ვინ ნატრულობს საქართველოში ყაზახური სცენარის გამეორებას?! - კვირის პალიტრა

ვინ ნატრულობს საქართველოში ყაზახური სცენარის გამეორებას?!

პროფესორი ლადო პაპავა ამბობს, რომ საქართველოსა და ყაზახეთის მდგომარეობის შედარება პრინციპულად არ შეიძლება, რადგან ყაზახეთს აქვს ნავთობი და გაზი, მისი საგარეო-სავაჭრო ბალანსი დადებითია,­ ხოლო საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა, თანაც ყაზახეთში საქართველოსგან განსხვავებით ავტორიტარული მმართველობაა. თხევად გაზზე ფასის გაზრდა, როგორც ჩანს, მოსახლეობის უკმაყოფილების ბოლო წვეთი იყო, საქართველოში კი ინფლაციის გამო მასობრივი პროტესტის საშიშროებას ვერ ხედავს. თუმცა ამბობს, რომ ინფლაცია სერიოზული პრობლემაა და საჭიროა საქართველოს ეროვნული ბანკის ქმედითი ნაბიჯები.

- ეკონომისტები ინფლაციის ორ წყაროს განარჩევენ: პირველი - მოთხოვნით გამოწვეული ინფლაცია, რომლის უკან დგას გაზრდილი ფულის მასა, და მეორე­ - მიწოდების შემცირებით გამოწვეული ინფლაცია, რომლის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს წარმოების ხარჯების ზრდა. მოთხოვნის ზრდით გამოწვეული ინფლაცია ნიშნავს, რომ ხალხს მეტი ფული აქვს, მეტის შეძენა სურს, მოთხოვნა იზრდება და შესაბამისად, ფასებიც იზრდება. როდესაც წარმოების ხარჯები იზრდება, მაშინ მეწარმე ცდილობს პროდუქცია გააძვიროს, რათა არ დაკარგოს პოტენციური მოგება. თუ ბაზარმა ეს გაზრდილი ფასი მიიღო, მაშინ ინფლაციაა, თუ მეწარმე არ წავიდა თავისი მოგების კლებაზე, ის დატოვებს ბაზარს. ბაზრის დატოვება კი ნიშნავს მიწოდების შემცირებას და როდესაც­ მიწოდება მცირდება, იზრდება ფასები. ეს კლასიკაა, რაც ახლა ძალიან მოკლედ განგიმარტეთ. პანდემიამ გამოიწვია მეორე ტიპის, ანუ მიწოდების ინფლაცია. კერძოდ, საქმე გვაქვს ძალიან საინტერესო ახალ ფენომენთან - პანდემიის გამო შეიზღუდა საწარმოთა საქმიანობა, ზოგიერთი­ საერთოდ დაიხურა, ამან კი მიწოდების გლობალური ჯაჭვების რღვევა განაპირობა. მაგალითად, 2020 წელს იაპონიის მთავრობამ 2 მილიარდი გამოყო­ ჩინეთიდან თავისი საწარმოების გამოსატანად. ამ დროს წარმოება გაჩერებულია და დაირღვა­ მიწოდების ჯაჭვი. როდესაც მიწოდების გლობალური ჯაჭვები ირღვევა, მიწოდებაც გლობალურად მცირდება, ეს კი ინფლაციას იწვევს. ეს არა მარტო საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის გლობალური პრობლემაა.

- თუ მთლიანად არ აღმოიფხვრება, ხომ არსებობს მექანიზმი შედეგების როგორმე შესამსუბუქებლად მაინც და საქართველოში რატომ ვერ ხერხდება მისი გამოყენება?

- დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ მოქმედებენ ცენტრალური ბანკები. ცენტრალურ ბანკს არ შეუძლია პროდუქციის მიწოდების გაზრდა - ის ეკონომიკამ უნდა გაზარდოს. მიწოდების შემცირებით გამოწვეული ინფლაციის დაძლევის­ უშუალო ინსტრუმენტი ცენტრალურ ბანკს არა აქვს. ცენტრალური ბანკისთვის ერთადერთი გზაა ფულის გაიაფება, რათა საწარმოებმა შეძლონ კრედიტის აღება და მიწოდების გაზრდა. მაგრამ ცენტრალური­ ბანკი წინააღმდეგობაში მოდის საკუთარ თავთან, რადგან თუ ფულს გააიაფებს, ნაკლებად იქნება დანაზოგების ზრდის ინტერესი. ამიტომ ცენტრალური ბანკები სერიოზული დილემის წინაშე დგანან.

