"სექსი დიდ ქალაქში" - როგორ ურჩევენ სამოსს მსოფლიოში პოპულარულ გმირებს? - ინტერვიუ მოლი როჯერსთან! - კვირის პალიტრა

"სექსი დიდ ქალაქში" - როგორ ურჩევენ სამოსს მსოფლიოში პოპულარულ გმირებს? - ინტერვიუ მოლი როჯერსთან!

მოლი როჯერსი და დანი სანტიაგო ორი დიზაინერია, რომლებიც სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" შექმნის პირველივე დღიდან გმირების ჩაცმულობაზე ზრუნავენ. მოლი როჯერსი ამერიკულ სატელევიზიო ჯილდო "ემიზე" ექვსჯერ იყო ნომინირებული, სერიალის მესამე სეზონისთვის კი "ემი" დამსახურებულად გადასცეს. ის იყო ასევე ფილმის - "ეშმაკს აცვია პრადა" - დიზაინერი, ამჟამად კი თავის პარტნიორ დანი სანტიაგოსთან ერთად სტილისტ-დიზაინერია სერიალისა "და ასე უბრალოდ". სარა ჯესიკა პარკერის გარდა, დანი სანტიაგო მუშაობდა მადონასთან, ჯენიფერ ლოპესთან, პენელოპე კრუსთან, ჯანეტ ჯექსონთან და ა.შ. მიუხედავად მსოფლიო პრემიერისა და დიზაინერების გადატვირთული გრაფიკისა, უარი არ მითხრეს და "კვირის პალიტრის" მკითხველისთვის დრო გამონახეს. ყველასთვის საოცნებო გარდერობის შემქმნელი მოლი როჯერსი მოდაზე, სერიალის მოდურ სტილსა და კერი ბრედშოუს გმირზე გვესაუბრება.

- როგორ იმოქმედა პანდემიამ სერიალის­ "და ასე უბრალოდ" გმირების ცხოვრებაზე?

- პანდემიიდან გამომდინარე, კოსტი­უმების საშუალებით მინდოდა, სიხარული, ფერადოვნება, სიცოცხლის ზეიმი გამეზიარებინა მაყურებლისთვის. სცენარში პანდემიური ეპიზოდი ბევრი არ არის. რეჟისორმა მაიკლ პატრიკ კინგმა გვითხრა, რომ ამბავი პოსტპანდემიურ პერიოდში ხდება, რაც რეალურ ცხოვრებაში, სამწუხაროდ, ჯერ არ დამდგარა. შესაბამისად, სტილზე მუშაობის პროცესში პანდემიას მაინცდამაინც არ მივაქციეთ ყურადღება ერთი გამონაკლისის გარდა - როდესაც­ ქერის ლიფტის ეპიზოდში გუჩის ხელთათმანი აცვია.

- არ არის რთული, თითოეულ პერსო­ნაჟს შეუქმნა თავისი ინდივიდუალური სტილი,­ რომელიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე? ეს, ალბათ, ახლა უფრო იოლია,­ ვიდრე პირველი სეზონის დროს იყო...

- სერიალის პირველი სეზონის დროს პირველად ჩნდებიან პერსონაჟები და როგორც დიზაინერმა, ისინი უნდა წარადგ­ინო. ანუ პირველად ჩნდება შენი ნაშრომი და ეს რთული სამუშაო პროცესია. მათი გარდერობის შექმნას დიდი შრომა და სიყვარული სჭირდება, მსახიობების გაცნობა და მათთან ურთიერთობა ბევრ რამეში გეხმარება. ისე გამიხარდა სერიალის ახალი სეზონი, რომ დანი სანტიაგოს ვეუბნებოდი, ჩემი ემოცია სკოლაში დაბრუნების შეგრძნებას ჰგავს-მეთქი.

jenifer3-1641729653.jpg

- თქვენ და დანი სანტიაგოს გაქვთ ხოლმე აზრთა სხვადასხვაობა? როგორ ურჩევთ სამოსს მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ გმირებს?

- ახლა გავაფორმე დანისთან კონტრაქტი. ის არაჩვეულებრივის ადამიანია, მასთან ერთად მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. მოდის ერთ ენაზე ვსაუბრობთ, მოგვწონს ერთი და იგივე მუსიკა, გვაქვს საერთო ინტერესები, ორივეს მოგვწონს კარგი გართობა და შეგვიძლია შეუსვენებლად ვიმუშაოთ. ეს თვისება ამერიკელი დიზაინერისგან, პატრიცია ფილდისგან გამომყვა. დანისთან მუშაობა, ამავე დროს, ძალიან იოლია. ის ძალიან მეგობრულია, სხვანაირად ვერც კი წარმომიდგენია. მუშაობა იწყება ახალი პერსონაჟების მოძიებით და მათთვის სტილის შექმნით, რასაც შემდეგ ფილმის რეჟისორს ვუზიარებთ. მთავარი როლების შემსრულებლებს ისე კარგად ვიცნობთ, რომ მათთვის სამოსს ძალიან სწრაფად ვყიდულობთ. სამოსს ვარჩევთ როგორც დიდ მაღაზიებში, ასევე - ძალიან პატარა ბუტიკებში; ვყიდულობთ ონლაინაც, კერძო კოლექციონერებისგანაც და ვინტაჟურ მარკეტშიც (მეორადი ტანსაცმელი). ჩვენ ვიყენებთ დიზაინერების შოურუმებს, რომლებისგანაც გადაღებებისთვის სამოსს ვთხოულობთ, ზოგჯერ კი სხვადასხვა ქსოვილისგან თავადაც ვქმნით ტანსაცმელს.

