"პარტიას აქვს კრიზისი, რამაც მთლიანად ყირაზე დააყენა პოლიტიკური დღის წესრიგი" - როგორ აფასებს გია ხუხაშვილი ცვლილებებს "ნაციონალურ მოძრაობაში" - კვირის პალიტრა

"პარტიას აქვს კრიზისი, რამაც მთლიანად ყირაზე დააყენა პოლიტიკური დღის წესრიგი" - როგორ აფასებს გია ხუხაშვილი ცვლილებებს "ნაციონალურ მოძრაობაში"

"ნაციონალურ მოძრაობაში“ სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა, ნიკა მელიამ კი პარტიის თავმჯდომარეობის გარდა, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობაც შეითავსა.

შესაბამისი გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღო, რომელიც მედიას ნიკა მელიამ გააცნო.

პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტს პეტრე ცისკარიშვილი დაიკავებს.

როგორც ნიკა მელიამ პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, განახლების აქტიური პროცესი გაგრძელდება როგორც თბილისში, ისე, რეგიონებში.

აღნიშნულ თემაზე ექსპერტი გია ხუხაშვილი გვესაუბრება.

- ბატონო გია, როგორ შეაფასებთ "ნაციონალურ მოძრაობაში" განხორციელებულ ცვლილებებს?

- სიმართლე გითხრათ, მე კარგად ვერ ვერკვევი "ნაციონალური მოძრაობის" საკადრო პოლიტიკაში, რომ მათი წევრების პერსონალურ შესაძლებლობებზე ჩემი აზრი მქონდეს. ფაქტია, რომ პარტიას აქვს გარკვეული კრიზისი, რომელიც ჩამოყალიბდა მიხეილ სააკაშვილის უცნაური ჩამოსვლის შემდეგ, რამაც მთლიანად ყირაზე დააყენა პოლიტიკური დღის წესრიგი. გაართულა პოლიტიკური ამოცანები, რამაც გარკვეული შიდაპარტიული კონფლიქტები წარმოშვა. პარტიაში იყო ორი კონცეფცია, რომელიც ეწინაღმდეგებოდა ერთმანეთს. პირობითად მათ დავარქვათ მელიას კონცეფცია, რომელიც ემყარებოდა იმას, რომ საარჩევნოდ ხმების მისაღებად საჭიროა დიდი გაერთიანების ფორმირება, ხოლო მეორე კონცეფცია გულისხმობდა გაერთიანების შექმნას ერთი ბელადის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ, რის მიხედვითაც განვითარდა საბოლოოდ პოლიტიკური პროცესები და შექმნა პრობლემები.

დღეს არის მოცემულობა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია და მისი გათავისუფლების პოლიტიკური რესურსი პარტიას ამ წუთისთვის არ აქვს. ეს იწვევს პრობლემებს და ცვლილები რომ საჭიროა, ცხადია.

- ცვლილები პარტიის მხარდამჭერებისთვისაც ლუსტრაციაა იმისა, რომ არასაკმარისი აღმოჩნდა მათი პოლიტიკური ნაბიჯები?

- კი, ბატონო. იმისათვის, რომ შეინარჩუნონ ამომრჩეველი, მინიმუმ უნდა აჩვენონ, რომ რაღაცას აკეთებენ, რაღაცას ცვლიან.

- თქვენი აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილება ნიშნავს თუ არა ნიკა მელიას "ჩაჩოჩებას" პარტიის პოლიტიკური პროცესებიდან?

- ჩემი პირადი აზრია, რომ ნიკა მელიას კონცეფცია სწორი იყო. მისი კონცეფციით რომ წასულიყო ყველაფერი, მთლიანობაში ოპოზიციას უკეთესი შედეგი ექნებოდა დღეის მდგომარეობით, მაგრამ პარტიაში ე.წ. "ქორებმა" ვიღაცას ხომ უნდა დააბრალონ ყველაფერი და ყველა პრობლემას მელიას აბრალებენ, ჩემი აზრით, დაუმსახურებლად.