უფრო მძიმე სიტუაციაა იმ ქვეყნებში­, რომელთა ცენტრალური ბანკები ინფ­ლაციის თარგეტირების მექანიზმს იყენებენ, რაც ნიშნავს, რომ ცენტრალური ბანკი განსაზღვრავს, რამდენიმე წლის განმავლობაში როგორი უნდა იყოს წლიური ინფლაციის დონე და ცდილობს ინფლაცია ამ მაჩვენებელთან ახლოს შეინარჩუნოს. ინფლაციის თარგეტირების მექანიზმზე საქართველოს ცენტრალური ბანკი 2009 წლიდან გადავიდა. საქართველოს ეროვნულ ბანკს 2018 წლიდან დადგენილი აქვს, რომ საქართველოში წლიური ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3% უნდა იყოს, 2021 წელი კი ლამის 14%-იანი ინფლაციით დავამთავრეთ. ეს ნიშნავს, რომ ინფლაციის თარგეტირების მექანიზმი არ მუშაობს, რადგან ეროვნულ ბანკს შეუძლია მართოს მოთხოვნის ზრდით გამოწვეული ინფლაცია, მაგრამ არ შეუძლია მიწოდების შემცირებით გამოწვეულის­ შემცირება. სხვა სიტყვებით, როდესაც ფულის მასა დიდია, ის ფულს აძვირებს და ამით ამცირებს ინფლაციის დონეს. ჩვენი ეროვნული ბანკი ფულს მონეტარული განაკვეთის ზრდის ხარჯზე აძვირებს და ამით ცდილობს ინფლაციის შეზღუდვას, სინამდვილეში კი ზღუდავს იმ ინფლაციას, რომელიც მოთხოვნის ზრდით არის გამოწვეული. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ საქართველოში მიწოდების შემცირებით გამოწვეული ინფლაციაა. ამიტომ ცენტრალური ბანკის მოქმედება კი არ ზღუდავს ინფლაციას, პირიქით, ხელს უწყობს. ამას ემატება რეფინანსირების კრედიტები, რაზეც ეროვნული ბანკი უარს არ ამბობს, და ამის შედეგია, რომ ინფლაცია ძალზე მაღალია. მოკლედ, დღეს საქართველოში მაღალი ინფლაცია გლობალური პროცესისა და ეროვნული ბანკის მოქმედების ერთობლივი შედეგია.

- გლობალურ პროცესს რომ ვერაფერს მოვუხერხებთ, ცხადია, მაგრამ ამ პროცესში ეროვნულმა ბანკმა რომ პოლიტიკა შეცვალოს ხომ მაინც არის შესაძლებელი?

- საერთაშორისო სავალუტო ფონდი ბიუროკრატიული ორგანიზაციაა და ინფლაციის თარგეტირების რეჟიმის შეცვლაზე ჯერჯერობით უარს ამბობს. ამიტომ საქართველოს ეროვნული ბანკიც ვერ იტყვის უარს ამ რეჟიმზე დამოუკიდებლად, რადგან ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებები გვაქვს. ფაქტია, პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ინფლაციის თარგეტირების რეჟიმის კრახი უფრო გამოკვეთა და ვფიქრობ, სავალუტო ფონდი აუცილებლად შეცვლის დამოკიდებულებას და ეს პრობლემა საქართველოშიც გადაწყდება.

- გასაგებია, რომ ინფლაციის თარგეტირების რეჟიმი ჩვენი ვალდებულებაა, მაგრამ არ შეიძლებოდა თუნდაც დროებით გადაგვეხვია ამ რეჟიმიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციითა და შეთანხმებით?

- რა თქმა უნდა, შესაძლებელია და ამის საუკეთესო მაგალითია 1998 წელი, როდესაც რუსეთის დეფოლტის დროს საქართველოს მთავრობამ და განსაკუთრებით ეროვნულმა ბანკმა გადაუხვიეს სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს და ქვეყანა გაკოტრებას გადარჩა. დიახ, შესაძლებელია, მაგრამ ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის გამბედაობა. მე არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ - საქართველოს ეროვნულ ბანკში მუშაობენ ძალიან კომპეტენტური ადამიანები, მაგრამ ისინი ხომ ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას? გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს, მაგრამ მიმღები არ არის, რადგან ამას სჭირდება პასუხისმგებლობის აღება თუნდაც იმის ხარჯზე, რომ თანამდებობიდან გადადგომამ მოგიწიოს.

- ამჟამად ძალიან აქტუალურია ყაზახეთში მიმდინარე მოვლენები, რაც, ფაქტობრივად, ფასების ზრდას მოჰყვა. საქართველოში ინფლაცია რამდენად არის კრიზისული და არის შანსი, რომ აქაც ასეთივე მასშტაბური პროტესტი დაიწყოს?

