„კრემლი თვლიდა, რომ 2024 წელს პუტინის წასვლა ისევე მშვიდობიანად რეალიზდებოდა, როგორც ყაზახეთში ნაზარბაევის წასვლა მოხდა, მაგრამ ახლა..." - რას წერს ბრიტანული გამოცემა
ბრიტანული „გარდიანის“ (The Guardian) მიერ გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „ყაზახეთის მომავალი, წესრიგის აღდგენის მიუხედავად, სულ უფრო გაურკვეველი ხდება“ (ავტორი - შონ უოლკერი). პუბლიკაციაში საუბარია ქვეყანაში მომხდარი მოვლენების სავარაუდო შედეგებზე, მათ შორის იმაზეც, რომ მთავარი იდეა, რითიც ყაზახეთის ელიტა ამაყობდა - მმართველობის ყახაზური მოდელის ანუ ხელისუფლების ტრანზიტის იდეა უკვე დისკრედიტირებულია, ქვეყნის მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი პოლიტიკა კი - საფრთხის ქვეშ მოექცა.
ჯერ კიდევ ორიოდე კვირის წინ, გასული წლის დეკემბრის ბოლოს (ანუ საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წლის შემდეგ), ისე ჩანდა, რომ პოსტსაბჭოთა ყაზახეთის ლიდერ ნურსულთან ნაზარბაევს თავისი იდეის განხორციელება - ხელისუფლების გადაცემა თავისი მემკვიდრისათვის (ყასიმჟომართ თოყაევისთვის), ყოველგვარი რყევების გარეშე - კარგად გამოუვიდა, მაგრამ სულ მცირე დროში ყველაფერი შეიცვალა.
„მთელი კვირა ეჭვები იყო, რომ საქმე გვაქვს უფრო სხვა მოვლენასთან, ვიდრე ეს სახალხო აჯანყებაა. ეს ეჭვები განამტკიცა შაბათის ახალმა ამბავმა იმაზე, რომ სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით დაკავებულია კარიმ მასიმოვი, სპეცსამსახურების უძლიერესი შეფი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი“, - წერს ავტორი, - ამ ფაქტმა უფრო აქტუალური გახადა ლაპარაკი, რომ თავდაპირველი პროტესტი, სავარაუდოდ, მმართველ ელიტაში არსებულმა სხვადასხვა დაჯგუფებებმა თავიანთი ბრძოლისათვის გამოიყენეს“.
დემოკრატიის გარკვეული დეფიციტის მიუხედავად, ბევრ დასავლელ დიპლომატს დადებითი დამოკიდებულება ჰქონდა ყაზახეთის ხელმძღვანელობისადმი - ალბათ, უფრო იმიტომ, რომ ქვეყნის მთავრობა დასავლური ბიზნესის განვითარება-გაფართოებას ხელს უწყობდა. „ნურსულთან ნაზარბაევმა შეძლო რუსეთ-ჩინეთის დაბალანსება, ითვალისწინებდა სხვა საგარეო გავლენებსაც და, ობიექტურად თუ ვიტყვით, რაღაც რეფორმებიც ნამდვილად განახორციელა“, - ამბობს ავტორთან საუბარში დასავლელი ინკოგნიტო დიპლომატი.
იმავდროულად, ნურსულთან ნაზარბაევთან დაახლოებული ელიტის ნაწილი, მისი პირადი გარემოცვა, წარმოუდგენლად მდიდრდებოდა იმ დროს, როცა მოქალაქეთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ სიღატაკეში ცხოვრობდა. რაც დრო გადიოდა, ხალხის მოთმინების ფიალა ივსებოდა. „ყაზახეთში საბაზრო ეკონომიკა ისეთ კაპიტალიზმს ნიშნავს, რომლის დროსაც დიდი ფული უკანონოდ ტრიალებს. შესაბამისად, დიდია კორუფციის დონე და მექრთამეობა, განსაკუთრებით სახელისუფლებო წრეებში“, - წერდა აშშ-ის ელჩი დიპლომატიურ ანგარიშში ჯერ კიდევ 2010 წელს, ერთ-ერთ ყახაზ ბიზნესმენთან საუბრის შემდეგ.
როგორიც უნდა იყოს უწესრიგობების დასასრული, შედეგი უკვე ჩანს: იცვლება ის მემკვიდრეობა, რომლის შენარჩუნებასაც ნურსულთან ნაზარბაევი იმედოვნებდა. გარდა ამისა, ყაზახური ელიტის ტრაგიკული გამოცდილება რუსეთის საშინაო პოლიტიკაზეც გავლენას მოახდენს: „ვლადიმერ პუტინისა და ნურსულთან ნაზარბაევის მმართველობის მოდელები ერთმანეთის მსგავსია - პოსტიმპერიული პერსონიფიცირებული ავტოკრატიები. კრემლი თვლიდა, რომ 2024 წელს პუტინის წასვლა პოსტიდან ისევე მშვიდობიანად რეალიზდებოდა, როგორც ყაზახეთში ნაზარბაევის წასვლა მოხდა, მაგრამ ახლა ყაზახური ხელისუფლების ტრანზიტის იდეა ისეთი მიმზიდველი აღარ არის, როგორიც ორი კვირის წინათ იყო.
კითხვის ნიშნის ქვეშაა ის, მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკაც, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენდა. როცა ყასიმჟომართ თოყაევმა დახმარების მისაღებად რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფ ОДКБ-ს მიმართ, მისი თხოვნა კრემლმა სწრაფად დააკმაყოფილა. ანუ იმ დროს, როცა მსოფლიოს ყურადღება უკრაინაზე იყო მიპყრობილი, მოულოდნელად რუსული ინტერვენცია სულ სხვა ადგილზე განხორციელდა.
მართალია, ზოგიერთი დასავლელი ექსპერტის განცხადება ქვეყნის ოკუპაციის თაობაზე გადაჭარბებულია (შეყვანილი ჯარების რაოდენობა ოკუპაციის ტოლფასი არ არის), მაგრამ აშკარაა, რომ რუსი მშვიდობისმყოფლები ქვეყნიდან უახლოეს დროშიც რომ გავიდნენ, რეგიონში ძალთა ბალანსი უკვე დარღვეულია და ეს, სავარაუდოდ, აღარ აღდგება.
„ვლადიმერ პუტინისაგან უფასოდ ვერავინ ვერაფერს მიიღებს. სავარაუდოდ, მოხდება Quid pro quo, ანუ „რაღაც რაღაცის ნაცვლად“, - თვლის ბრიტანული საგარეო პოლიტიკის ანალიზის ცენტრის - „ჩეთემ-ჰააუსის“ მეცნიერ-თანამშრომელი ქეით მალინსონი. მართლაცდა, საინტერესოა, რით გადაუხდის ყაზახეთის ხელისუფლება მოსკოვს სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერის ფასს? ალბათ, ამას მალე დავინახავთ“, - წერს ბრიტანული „გარდიანი“. (წყარო)
მოამზადა სიმონ კილაძემ