- ქერის გარდერობი და ლეგენდარული ფეხსაცმლის კარადა ყველა გოგონას ოცნებაა.

- ეს თავიდანვე დავამკვიდრეთ ორიგინალი შოუს სიუჟეტში და აშკარად გაამართლა. კერის ფეხსაცმლის კარადა განძის სკივრივით არის. იქ ყველანაირი ფეხსაცმელია, რომ გარდერობი ბრწყინავდეს, ძველი, წინა სეზონების ფეხსაცმელებისთვის კი საპატიო ადგილი გვაქვს მიჩენილი. სერი­ალის გულშემატკივრებს უყვართ კერის კარადის დათვალიერება და მომდევნო სერიებში მათ სასიამოვნოდ გავაოცებთ.

- სარა ჯესიკა პარკერი რომ არ ყოფილიყო, ქერი ასეთი დახვეწილი იქნებოდა?

- სარა ჯესიკა პარკერი არის ინტელიგენტი, უაღრესად განათლებული, დახვ­ეწილი მანერებით, გრაციოზული ფიგურით. მას აქვს დიდებული გემოვნება, იცის მოდის ისტორია. შეიძლება იმდენი ვილაპარაკო მასზე, ვეღარ გავჩერდე. ის უნიკალური ქალია. როდესაც მსახიობებთან ვმუშაობ, ყოველთვის ვცდილობ, ჩავწვდე მათ არსს: რა აინტერესებთ, როგორია მათი შინაგანი სამყარო. ეს საჭიროა მათი სტილის შემუშავებისთვის. ყველას აქვს რაღაც ხასიათში, რასაც შეიძლება ჩაებღაუჭო, ჩაეჭიდო, მაგრამ, როგორც იტყვიან, ორჯერ არ იელვებს! შესაბამისად, ეს შოუ ელემენტებისა და დეტალების უნიკალური შტორმია! "კვირის პალიტრის" მკითხველს ვულო­­ცავ შობას და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.

კერის გრძელი კაბის ისტორია

მოლი როჯერსი: - ნიუ-იორკის ქუჩებში გადაღებები ნიშნავს, რომ თავიდან ვერ აირიდებ პაპარაცულ ფოტოებს, რომლებიც სწრაფად ვრცელდება ინტერნეტში, ამას კი მოჰყვება ჩაცმულობის უამრავი შეფასება. სწორედ ერთ-ერთი ასეთი პოლემიკის თემა გახდა კერის გრძელი კაბა, რის გამოც გაგვაკრიტიკეს. ეს კაბა ჩვენ, მე და დანი სანტიაგომ, წამოვიღეთ ფლორიდიდან ძველმანებთან ერთად. კაბა შევიძინე დაახლოებით ხუთი წლის წინ, მეორეული ტანსაცმლის მაღაზიაში 5 თუ 6 დოლარად. ეტიკეტიც კი არ ჰქონდა. მერე აღარც მახსოვდა, სადღაც სათადარიგოდ გვედო, რომ უცებ სარა-ჯესიკამ გამოაძვრინა და მოისინჯა. სიუჟეტსაც კარგად მიესადაგა და ასე გახდა კაბა პოპულარული, თუმცა, ჩემი აზრით, ის თავის დროზე დიზაინერის შექმნილი უნდა იყოს.

"მე მიყვარს ძველმანები“

jenifer2-1641729653.jpg

რატომ აცვიათ მეორეული სამოსი სერიალის გმირებს? - ეს კითხვა ჩემამდე საერთაშორისო მედიის ჟურნალისტებს გაუჩნდათ, რაზეც სერიალის დიზაინერებისგან ძალიან საინტერესო პასუხი მივიღეთ.

დანი სანტიაგო: - თუ თქვენ ძველმანებში ვაჭრობთ, შეგიძლიათ ამით იტრაბახოთ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხართ გულისხმიერი, ზრუნავთ ჩვენი პლანეტის მომავალზე. მაშინაც კი, თუ ძველ სამოსს ახალთან ერთად იცვამთ, თქვენ ამცირებთ დედამიწისადმი მიყენებულ ზიანს. ფლორიდასა და ნიუ-იორკში რამდენიმე მეორეული ტანსაცმლის მაღაზიაა, რომლებიც ძალიან გვიყვარს მე და მოლი როჯერს, თუმცა პანდემიის გამო იქ ჩასვლას ხშირად ვერ ვახერხებთ, ამიტომაც ვიყენებთ მეორეული ტანსაცმლის უდიდეს ონლაინ შოპინგის პლატფორმას - ThredUp-ს.

ახლა უკვე სერიალის თაყვანისმცემლებს შეუძლიათ შეიძინონ მეორეული სამოსი იმ სექციებში, რომლებიც თავად მოლი როჯერსისა და დანი სანტიაგოს მიერ არის შექმნილი. მათ შექმნეს ონლაინპლატფორმაზე სტილის სამი მიმართულება, კერის, შარლოტასა და მირანდასგან ინსპირირებული. აქ ნახავთ როგორც დიზაინერების შექმნილ სამოსს, რომელიც სერიალშია გამოყენებული - მაგალითად, მანოლო ბლანიკის ფეხსაცმელს და პრადას ჩანთას - ასევე იაფ ბრენდებსაც. სერიალის დიზაინერი მიიჩნევს, რომ არ არის აუცილებელი 990 დოლარი გადაიხადო კრისტიან დიორის მოსაცმელში, როდესაც ძველმანებში ის შეიძლება 148 დოლარად შეიძინოთ."მე მიყვარს ძველმანები. ისინი მოდას უფრო ინკლუზიურსა და ხელმისაწვდომს ხდის", - ამბობს დანი სანტიაგო.