“ცხელი იანვარი” ყაზახეთში: უცნაური სახელმწიფო გადატრიალება, რომელმაც პრეზიდენტი უფრო გააძლიერა - კვირის პალიტრა

“ცხელი იანვარი” ყაზახეთში: უცნაური სახელმწიფო გადატრიალება, რომელმაც პრეზიდენტი უფრო გააძლიერა

“ცხელი იანვარი” ყაზახეთში: უცნაური სახელმწიფო გადატრიალება, რომელმაც პრეზიდენტი უფრო გააძლიერა

სტაბილურობით გამორჩეულ ყაზახეთის რესპუბლიკაში “თხევად გაზზე” ფასის გაორმაგების გამო საპროტესტო გამოსვლები 2022 წლის 2 იანვარს დაიწყო, რომელიც დიდ ანტისამთავრობო პროტესტში გადაიზარდა. უწესრიგობამ და ქაოსმა მოიცვა ყაზახეთის ძირითადი სამრეწველო და ადმინისტრაციული ცენტრები, დედაქალაქ ნურ-სულთანის გარდა. პრეზიდენტმა თოყაევმა მთავრობა გადააყენა და ძირითად პროდუქტებზე ფასების სახელმწიფო რეგულაციის განკარგულება გასცა. ამის მიუხედავად, ქვეყანაში საპროტესტო აქციები გრძელდებოდა. დემონსტრანტებმა პოლიციაზე იერიში მიიტანეს და დიდ ქალაქებში ადმინისტრაციის შენობების დაკავება დაიწყეს. 5 იანვარს, გვიან ღამით, დემონსტრანტების წინააღმდეგ „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაიწყო. თოყაევის თხოვნის საფუძველზე, ყაზახეთში “ოდეკაბეს” ქვეყნების 3000-მდე ჯარისკაცი შევიდა (მათ შორის, 2500-ზე მეტი - რუსეთიდან). ამის შემდეგ, 9 იანვარს პრეზიდენტ თოყაევის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში წესრიგი აღდგა და ხელისუფლებამ აღადგინა კონტროლი ადმინისტრაციულ შენობებზე. თუმცა ყაზახეთში 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კრიზისი ისევე მოულოდნელად დასრულდა, როგორც დაიწყო. ესაა პირველი ნიშანი იმისა, რომ “ცხელი იანვარი” ყაზახეთში არა “თხევად გაზზე” ფასების მომატებით გამოწვეული სპონტანური სახალხო პროტესტი, არამედ - კარგად დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალება იყო.

ვინ როგორ შეხვდა საბედისწერო ახალ წელს და ვინ რა მიიღო “ხუთდღიანი პროტესტების” შემდეგ? ვინ დაგეგმა სახელმწიფო გადატრიალება? ეს სახელმწიფო გადატრიალება იყო თუ ნაზარბაევის ხელისუფლებიდან საბოლოოდ ჩამოცილების სპეცოპერაცია? - ჯერჯერობით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე - პასუხები.

5 იანვარს ქვეყნის პრეზიდენტმა თოყაევმა სიცოცხლის ბოლომდე ყაზახეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე და “ელბასი” (ეროვნული გმირი) ნაზარბაევი თანამდებობიდან გადააყენა და ორხელისუფლებიანობასაც წერტილი დაუსვა. 2017 წელს მიღებულ იქნა კანონი ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ, რომლის თავმჯდომარედ უვადოდ დაინიშნა ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი ნაზარბაევი. ამ კანონის მიხედვით ნაზარბაევს სიცოცხლის ბოლომდე საშუალება ჰქონდა, კულისებიდან ემართა ყაზახეთი.

თავად განსაჯეთ, ნაზარბაევი ყაზახეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან კოორდინაციას უწევდა: სახელმწიფო ორგანიზაციების, სამართალდამცავი და სპეციალური ორგანოების საქმიანობას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების, სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის, კანონისა და წესრიგის უზრუნველყოფის სფეროში ღონისძიებების განხორციელების კუთხით. ასევე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აკონტროლებდა საკანონმდებლო მარეგულირებელი დოკუმენტების შესრულებას. უშიშროების საბჭოს შემადგენლობას უშიშროების საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით აყალიბებდა ყაზახეთის რესპუბლიკის, ფაქტობრივად უუფლებო პრეზიდენტი თოყაევი. 2022 წლის 5 იანვრამდე მოქმედი ყაზახეთის მთავრობა მთლიანად ნაზარბაევის დანიშნული იყო.

