იან კელი: "მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ახლანდელი მთავრობით... საქართველო უკრაინას მხარს უფრო აქტიურად უნდა უჭერდეს" - კვირის პალიტრა

იან კელი: "მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ახლანდელი მთავრობით... საქართველო უკრაინას მხარს უფრო აქტიურად უნდა უჭერდეს"

მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ახლანდელი მთავრობით - საქართველო უკრაინას მხარს უფრო აქტიურად უნდა უჭერდეს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა იან კელიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა.

როგორც იან კელიმ აღნიშნა, საქართველოს უკრაინისთვის ბევრად მეტი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა შეუძლია.

„მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ახლანდელი მთავრობით. არა მხოლოდ იმ ნაბიჯებით, რომლებითაც ისინი მარგინალიზებას ახდენენ და აუქმებენ კიდეც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მსგავს, ძალაუფლების დამაბალანსებელ სტრუქტურებს, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენ საკმარისად არ გაგვიგია საქართველოს ხმა. იქნებ მე გამომრჩა, მაგრამ მგონია, რომ არ გვინახავს მრავალმხრივი, აქტიური რიტორიკა, მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. რაიმე კონკრეტული დახმარების შეთავაზება, პრემიერ-მინისტრების ზარები და თქმა, რომ ჩვენ იგივე გავიარეთ 2008 წელს, რით შეგვიძლია დაგეხმაროთ, როგორ გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება. ისე ჩანს, რომ მთავრობას ურჩევნია თავი ჩახაროს, ვიდრე გვერდით დაუდგეს პარტნიორ ქვეყანას, რომელიც ახლა იმავეს გადის, რაც საქართველომ გაიარა. ისინი რჩებიან ჩუმად და არ აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც მოსალოდნელი იქნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. ვფიქრობ, საქართველოს ბევრად მეტი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა შეუძლია უკრაინისთვის“,- განაცხადა იან კელიმ.

მისივე თქმით, საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც უკან მიდის.

„საქართველო წინ უნდა მიუძღოდეს და მართავდეს რეფორმების მთელ ტალღას იმის საჩვენებლად, რომ ის ევროატლანტიკური ინსტიტუტის წევრობის ღირსია. მოსახლეობის 70%-ს ეს სურს და მაინც, ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომელიც უკან მიდის. მე არასდროს მინახავს საქართველოს მთავრობა, რომელიც აუქმებს ევროპასთან/ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას და მათ ეს გააკეთეს. არასდროს მინახავს საქართველოს მთავრობა, რომელიც ამერიკის ელჩს აკრიტიკებს. საქართველო არ მიიწევს დასავლეთით და იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, საერთოდ რა მიმართულებით მიდის, ალბათ საკუთარ სიღრმეებშივე. მაგრამ ეს ძალიან ცუდი დროა ამ ყველაფრისთვის მაშინ, როდესაც მიმდინარეობს რეალური დისკუსია ნატოს გაფართოების შესახებ. მე ეს ძალიან, ძალიან მაშფოთებს", - განაცხადა იან კელიმ.

გარდა ამისა, როგორც „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში კელიმ ამერიკა-რუსეთის დიალოგთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, მკაცრად უნდა დავუპირისპირდეთ იმ სიყალბეს, რის მტკიცებასაც მოსკოვი ცდილობს, რომ „თითქოსდა ვაშინგტონი აიძულებს საქართველოსა და უკრაინას, რომ ნატოს შეუერთდნენ“.

„ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ვლადიმირ პუტინისთვის შესაბამისი გზავნილების ხაზგასმაა: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შენ გესაუბრებით უსაფრთხოების საკითხებზე, ესაა საუბარი უსაფრთხოების უფრო ფართო თემებზე ორ ბირთვულ ძალას შორის. ბაიდენის ადმინისტრაცია ამ საუბარს კრემლისგან სრულიად განსხვავებულ კონტექსტში განიხილავს. ისინი ამას ახასიათებენ რუსეთთან რეგულარული სტრატეგიული დიალოგის კონტექსტში. ასე რომ გზავნილები, რომელიც ამ შეხვედრებს მოჰყვება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მკაცრად უნდა დავუპირისპირდეთ იმ სიყალბეს, რის მტკიცებასაც მოსკოვი ცდილობს, რომ თითქოსდა ვაშინგტონი აიძულებს საქართველოსა და უკრაინას, რომ ნატოს შეუერთდნენ. ნატო არ მიიწევს აღმოსავლეთით. პირიქით, ამ ქვეყნებს, რომლებიც აღმოსავლეთში არიან, სურთ დასავლეთისკენ მოძრაობა და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რასაც გამუდმებით უნდა გავუსვათ ხაზი არა მხოლოდ ვაშინგტონმა, არამედ ნატოს ყველა წევრმა და წევრობის მსურველმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ“,- განაცხადა იან კელიმ.

ინტერპრესნიუსი