"სააკაშვილმა "შავი სია" თავისი თავით დაიწყოს" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილმა "შავი სია" თავისი თავით დაიწყოს"

მიხეილ სააკაშვილმა „შავი სია" დაიწყოს თავის თავით და მერე ჩამოყვეს თავის პარტიის პოლიტსაბჭოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ე.წ. შავი სიის შექმნის თაობაზე.

ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა დამცველების პოზიცია საინტერესოა, როცა „კუდიანებზე ნადირობის ეს ქრონიკა აქვს გამოცხადებული „ნაციონალურ მოძრაობას".

„თუ ამ სიას თავის თავით დაიწყებს მიხეილ სააკაშვილი, კარგი იქნება. ყოველთვის სჯობს, სანამ სხვის თვალში ბეწვს მოძებნი, საკუთარში დირე აღმოაჩინო. დაიწყოს თავის თავით და მერე ჩამოყვეს თავის პარტიის პოლიტსაბჭოს. ეს ემსახურება საზოგადოების დაზაფვრას, გაურკვევლობის სინდრომის შემოტანას, ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სურს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რომ ქვეყანა იყოს მუდმივი არასტაბილურობის მდგომარეობაში. ეს „შავი სიაც", რომელიც ყველაზე უფრო ფაშისტური და ბოლშევიკური ტრადიციების საუკეთესო გაგრძელებაა, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არსებული პრაქტიკის რეინკარნაციაა და ემსახურება ქვეყანაში მდგომარეობის არევას. სხვათა შორის, საინტერესოა ადამიანის უფლებათა დამცველების რეაგირება ამ ე.წ. შავ სიებზე, როცა კუდიანებზე ნადირობის ეს ქრონიკა აქვს გამოცხადებული „ნაციონალურ მოძრაობას" და მის სატელიტებს,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"