინდება და გალამაზდება, რომელიც გვაცვია.

- აქსესუარებს რა მნიშვნელობა აქვს?

- ძალიან დიდი. მართალია, მე ვერ ვირგებ, მაწუხებს, მაგრამ ვგიჟდები, როდესაც სხვას უკეთია ბევრი ბეჭედი, სამაჯური, მძივი... მათი წყალობით ნებისმიერი სადა ტანსაცმელი შეგვიძლია გამორჩეულად ვაქციოთ. ქალის გარდერობში აქსესუარს მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეჭიროს, ისევე, როგორც მაკიაჟს, თუმცა მაკიაჟსაც ზომიერება სჭირდება.

ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და ბედნიერებას.