ვინ მოიგო ყაზახური "ბართლომეს ღამით“?
ათობით დაღუპული, რამდენიმე თავმოჭრილი, დამწვარი შენობები, აფეთქებული მანქანები, გაძარცვული ბანკები და მაროდიორების "აღლუმი“ ღამისეულ ალმატში - ვინ რას გეგმავდა და ვინ რა მიიღო?
ახალი წლიდან ავტომანქანების საწვავი თხევადი გაზის 14 ცენტით გაძვირება ყაზახეთის ბიუჯეტს 92 მლნ დოლარად დაუჯდა, მაგრამ ამ ციფრების უკან ათეულობით ადამიანის - როგორც ოპოზიციონერის, ისე სამართალდამცველის - სიცოცხლე, ასობით დაჭრილი და ორ ათასამდე დაპატიმრებული დგას.
5-6 იანვრის ღამე ყაზახეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის - ალმატში "ბართლომეს ღამედ" იქცა, რადგან ქუჩებში ერთმანეთს დაუნდობლად ურტყმდა და ტყვიას ესროდა ყველა: მომიტინგეები - პოლიციელებსა და სამხედროებს, სამართალდამცავები კი - მოქალაქეებს...
ეს არ იყო "ხავედროვანი რევოლუცია" მობეზრებული ხელისუფლების მოსაშორებლად, რადგან მომიტინგეები იარაღის ხელში ჩასაგდებად იარაღის მაღაზიებსა და პოლიციის შენობებს ძარცვავდნენ. ამას ვერც მშვიდობიანი მიტინგების ძალისმიერ დაშლას დაარქმევ, რადგან ყაზახეთის პოლიციამ და სპეცსამსახურებმა თავიდან დიდი სისუსტე გამოიჩინეს - ისინი თვითონ აბარებდნენ იარაღს მომიტინგეებს, ადგილობრივმა სპეცსამსახურმა კი მათ იარაღის ოთახი გაუხსნა.
გასაგებია, რომ ყაზახებს მოჰბეზრდათ ნაზარბაევის კლანის 30-წლიანი მმართველობა და ხელებაწეული პოლიციელების შემყურეებმა ღამის ქალაქებში მაროდიორობას მიჰყვეს ხელი. ზოგი მაღაზიებიდან ტელევიზორებისა და მაცივრების გატანასაც არ დასჯერდა და ბულდოზერით ბანკის კარი შეანგრია, მაგრამ ეს არ იყო რევოლუცია ამ სიტყვის მეტ-ნაკლებად სწორი გაგებით, ეს იყო ერთღამიანი მასობრივი დარბევა-დანგრევა, რათა, სავარაუდოდ, ო-დე-კა-ბეს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) საბაბი მისცემოდა, მეოთხე პუნქტის თანახმად, ყაზახეთში "სამშვიდობო" სამხედრო კონტინგენტი მეორე დილასვე გაეგზავნა.
ყველაფერი, რა თქმა უნდა, ოფიციალურად შეიფუთა - ყაზახეთის მთავრობის თხოვნით, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ო-დე-კა-ბეს თითქმის 4-ათასიანი სამხედრო კონტინგენტი იქნება, რომლის მთავარი ნაწილი 3 ათასზე მეტი რუსი მედესანტეა. ანუ მორიგი "სამშვიდობო მისიის" საბაბით ყაზახეთის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების დანაყოფები ოფიციალურად განთავსდებიან. ხდება ის, რაც საქართველომ და მოლდოვამ, დიდი ხანია, საკუთარ თავზე გამოსცადეს, ახლახან კი ეს "სიხარული" აზერბაიჯანსაც ეწვია ყარაბაღში...
ერთი სიტყვით, პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსული სამხედრო კონტინგენტი ბრუნდება: ზოგან - მიწვევით, ზოგან - "სამშვიდობო მისიით", ზოგან - ოკუპანტის სტატუსით.
ყაზახეთში ისედაც ფუნქციონირებდა რამდენიმე რუსული სამხედრო ობიექტი სარი-შაგანის პოლიგონისა თუ ბაიკანურის კოსმოდრომის სახით, მაგრამ რუს მედესანტეებს მორგებული "ცისფერი ჩაფხუტები" მაინც სულ სხვაა...
ყაზახეთის 19 მილიონ მცხოვრებს შორის 4 მლნ-მდე ეთნიკურად რუსია, რაც, ერთი მხრივ, კრემლს შუა აზიის ტერიტორიულად უზარმაზარ და ნავთობითა და ბუნებრივი აირით მდიდარ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაზე გავლენას უადვილებს, მეორე მხრივ კი სწორედ რამდენიმე მილიონი ეთნიკური რუსის გვერდით ცხოვრებამ ბოლო პერიოდში ძალზე გაზარდა ყაზახების ანტირუსული განწყობა. ხშირად მაღაზიებში რუსულად მოლაპარაკეებს არც კი ემსახურებიან. ყაზახთა არცთუ მცირე ნაწილი თვლის, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან სემიპალატინსკის ბირთვული პოლიგონითა და ბაიკანურის კოსმოდრომით მოსკოვმა ყაზახებს სერიოზული ეკოლოგიური პრობლემები შეუქმნა, რაც მათი შთამომავლების ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს.
რუსეთს ყაზახეთთან ყველაზე დიდი - 7,5 ათასი კმ სიგრძის სახმელთო საზღვარი აქვს, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ კონტროლდება, რადგან, ძირითადად, თვალუწვდენელ სტეპებში გადის, საიდანაც ძალიან ადვილია უამრავი ადამიანის საზღვარზე შეუმჩნევლად გადასვლა, რუსეთში კი არანაკლებ ერთი მილიონი ყაზახეთის მოქალაქეა დროებით სამუშაოდ ჩასული, ასე რომ, ყაზახეთის კონტროლის თუნდაც ნაწილობრივ დაკარგვა, როგორც კრემლს უკრაინის "ფერადი რევოლუციის" შედეგად დაემართა, რუსეთს აშინებს, ამიტომ პრეზიდენტი პუტინი ყველაფერს გააკეთებს, რათა შეინარჩუნოს და გააძლიეროს ყაზახეთის ხელისუფლებაზე სამხედრო-პოლიტიკური ზეგავლენა. ამისთვის ის ყაზახეთში "სამშვიდობო მისიით" სასწრაფოდ გადასროლილ რუს მედესანტეებსაც აქტიურად გამოიყენებს.