დროებით ოკუპირებული ტერიტორიები არ უნდა გახდეს საქართველოს ნატოში გაწევრების მუხრუჭი - კვირის პალიტრა

დროებით ოკუპირებული ტერიტორიები არ უნდა გახდეს საქართველოს ნატოში გაწევრების მუხრუჭი

დაგვიანებული აღიარება ნატოს ყოფილი გენერალური მდივნისგან

"ჩვენ უნდა დავასრულოთ პუტინის დე ფაქტო ვეტო უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, რასაც ის აღწევს ამ ქვეყნებში დაბალი ინტენსივობის კონფლიქტების გამოწვევით, და ამ ინტენსივობას ის, თავისი დღის წესრიგის შესაბამისად, უმატებს ან უკლებს. 2008 წელს ჩვენ საქართველოს და უკრაინას ნატოს მაგიდასთან ადგილებს დავპირდით და დადგა დრო, ავამუშაოთ სამოქმედო გეგმა ამ დაპირების შესასრულებლად. თუ აუცილებელი გახდება, ამის გაკეთება შეგვიძლია დათქმით, რომ ნატოს მეხუთე მუხლი მხოლოდ ფარავს კიევის და თბილისის კონტროლირებად ტერიტორიებს, მაგრამ არ შეიძლება ნატოს გაფართოებასთან მიმართებით ჰქონდეს ღია კარის პოლიტიკა, რომელშიც პუტინს საშუალება ექნება, კარისკაცივით იმოქმედოს", - ანდერს ფოგ რასმუსენის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აწ უკვე ყოფილი გენერალური მდივნის ამ დაგვიანებულმა განცხადებამ თითქმის მთელი მსოფლიოს მასმედია მოიარა. დაგვიანებულმა იმიტომ, რომ მას იმავეს განცხადებისა და მეტიც - მოქმედების დასაწყებად საკმარისი დრო, ხუთი წელი, ჰქონდა 2009-2014 წლებში ნატოს გენერალური მდივნის სავარძელში ჯდომისას.

ნატოში საქართველოს ისე გაწევრების იდეა, რომ ალიანსის მეხუთე პუნქტის, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმის ამუშავებას ითვალისწინებს, მოქმედება არ გავრცელდება რუსეთის მიერ უკვე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე, ოფიციალურ თბილისს ამ ათიოდე წლის წინ კულუარულად "შემოაპარეს". მაშინ ეს ვარიანტი განიხილებოდა როგორც სახელისუფლებო, ისე არასამთავრობო და საექსპერტო წრეებში და მას როგორც მომხრე, ისე მოწინააღმდეგეც ბევრი ჰყავდა.

იდეის მოწინააღმდეგეების მთავარი არგუმენტი იყო, რომ ნატო ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის გარეშე მოგვიწოდებს მის რიგებში გაწევრებას, რაც საბოლოოდ დაგვაკარგინებს ამ ორ უძველეს ქართულ რეგიონს. მომხრეები უფრო რეალისტურად მსჯელობდნენ: რუსეთმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაცია სამხედრო ძალით შეძლო, საქართველოს კი, სამწუხაროდ, არც ახლა აქვს და, დიდი ალბათობით, არც უახლოეს მომავალში ექნება საშუალება, დაკარგული ძალით დაიბრუნოს, ამიტომაც დროებით ოკუპირებული ტერიტორიები არ უნდა გახდეს საქართველოს ნატოში გაწევრების მუხრუჭი, მით უმეტეს, რომ ალიანსიც და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაც ამ ოკუპირებულ რეგიონებს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.

ათწლიანი უშედეგო დებატების შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა, უფრო სწორად კი, დაიძაბა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დასავლეთს და უპირველესად - აშშ-ის პრეზიდენტს ულტიმატუმი წაუყენა, ოფიციალურად უარი თქვით ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე და ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის ალიანსში გაწევრების შეპირებაც გააუქმეთო.

12 იანვარს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ვიდეოსამიტი გაიმართება, რომელმაც შეიძლება ბევრ საკითხს მოჰფინოს ნათელი და პასუხი გასცეს მთავარ კითხვასაც: თუკი ნატო რუსეთის ულტიმატუმს უარყოფს (რაც ლოგიკურად მოსალოდნელიცაა), გაბედავს თუ არა პუტინი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო შეტევის დაწყებას?

P. S. დადგა მომენტი, როდესაც ნატომ და დასავლეთის პოლიტიკურმა ლიდერებმა გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო-პოლიტიკურ მომავალს დიდი პერსპექტივა არ უწერია.