"ეს მუდმივი სიამოვნებაა. სხვა განზომილებაში ხარ" - კვირის პალიტრა

"ეს მუდმივი სიამოვნებაა. სხვა განზომილებაში ხარ"

ცნობილი ტელეპროდიუსერი მამუკა ღლონტი უკვე წლებია მეუღლესთან ერთად ზღვისპირეთში ცხოვრობს. მან ბოლო 8 წელიწადია ცხოვრების სტილი შეიცვალა, სოფლად დასახლდა, მოაწყო იქაური გარემო, მამული, რითაც თავს ბედნიერად გრძნობს. ამის შესახებ ჩვენც დაგვიწერია. მის მამულს უამრავი ვიზიტიორი ჰყავს და ღლონტების სამოთხეში დიდ სიამოვნებას იღებენ. მამუკა ღლონტი ამჯერად გასულ წელს აფასებს, კაპროვანში (ურეკსა და შეკვეთილს შორის) დამკვიდრებულ საახალწლო ტრადიციებზეც გვესაუბრება და 2022 წლის სურვილებსა და ჩანაფიქრსაც გვიმხელს.

მამუკა ღლონტი:

- 2021 წელს თითქმის მთელ ოჯახს "კოვიდი" გვქონდა, მოვერიეთ, მერე ავიცერით, ვშრომობდით, ბევრი ტურისტი გვყავდა. ჩვენისთანა სასტუმრო ზედგამოჭრილია პანდემიის დროს - იზოლირებულია და ამიტომ სტუმარიც არ დაგვკლებია.

glonti2-1641811003.jpg

- 8 წელიწადია კაპროვანში ცხოვრობთ, ალბათ, ახალი წლის შეხვედრისა და აღნიშვნის მანდაური ტრადიციაც ჩამოაყალიბეთ.

- კი, აქ 8 წელია ვცხოვრობთ და ახალ წელს უმეტესად სწორედ აქ ვხვდებით. მხოლოდ ერთხელ შევხვდით თბილისში. ზამთარში ვინც აქ რჩება, თბილისელებს ვგულისხმობ, ახლა მათი რიცხვი უფრო მეტია. მოსახლეც ნაკლებად იყო აქ. ისინი ჩამოდიან, ვისაც აქ სახლი აქვს. მერე ყველანი ერთად ვიკრიბებით და ახალ წელს ვხვდებით. 1, 2, 3 იანვარს სტუმრად დავდივართ. თუ თოვლიც მოვიდა, ხომ საოცარია აქ ამ დღეების გატარება.

ერთხელ დაახლოებით 1 მეტრამდე მოვიდა. ისეთი თოვლი იყო, ხეებს ტოტები დაატეხა. ტოტებმა ელექტროსადენები ჩამოწყვიტა და დენი რამდენიმე დღეს არ გვქონდა. თუმცა იმ დღეებს განსხვავებული ემოციები ახლდა. მეროს, ჩემს ძმაკაც მერაბ გუჯეჯიანს - გვერდიგვერდ ვცხოვრობთ - შეშის ღუმელი ჰქონდა და ვანთებდით. 31 დეკემბერს დილიდან საახალწლო სამზადისი რომ დავიწყეთ, ღუმელი თან გვათბობდა და თან სამზარეულოს საქმეებშიც გვეხმარებოდა. ვიყავით ასე თბილად და ტკბილად.

- ბუნებას თქვენთვის ნამდვილი ახალი წელი მოუწყვია... საახალწლოდ რა ტრადიციები გაქვთ?

- როგორც ყველგან, მაშხალას ჩვენც ვისვრით. ერთმანეთთან მეკვლედ გადავდივართ. ახალი წლის დადგომიდან სადღაც 15 წუთში ზღვის ნაპირზე ჩავდივართ და ახალ წელს ზღვას ვულოცავთ.

glonti-1641811003.jpg

- ზღვისთვის ახალი წლის მილოცვა - რა კარგი რიტუალი გქონიათ... საახალწლო სუფრის სამზადისში, როგორც გატყობთ, პირადად ხართ ჩართული.

- რა თქმა უნდა. გოჭი, საცივი, ჩურჩხელა, გოზინაყი, კახური ღვინო სუფრაზე ხომ უნდა გვქონდეს? საცივს, როგორც წესი, ჩემი მეუღლე აკეთებს, გოჭს მე ვუკვეთ ფოთში.

გოზინაყიც გამიკეთებია, ტორტიც გამომიცხვია და ახლა პურსაც მე თვითონ ვაცხობ. პურის გამოცხობა არ არის მარტივი საქმე...

- ამიტომაც ამბობენ, პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო...