რაც შეეხება კონკრეტულ ცვლილებებს, მე არ მგონია, რომ ნაყოფია და ცისკარიშვილი მელიას ანტაგონისტებად მოვიაზროთ. ვფიქრობ, ნაყოფია და ცისკარიშვილი "ქორების კოჰორტას" არ მიეკუთვნებიან, ისინი შედარებით ზომიერები არიან. ასე რომ, მე არ მგონია, რომ ამ ცვლილებებით მელიას თავის ტკივილი გაეზარდა, თუმცა, უნდა დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

- რა ეშველება მინელებულ "პოლიტიკური დუღილის" ტემპერატურას? როგორია მიხეილ სააკაშვილის როლი მიმდინარე პროცესებში?

- დუღილის ტემპერატურის დიდხანს შენარჩუნება ისედაც შეუძლებელი იყო. მაღალი ტემპერატურის დაჭერას სააკაშვილი დღემდე ცდილობს. ხან წნევას უსინჯავენ, ხან ტემპერატურას, ხან ეკონომიკურ პროგრამას წერს. დღეს არ აგდებს. ბუნებრივია, მისი როლი ამ პროცესებში ჩანს. ის არის ე.წ. პოლიტიკური ეგოცენტრისტი, მას პარტია თავისი თავის ირგვლივ წარმოუდგენია მხოლოდ და არა სხვაგვარად, მაგრამ რეალობასაც აფასებს და აქედან გამომდინარე, ის მაინც ფიქრობს, რომ მელია მას სჭირდება.

- არსებობს მოსაზრება, რომ ნიკა მელია, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე, ცალკე, ვერაფერს შექმნის. თქვენ როგორ ფიქრობთ?

- "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" რელიგიურ საწყისებზე არიან შექმნილი. ერთი ადამიანის გარშემო ტრიალებენ. "ქართულ ოცნებაში" დღემდე ასეა. პარტიის აქციების 100% დღემდე ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", მსგავსი დამოკიდებულება ნიკა მალიას გამოჩენით ნაწილობრივ დაირღვა, ანუ მან თავისი პოლიტიკური სახე შექმნა, გარკვეული პირადი კაპიტალი დააგროვა. ეს, ერთი მხრივ, კარგია, პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ მეორე მხრივ, კონფლიქტს იწვევს, რადგან რელიგიის კონვერტაცია პარტიაში ძალიან მტკივნეული პროცესია. შესაბამისად, მელია ჰყავთ სამიზნეში, რადგან ის ქმნის საფრთხეს, რომელიც ანგრევს მათ სამყაროს. თუმცა ვფიქრობ, ამ ეტაპზე, ნიკა მელია საკმაოდ ოსტატურად უმკლავდება შემოტევებს.

- ცვლებები პარტიაში დამატებით რისკებს შეიცავს, ეს ერთი ნაბიჯით წინ წაწევს "ნაციონალურ მოძრაობას", თუ პირიქით?

- რა თქმა უნდა, კრიზისია პარტიაში. გარკვეული აპათიის ელემენტები შეიმჩნევა ამომრჩეველშიც. მხარდამჭერების თვალსაზრისითაც, პარტიას არ აქვს ელექტორალურად ზრდის პოტენციალი. ერთადერთი თეორიული შანსი, ვისაც შეეძლო პარტია განევითარებინა, ჰქონდა ნიკა მელიას.

ჩემს პირად მაგალითზე გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა", როგორც პარტია, აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის, მაგრამ მერის არჩევნებზე ნიკა მელიას მივეცი ხმა. რატომ? იმიტომ, რომ მან აჩვენა, რომ ის ცოტა მეტია, ვიდრე პიროვნული ინტერესები, ის სხვა პარტიებსაც პარიტეტულ საწყისებზე ელაპარაკებოდა.

ახლა რეგიონებში გასვლა და პოლიტიკური აქტივობები, აქციები, ეს ყველაფერი ხარკის გადახდაა, რადგან ამომრჩეველი ჰყავს პარტიას შესანარჩუნებელი და სჭირდება იმედის ახლოს დაკიდება და არა შორს, მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს ერთგული და სტაბილური მხარდამჭერები. მათი ამომრჩევლისთვის სხვა პარტია პოლიტიკურ ველზე არ ჩანს, ამიტომ ელექტორატის დაკარგვის საფრთხეს დიდად ვერ ხედავენ.

რუსკა კილასონია (სპეციალურად საიტისთვის)