ტყემლოვანის ქვევრების ევროპული ოდისეა - კვირის პალიტრა

ტყემლოვანის ქვევრების ევროპული ოდისეა

"ტყემლოვანაში ახალგაზრდების უმეტესობა მექვევრეობას, მამა-პაპის საქმეს აგრძელებს“

როდესაც მსოფლიომ საქართველო პირველი ღვინის ქვეყნად აღიარა, ალბათ, ბევრ ჩვენგანს ის პირველი ქართველები წარმოუდგა თვალწინ, პირველი ქვევრი რომ შექმნეს და საწნახლიდან მორაკრაკე ღვინო პირველად მიუშვეს: მსგავსი ათასწლოვანი მისტიკა ხომ - "კაცი, ღვინო და ქვევრი" - კაცობრიობას არ გააჩნია, თანაც წარმოიდგინეთ, რომ "ათასწლეულების მიღმა გადახედვა" სულაც არ არის საჭირო, რათა ეს ყველაფერი დღესაც თითქმის ისეთივე ნახო, როგორიც ჩვენს წინაპარს ჰქონდა. ამისთვის საკმარისია ეწვიო თუნდაც ჭიათურის სოფელ ტყემლოვანს, სადაც ისევე აკეთებენ ქვევრებს, როგორც ჩვენი მამა-პაპანი საუკუნეების წინათ.

ერთი ეგ არის, კახეთისგან განსხვავებით, აქ ქვევრს ჭური ჰქვია, თორემ მექვევრეობის უძველეს საქმეს ეს სოფელი მომავალშიც ისევე შეინარჩუნებს, როგორც ათასწლეულების განმავლობაში შეინარჩუნა. დღეს ტყემლოვანელების უმეტესობა არსადაც არ მიდის. პირიქით, როდესაც მათ ქვევრზე მოთხოვნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაჩნდა, ახალგაზრდები უკან დაბრუნდნენ და მამა-პაპის საქმე განაგრძეს. მათ შორის არის ვასილ გველესიანიც. დღეს უკვე მისი ჩამოსხმული ქვევრები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იგზავნება, სადაც ხალხი ღვინოს ტყემლოვანის ჭურებიდან გეახლებათ. მისი პროფესიონალიზმის დასტურად ბულგარელი მეღვინის, ნიკოლას დალაკოვის ეს სიტყვებიც კმარა: "ქვევრის ღვინოს 2014 წლიდან ვაწარმოებ. ცოტა ხნის წინ თქვენგან 40 ქვევრი ვიყიდე. დიდი მადლობა ქართველო მეგობრებო, რომ ასეთი უმაღლესი ხარისხის ქვევრები გამოგვიგზავნეთ".

- შვიდ წელიწადს ვიცხოვრე უცხო­ეთში. როდესაც დღეს მეკითხებიან, შენს სოფელში უკეთესია თუ იქო, მიკვირს. უცხოობაში რა უნდა იყოს უკეთესი, ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება რომ არ ჭირდეს. ერთხანს ჩვენს ქვევრებზე მოთხოვნა რომ შეწყდა და გაჭირდა, მეც იმიტომ წავედი უცხოეთში, მერე როგორც კი შევამჩნიე, რომ ქვევრზე მოთხოვნა განახლდა და შრომით თავის რჩენა იქნებოდა შესაძლებელი, ჩამოვედი. დღეს ტყემლოვანაში იმაზე მეტი ახალგაზრდაა, ვიდრე ჭიათურის რომელიმე სოფელში. უმეტესობა მექვევრეობას, მამა-პაპის საქმეს აგრძელებს.

qvevri-1641813308.jpg

ჩემს ოჯახში ჯერ ბაბუაჩემი აკეთებდა ქვევრებს, მერე მამაჩემი. ისინიც ისევე დადიოდნენ სოფლიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრზე, ე.წ. შავ მიწაზე, როგორც დღეს მთელი ოჯახი დავდივართ. ამ საქმეში მთელი ოჯახი ვართ ჩართული: ჩემი მშობლები და ძმა. ქვევრის თიხასაც წინაპრებივით საკუთარი ხელით ვარჩევთ. შერეული და გაუსუფთავებელი თიხით თუ ჩამოასხი ქვევრი, ის არც ღვინისთვის გამოდგება და არც კაცისთვის. ისე, ხელით რომ ვაკეთებთ ყველაფერს, სწორედ იმიტომ არის ჩვენი ქვევრები გამორჩეული.

- აბა, კახელები რომ ამბობენ, იმერლების ქვევრებს ჩვენი ქვევრები სჯობიაო?

- არ იტყოდნენ. თავადაც ხომ იციან, რომ კახელი მეღვინეებისთვის ქვევრების 90% ჭიათურიდან მიდის.