- მერე მეპურეც ვარ, რა პრობლემაა?! ისე კი არაა, მოვინდომე, სერიოზულად ვიმუშავე, ვისწავლე და გამოვაცხვე. ასე რომ, არაერთი ექსპერიმენტი მაქვს ჩატარებული. მთავარი საფუარია, მერე ცომის მოზელისას უნდა იცოდე, რა კონდიციამდე მიიყვანო. მნიშვნელოვანია აფუების პროცესი. გამოცხობისას ტემპერატურა თამაშობს დიდ როლს. იმასაც ცოდნა უნდა, როდის მოუმატო, ქერქი რომ ჰქონდეს, ბოლოს ცოტა მაღალი ტემპერატურაა საჭირო. პურის ცეხვილი ფქვილით გამოცხობაც დავიწყე. ცეხვილი ფქვილის პური კიდევ სხვა რამეა.

- ცხობას რა დროს სჭირდება?

- თავიდან ბოლომდე 5-6 საათი. იმასაც გააჩნია, როგორ პური გინდა - ძალიან აფუებულს მეტი დრო სჭირდება, ნაკლებად ფუმფულას - ნაკლები. ტემპერატურული რეჟიმი უნდა იყოს დაცული და ცომი სითბოში გვქონდეს. პურის ცხობა კორონას პერიოდში დავიწყე.

glonti4-1641811003.jpg

- ტურისტებსაც სთავაზობთ თქვენს პურს?

- არა, ჩემს მეზობლებს მოვუკითხავ ხოლმე, მაგრამ თუ ისეთი სტუმარი მყავს, რომელსაც ვიცნობ, როცა გამოვაცხობ, მასაც მოვუკითხავ ხოლმე.

- თბილისური ახალი წელი რით განსხვავდება კაპროვანის ახალი წლისგან?

- იმით, რომ მიწაზე დგამ თუ არა ფეხს, სოფელში ხარ, მეზობელთან მარტივად გადადიხარ, თუ ცოტა შორს ცხოვრობს, მასთან ველოსიპედით მიდიხარ. უკან დაბრუნებისას თუ ცოტა შებუჟბუჟებული ხარ, იქიდანაც მაინც ველოსიპედით ბრუნდები, ან სხვა მეზობელთან გადაუხვევ. მოკლედ, ასე სიყვარულში ვართ.

- ახალი წლის ღამეს პირველი რა სადღეგრძელოა თქვენთვის მნიშვნელოვანი?

- პირველი სადღეგრძელო არის გურიის, მერე კაპროვანის, ანუ შეზღუდვა პირველ ორ სადღეგრძელოზეა, დანარჩენს უკვე ვისაც რა უნდა, იმას სვამს...

- მეკვლეც, ალბათ, ხშირად ხართ?

- კი, მეუბნებიან, კარგი ფეხი გაქვსო...

- 2022 წლისთვის რა გეგმები და მიზნები დასახეთ? თქვენს მშვენიერ მამულში კიდევ რის გაკეთებას აპირებთ, და საერთოდ, რა სურვილები გაქვთ?

- 2022 წელს ერთი პატარა სახლი მინდა კიდევ ავაშენო - ასე, ორსაძინებლიანი. პატარა ნაკვეთი ვიყიდე, ჩვენს ეზოს ესაზღვრება... დანარჩენი რა სურვილები მაქვს - ბედნიერება, სიკეთე, კარგ ქვეყანაში ცხოვრება მინდა, ნაკლები გინება და ბილწსიტყვაობა რომ ისმოდეს. მინდა ბევრი განათლებული ბავშვი და მოზარდი გვყავდეს, ადამიანები იყვნენ ჯანმრთელი.

ზღვის პირას ცხოვრებაზე რომ ამბობდნენ, გამორჩეული რამეაო, არ მჯეროდა. არადა, ეს მუდმივი სიამოვნებაა. სხვა განზომილებაში ხარ. დრო სხვანაირად გადის... ზაფხულში ველოსიპედით მივდიოდი და ერთ ეზოში დავინახე, რომ ვიღაც ტურისტი ხეზე ჩამოკიდებულ სარკეში იყურება და წვერს იპარსავს. უცბად გამახსენდა, რომ 2 კვირაა სარკეში არ ჩამიხედავს და მერე ველოსიპედის სარკეს ჩავხედე. აქაურობა ცხოვრებას როგორ არ ცვლის. რომ მეგონა, ადრეულ წლებში რაღაცებს ვაკეთებდი, ყველაზე დიდი სიამოვნება თურმე წვრილმანებში ყოფილა...

ერთს ვიტყვი, ადამიანებს რატომღაც ჰგონიათ, რომ სამყარო მათ გარშემო ტრიალებს, ასე ნამდვილად არ არის, სამყაროს გარშემო ჩვენ ვტრიალებთ... და არც სიმდიდრესა და ფულშია ბედნიერება.