45-ე ფოთში კატარღებს გვიძირავდა, ეხლა კი ყაზახებს „ამშვიდებს“
ყაზახეთში „მშვიდობის“ დასამყარებლად სასწრაფოდ გადასხმულ რუსულ სადესანტო ნაწილებს საქართველოს წინააღმდეგ ღრმა „კვალი“ აქვთ დატოვებული...
ყაზახეთის პრეზიდენტმა ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით „ო-დე-კა-ბეს“(კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) სამხედრო დახმარება 6 იანვარს სთხოვა და რამდენიმე საათში რუსი მედესანტეებით სავსე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები უკვე ყაზახეთის აეროდრომებზე სხდებოდნენ.
რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარი კი გამოირჩევა ოპერატიულობით, მაგრამ ასეთი სისწრაფე უფრო იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ყაზახეთში თავისი ჯარების გადასროლა „ადგილობრივი მოროდიორებისგან ყაზახი ხალხის დაცვის“ საბაბით.
ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ ყაზახეთის ხელისუფლების განკარგულებაში იყო 90 ათასამდე პოლიციელი და 120 ათასამდე სამხედრო (ეროვნული გვარდიის ჩათვლით), რაც სრულიად საკმარისი ძალა გახლდათ რამდენიმე ასეული შეირაღებული მოროდიორისა თუ ექსტრემისტის გასაუვნებელსაყოფად, ისე, რომ ყაზახეთის პრეზიდენტს დასახმარებლად სხვა ქვეყნებისთვის არ მიემართა...
ასეა თუ ისე, რუსეთის სამხედრო ძალა კიდევ ერთი, მისი უშუალო მეზობლის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, თანაც - ოფიციალურად და იქიდან მისი გაყვანა ყაზახებს უკვე ძალიან გაუჭირდებათ, დიდი მონდომების შემთხვევაშიც კი, მითუმეტეს, რომ კარგად ცნობილია რუსეთის ინტერესები ჩრდილოეთ ყაზახეთის რაიონის მიტაცების თაობაზე, ისევე, როგორც ეს საქართველოს ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის, ასევე - უკრაინის ყირიმის მიმართებაში გააკეთა.
ნიშანდობლივია, რომ კრემლი მეზობლების ტერიტორიებზე „განავარდებას“, ძირითადად, ერთსა და იმავე სწრაფი რეაგირების ინსტრუმენტით - საჰაერო-სადესანტო დანაყოფებით ახორციელებს. ყაზახეთის ტერიტორიაზეც ერთ-ერთი პირველები რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების 45-ე ცალკეული სპეციალური დანიშნულების ბრიგადის დანაყოფები გადასხდნენ, სწორედ იმ 45-ესი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში ფოთის სამხედრო პორტში ქართულ კატარღებს გვიფეთქებდა და გვიძირავდა, ხოლო ფოთის სავაჭრო პორტიდან ამერიკული „ჰამვები“ ალაფად გაჰქონდა და თან დატყვევებული და თვალებახვეული ქართველი სამხედროები მიჰყავდა...
აგვისტოს ომამდე კი, ჯერ კიდევ 1992-1993 წლებში, სოხუმში დისლოცირებული იყო რუსეთის 901-ე ცალკეული საპარაშუტო-სადესანტო ბატალიონი, რომლის პირადი შემადგენლობა აფხაზეთის მთელი ომის განმავლობაში ანტიქართულ საქმიანობას ეწეოდა.
სოხუმის დაცემის შემდეგ ეს ბატალიონი მოსკოვის ოლქში იქნა გადაყვანილი და შევიდა ახლადჩამოყალიბებული 45-ე ცალკეული სპეცდანიშნულების პოლკის შემადგენლობაში. 2014 წლის ბოლოს, უკრაინის ყირიმის ოკუპაციაში წარმატებულად მონაწილეობის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლების ეს დაგეშილი „მწევარი ძაღლი“ - 45-ე პოლკი გამსხვილდა და გადაკეთდა რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების 45-ე ცალკეული სპეციალური დანიშნულების ბრიგადად.
რუსეთმა ყაზახეთში, ასევე, გადაისროლა საჰაერო-სადესანტო ჯარების 98-ე გვარდიული საჰაერო-სადესანტო დივიზიის 331-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკიც. ამ პოლკის დანაყოფები აგვისტოს ომის დროს ცხინვალთან იბრძოდნენ და შემდეგ გორის რაიონის ქართულ სოფლებშიც შემოვიდნენ...