- სამწუხაროდ, გამოჩნდნენ პირები, რომლებიც ყაზახური სცენარის საქართველოში განმეორებას ნატრობენ. როგორ უნდა გძულდეს საკუთარი ქვეყანა, რომ ასეთი­ რამ ინატრო! რაც შეეხება თქვენს კითხვას, მე ასეთ საშიშროებას ნამდვილად არ ვხედავ. ყაზახური მოვლენები თხევადი გაზის გაძვირებასთან არის დაკავშირებული. ყაზახეთს აქვს ნავთობისა და გაზის რესურსები, ამიტომ წლების განმავლობაში ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის ბენზინიც და გაზიც ძალიან იაფი იყო. თანაც ყაზახეთის საგარეო-სავაჭრო ბალანსი დადებითია, ანუ ექსპორტი სჭარბობს იმპორტს. საქართველოში განსხვავებული ეკონომიკური მდგომარეობაა. კერძოდ, ჩვენ სრულად ვართ დამოკიდებული საწვავის იმპორტზე და ჩვენი საგარეო-სავაჭრო ბალანსიც უკიდურესად უარყოფითია. ამასთან, ყაზახეთში ნურსულთან ნაზარბაევმა პრეზიდენტობის 29 წლის განმავლობაში ჩამოაყალიბა ქვეყნის მმართველობის ავტორიტარული რეჟიმი. ვფიქრობ, იქ საწვავის გაძვირება მოსახლეობის უკმაყოფილების ბოლო წვეთი იყო. ამიტომ საქართველოსთან პარალელის გავლება არაკორექტულად მიმაჩნია.

- როგორც მახსოვს, მაღალი ინფლაცია "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროსაც იყო პრობლემა. მაშინ ხომ ართმევდნენ ამას თავს?

- გავიხსენებ 2006 წლის ივლისს, როცა დაფიქსირდა 14,5%-იანი ინფლაცია, რასაც სავალუტო ფონდის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მაშინდელმა მთავრობამ კი რა გააკეთა? პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ცოტა ხნით ადრე ფინანსთა მინისტრი იყო, მივლინებაში მყოფი სტატისტიკის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დანიშნა ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი, რომელმაც მიიღო პოლიტიკური დავალება - უნდა შემცირებულიყო ინფლაციის მაჩვენებელი. ამის შემდეგ ოფიციალური სტატისტიკა ინფლაციას ყოველთვიურად ნაკლებს აფიქსირებდა. მართლაც კი არ მცირდებოდა, სხვადასხვა სტატისტიკური მანიპულაციის შედეგად შემცირებული მონაცემები ქვეყნდებოდა და დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ უკვე მიაღწია იმ მაჩვენებელს, რომელიც დააკმაყოფილებდა სავალუტო ფონდის მოთხოვნებს. სტატისტიკით მანიპულირების აი, ასეთი გამოცდილება გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ხელისუფლება პრინციპულად არ გამოიყენებს.

- თუ ასე გაგრძელდა და ვერ მოხერხდა ინფლაციის შეჩერება, როდემდე შეძლებს ხალხი ფასების ზრდის წნეხის ატანას?

- ასე რომ არ მოხდეს, საჭიროა საქართველოს მთავრობის მიზანმიმართული მოქმედება. მივესალმები პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ძალზე სერიოზულ ინიციატივას მედიკამენტების ფასების შესახებ, რადგან პანდემიის გამო მედიკამენტებზე­ მოთხოვნა ძალიან გაიზარდა. დანაშაულია, რომელიმე მედიკამენტი ძალიან ძვირი იყოს იმის გამო, რომ თურქეთიდან შემოტანა შეზღუდულია. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარება. კერძოდ, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის განვითარება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს - რისი წარმოებაც ქვეყანას თავად შეუძლია, უნდა აწარმოოს. ეს შეამცირებს ქვეყნის დამოკიდებულებას იმპორტზე. ეს არის მოკლე და საშუალოვადიანი სამოქმედო მიმართულება, რომელიც, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი ამოცანების გადაწყვეტაზე მუშაობას არ გამორიცხავს.

- უახლოეს დღეებში და თუნდაც თვეებში როგორ უნდა მოხერხდეს კრიზისის ჩაქრობა?

- კრიზისი უნდა ჩააქრო მაშინ, როდესაც არის. არ არის კრიზისი და რა უნდა ჩააქრო? სიტყვათწყობაა შესაცვლელი, ანუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ კრიზისი­ არ გვქონდეს. ამისთვის კი უპირველესად ცენტრალურმა ბანკმა უნდა გაატაროს უფრო მოქნილი პოლიტიკა. ერთ-ერთს, რასაც ვურჩევდი, ის არის, რომ მოხსნას ბანკებისთვის სესხის უცხო ვალუტაში გაცემის შეზღუდვები და კომერციულ ბანკებს აღარ ექნებათ ლიკვიდობის პრობლემა. ეს კი შეამცირებს რეფინანსირებულ სესხებს და ა.შ. ამის გაკეთება ძალიან მარტივად შეიძლება, რადგან ბანკების იძულება, რომ სესხი ლარებში გასცენ, სრულიად ხელოვნურია, ხოლო ეკონომიკურად - გაუმართლებელი.

რუსა მაჩაიძე