თოყაევმა მთავრობაც გადააყენა და, რაც ყველაზე საყურადღებოა, სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე კარიმ მასიმოვის დაპატიმრების ბრძანება გასცა. თოყაევმა თავისი განკარგულებით გაათავისუფლა მასიმოვის პირველი მოადგილეც, ნაზარბაევის ახლო ნათესავი, სამათ აბიში. საინტერესოა, რომ მასიმოვიც და აბიშიც 2018 წელს ნაზარბაევის შემდეგ ყაზახეთის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებად განიხილებოდნენ.

7 იანვარს თოყაევმა, ცდილობდა რა გაემართლებინა “კოლექტიური უსაფრთხოების ძალების” ყაზახეთში მიწვევა, განაცხადა, რომ “მხოლოდ ალმათის 20 ათასი ბანდიტი უტევდა” და ქვეყნის სპეცსამსახურები დაადანაშაულა: “ჩაეძინათ” და ტერორისტული თავდასხმების ფარული მომზადება ვერ აღკვეთესო. თუმცა დღემდე უცნობია, თუ რა გარეშე საფრთხე ემუქრებოდა ყაზახეთს და ვისგან? ან რატომ არ შეუტიეს “ტერორისტებმა” ქვეყნის დედაქალაქ ნურ-სულთანს, რათა ხელისუფლების მართვის ცენტრები დაეკავებინათ?

ეს მცირე ანალიზიც საკმარისია იმისთვის, რომ შემდეგი დასკვნა გამოვიტანოთ: ნაზარბაევის კლანს არანაირად არ სჭირდებოდა იანვრის “სახალხო პროტესტების” პროვოცირება და ყაზახეთის დესტაბილირება, მით უფრო - “სახელმწიფო გადატრიალება”, რადგანაც ისინი ისედაც მთელ ქვეყანას მართავდნენ. სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების სადავეების თავის ხელში აღება მხოლოდ უუფლებო პრეზიდენტ თოყაევს და მის გარემოცვას სჭირდებოდა. თუმცა მათ სერიოზული პრობლემა ჰქონდათ: ყაზახეთის სპეცსამსახურებს ნაზარბაევის ნდობით აღჭურვილი პირი, კარიმ მასიმოვი ხელმძღვანელობდა.

NB2016 წელს, უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნამდე, მასიმოვი სხვადასხვა წლებში ორჯერ იყო ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, უშიშროების საბჭოს მდივანი, ეკონომიკის მინისტრი და ტრანსპორტის მინისტრი. მას და თოყაევს ყოველთვის დაძაბული პიროვნული ურთიერთობა ჰქონდათ.

ჩემი აზრით, ნაზარბაევმა საკუთარი “რბილი გადადგომის” მომზადება იმით დაიწყო, რომ 2016 წელს ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ ოჯახის ძალზე ერთგული პიროვნება, კარიმ მასიმოვი დანიშნა. დღეისათვის ეს სტრუქტურა "კა-გე-ბეს" ანალოგიურად, მართლაც “მონსტრივითაა” და ყველა მნიშვნელოვანი დანაყოფი იქაა გაერთიანებული.

ამჟამად ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების კომიტეტის სტრუქტურული დანაყოფებია: კონტრდაზვერვის სამსახური; სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი; საგარეო დაზვერვის სამსახური; ანტიტერორისტული სამსახური; ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახური; ინფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების სამსახური; სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტი; სამთავრო კავშირის სამსახური; სასაზღვრო სამსახური; სპეციალური ძალები; ტექნიკური სამსახური; 17 ტერიტორიული განყოფილება; სპეციალური დანიშნულების დანაყოფები; კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებები.