- ვიხუმრე. კახელებიც აღიარებენ, რომ ტყემლოვანაში ბევრად უკეთესი ქვევრები კეთდება, ვიდრე კახეთში, რადგან საქვევრე თიხა უფრო მაღალხარისხიანია, თანაც მხოლოდ კახეთში ხომ არ მიდის ტყემლოვანის ქვევრები, მეღვინეობის არაერთ ქვეყანაში იგზავნება. საკვირველია, რომ ამდენი ქვევრი ერთ პატარა სოფელში და თანაც ხელით კეთდება.

- დიახ. მხოლოდ ერთი განსხვავებაა, ჩვენი წინაპრები თიხას ურმით ზელდნენ, ჩვენ უკვე ელექტროტექნიკით ვზელთ, რომელიც თავადვე გამოვიგონეთ. ურმით თიხის მოზელა ძნელი და ხანგრძლივი პროცესი იყო. ხარების კვებასა და შენახვასაც ბევრად მეტი ხარჯი სჭირდებოდა. ელექტროტექნიკით თიხა შეუდარებლად სწრაფად იზილება. თიხას ნაწილ-ნაწილ ვზელთ, რათა არ გამოგვიშრეს. ყოველ მოზელაზე ჩვენს ქვევრებს რამდენიმე სანტიმეტრს ვამატებთ სიმაღლეში, შემდეგ კი ქვევრს გამოვწვავთ, რასაც ასევე მამაპაპური ღუმელებით ვაკეთებთ. ღუმელები დაახლოებით 900ოჩ-ზე და მეტზე ხურდება. ეს საკმარისია, რომ ქვევრმა საუკუნეებს გაუძლოს.

ქვევრებს დაახლოებით 6-7 თვის განმავლობაში ვასხამთ. ზამთარში ვისვენებთ და საქმეს გაზაფხულზე განვაგრძობთ. 3-4 თვეს ზაფხულში ვმუშაობთ, რაშიც მთელი ოჯახი მეხმარება. გააჩნია, რამდენის შეკვეთა გვაქვს. დიდი მოთხოვნაა 2,5-ტონიან ქვევრებზე.

ევროპიდან დიდი მოთხოვნა გვაქვს ქვევრებზე. სწორედ ახლახან გავუგზავნე ბულგარეთის ერთ-ერთ ღვინის კომპანიას დაახლოებით ჯამში 250 ტონის ტევადობის ქვევრები. სხვათა შორის, აღფრთოვანებული დარჩნენ. ჩვენი ქვევრები ამერიკაშიც გადის.

- ალბათ, გემით.

- დიახ. დიდი სიფრთხილით ვაწყობთ სატვირთო ავტომობილებზე და ბათუმის პორტამდე ვამგზავრებთ. საკვანძო ადგილებზე ქვევრები ასევე სიფრთხილით გადაიტვირთება, რაც ყველა პარტნიორმა იცის.

- ის თუ იციან, რომ ჩვენი წინაპრები როდესაც ქვევრს ღვინით აავსებდნენ, მას თიხით გადაუფარავდნენ თავს, რათა ღვინო ტემპერატურის შენარჩუნებით საუკეთესოდ შენახულიყო.

- ამაზე საუბარი გვქონდა ჩვენს პარტნიორებთან. ისინი ჭურს თავზე სპეციალურ მინას აფარებენ.

კიდევ ერთი გარემოება: ჩვენი, ტრადიციული ქვევრის წარმოების მეთოდში უდიდეს როლს თამაშობს ქვევრის გამოსანთვლა - როდესაც ქვევრებს შიგნიდან სანთლით ამოვფენთ, რათა ღვინოს უკეთესი გემოვანი თვისებები და სარგებლიანობა ჰქონდეს. ჩვენს პარტნიორებს ეს ხშირად უკვირთ, როგორ ახერხებთ ხელით ასე ოსტატურად გამოსანთვლას, ეს ჩვენთვის გამოცანააო. რაც მთავარია, თაფლის სანთელსაც საუკეთესოს ვხმარობთ. იმერეთში უამრავი მეფუტკრეა, რომლებიც საუკეთესო სანთელს შემოგთავაზებენ.

- მინდა წარმატება გისურვოთ და ასევე ვუსურვო ქართულ ქვევრსაც, რომელიც მსოფლიოს ღვინის სამყაროში ჩვენს პრესტიჟს ამაღლებს.

- ეს ჩვენც ვიცით და იმედს არავის ვუცრუებთ. დღეს უამრავ ქვეყანაში გვყავს პარტნიორი. იმედია, მომავალში უფრო ბევრი გვეყოლება.