ნაზარბაევის “პენსიაზე” გასაშვებად თოყაევს ჯერ მასიმოვი უნდა დაეპატიმრებინა, მასიმოვის გასანეიტრალებლად კი უუფლებო პრეზიდენტ თოყაევს დახმარება სჭირდებოდა და მოკავშირეც უმალ გამოუჩნდა რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის სახით.

puta-1641883808.jpg
თოყაევი და პუტინი, მოსკოვი, 2000 წლის 19 იანვარი

რუსეთის სახელისუფლებო ორგანოების საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე გავლენის აღდგენა-შენარჩუნებას უკავია. სპეცსამსახურების საშუალებით ისინი სრულ ინფორმაციას ფლობენ ცალკეული ქვეყნების პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, რელიგიური, სოციალური, ეკოლოგიური და ა.შ. პრობლემების შესახებ, აანალიზებენ მას და შემდეგ კონკრეტულ გეგმებს ადგენენ. მათი მთავარი სამიზნე ის ყოფილი რესპუბლიკებია, რომლებიც ცდილობენ სსრკ-ის დაშლის შემდეგ რუსეთის იმპერიული “მზრუნველობისგან” დისტანცირებული საგარეო და საშინაო პოლიტიკის განხორციელებას. ერთ-ერთი ასეთი ყაზახეთი იყო. პრეზიდენტი ნაზარბაევი ცდილობდა, დაბალანსებული და მრავალვექტორული საგარო პოლიტიკა გაეტარებინა, პარალელურად, მაქსიმალურად იცავდა თავის ქვეყანას რუსული პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული ექსპანსიისგან. მას ფარული დაპირისპირება ჰქონდა პუტინთან, რაც, ძირითადად, სეპარატისტული რეგიონების არ აღიარებასა და ყაზახეთში რუსული ენის სტატუსს ეხებოდა. თოყაევმა კი, პრეზიდენტის რანგში ერთ-ერთ პირველივე ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ყირიმს ანექსირებულად არ მიიჩნევს. ნაზარბაევის საბოლოოდ ჩამოცილება პუტინისა და თოყაევის ერთობლივი სურვილი და გეგმა იყო. საინტერესოა, ვინ არის თოყაევი, რა გზა გაიარა ყაზახეთის პრეზიდენტობამდე და რა აკავშირებს რუსეთის პრეზიდენტთან?

ყასიმ თოყაევი დაიბადა 1953 წელს. 1970 წელს ერთმა ჩვეულებრივმა ყაზახმა ყმაწვილმა წარმატებით ჩააბარა მისაღები გამოცდები, მაშინ ყველაზე პრესტიჟულ და “უბრალო მოკვდავთათვის” მიუწვდომელ სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს “საერთაშორისო ურთიერთობათა მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტში”, საიდანაც გაგზავნეს ექვსთვიან წინასადიპლომო პრაქტიკაზე ჩინეთში, სსრკ-ის საელჩოში. თუ გავითვალისწინებთ მაშინ საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის არსებულ უკიდურესად დაძაბულ ურთიერთობას, საელჩო, ძირითადად, საბჭოთა საგარეო დაზვერვისა და "გე-ერ-უს" თანამშრომლებით კომპლექტდებოდა და “სუფთა დიპლომატის” იქ მივლინება წარმოუდგენელი “ფუფუნება” იქნებოდა. 1991 წლამდე თოყაევი სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და სხვადასხვა ქვეყნის (სინგაპური, ჩინეთი) საელჩოებში მუშაობს. ჩემი აზრით, ყასიმ თოყაევი 1970-1991 წლებში "კა-გე-ბეს" პირველი მთავარი სამმართველოს (საგარეო დაზვერვა) ან თანამშრომელი იყო, ან მჭიდროდ იყო დაკავშირებული საბჭოთა დაზვერვასთან. ამ მოსაზრებას ამყარებს შემდეგი ფაქტიც: 1969 წელს ყაზახეთის სუკის საგარეო დაზვერვის განყოფილების სტატუსი სამმართველოს დონემდე გაიზარდა (მანამდე ე.წ. მოკავშირე რესპუბლიკებიდან საგარეო დაზვერვის სამმართველო მხოლოდ უკრაინისა და იმჟამინდელ ბელორუსიის რესპუბლიკებში იყო, სხვაგან დაზვერვას მხოლოდ განყოფილების სტატუსი ჰქონდა), რაც გულისხმობდა ყაზახეთის სუკიდან უფრო მეტი ახალგაზრდა კადრის მომზადებას და უცხოეთში, უპირველესად - აზიაში, სადაზვერვო ოპერაციებში ჩართვას.

(პირველი ნაწილის დასასრული)