"საჭიროა სამართლებრივი გარანტიები იმისა, რომ უკრაინა და საქართველო ნატოში არასოდეს გაწევრიანდებიან" - რაზე ილაპარაკეს ჟენევაში - კვირის პალიტრა

"საჭიროა სამართლებრივი გარანტიები იმისა, რომ უკრაინა და საქართველო ნატოში არასოდეს გაწევრიანდებიან" - რაზე ილაპარაკეს ჟენევაში

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის - „ბი-ბი-სის“ (BBC) მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში „ჟენევის მოლაპარაკება და რუსეთის მუქარა უკრაინის მიმართ“, მიმოხილულია მოლაპარაკების ძირითადი მომენტები და მხარეთა პოზიციები:

„ჟენევაში მოლაპარაკება დახურულ ფორმატში ჩატარდა. რუსულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი ხელმძღვანელობდა, ამერიკისას - სახელმწიფო მდივნის მოადგილე უენდი შერმანი. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა თავშეკავებული განცხადებები გააკეთეს და იმედი გამოხატეს, რომ კონსულტაციები გაგრძელდება. აი, მხარეთა მიერ გაკეთებული ძირითადი განცხადებები:

ნატოს არგაფართოების შესახებ

სერგეი რიაბკოვი: „ხაზს ვუსვამთ, რომ გვინდა, ამერიკამ დაგვიდასტუროს - უკრაინა არასოდეს გახდება ნატოს წევრი. ჩვენ გვინდა, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე ის ფორმულა, რომელიც ალიანსის ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს იქნა მიღებული, უკან იქნეს გაწვეული და შეიცვალოს შემდეგით: „უკრაინა და საქართველო ვერასოდეს გახდებიან ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრები. ყელში ამოგვივიდა ცარიელი სიტყვები, ნახევარდაპირებები, მათი არასწორი ინტერპრეტაციები, რაც ხშირად ხდებოდა დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკებების დროს. ჩვენ არ ვენდობით ამერიკეულ მხარეს. ჩვენ გვინდა რკინაბეტონის იურიდიული გარანტიები სიტყვებით - „ვალდებულები ვართ“, რომ „ისინი არასოდეს გახდებიან ნატოს წევრები. ეს რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია“.

უენდი შერმანი: „არავის მივცემთ იმის უფლებასა და ნებას, რომ სხვა ქვეყნებს ნატოს კარი დაუხურონ... ჩვენ ამ საკითხებზე კონსულტაციებს გავმართავთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან“.

უკრაინაში სავარაუდო შეჭრის შესახებ

სერგეი რიაბკოვი: „რუსეთი არ ემზადება უკრაინაში შესაჭრელად და ამრიგად, ვაჭრობის საგანი არ არსებობს... პირიქით, ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ სწორედ უკრაინა ემზადება პროვოკაციებისთვის, დასავლეთის ქვეყნების წაქეზებით“.

უენდი შერმანი: „არ გაგიკვირდეთ, რუსეთმა ჩვენ მართლაც ასე გვითხრა, რომ მის ჯარებს უკრაინაში შეჭრის განზრახვა არ აქვთ და რომ ეს მხოლოდ ჩვეულებრივი მანევრები და წრთვნებია, მაგრამ უმჯობესია, მათ თავიანთი განცხადება პრაქტიკული მოქმედებით განამტკიცონ: თუ არაფერი აქვთ განზრახული, მაშინ სიტუაციის დეესკალაცია მოახდინონ და ჯარები ყაზარმებში დააბრუნონ“.

ანალიზი: მთავარ საკითხებში უთანხმოება ისევ რჩება

„ბიბისის“ დიპლომატიური კორესპონდენტის, ჯეიმს ლანდეილის ანალიზი:

ჟენევის მოლაპარაკება პირველი შანსი იყო, როცა რუსი და ამერიკელი დიპლომატები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ ნატოს გაფართოებისა და უკრაინის საკითხზე მოსალაპარაკებლად. მიუხედავად იმისა, რომ მხარეები საკუთარ პოზიციებზე დარჩნენ, ისიც კარგია, რომ მათ სამომავლო კონსულტაციებზე თანხმობა განაცხადეს.

რუსეთმა მოითხოვა, რომ აშშ „რკინაბეტონურად“ დასთანხმდეს ნატოს არგაფართოებას, მაგრამ ამერიკამ ამაზე უარი თქვა („ვერავინ აგვიკრძალავს, რომ ნატოს კარი შემოსვლის მსურველ ქვეყნებს დავუხუროთო“). თავის მხრივ, აშშ-მა რუსეთს ჯარების ყაზარმაში დაბრუნება მოსთხოვა, რაც რუსეთმა უარყო („ვერავინ აგვიკრძალავს ჯარის მანევრებს საკუთარ ტერიტორიაზეო“).

ოპტიმისტები, ალბათ, იტყვიან, რომ მოლაპარაკება საქმიანი იყო და - პოზიტიურიც, იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის განზრახვა საჯაროდ უარყო.

პესიმისტები, ალბათ, შენიშნავენ, რომ მოსკოვის ამგვარი განცხადების მიუხედავადაც კი, ამერიკის ოფიციალურმა წრეებმა მაინც აღნიშნეს, რომ ისინი მაინც არ არიან დარწმუნებულნი, რომ რუსეთი სერიოზულად მოეკიდება კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარებას“.

(წყარო) (წყარო2)

მოამზადა სიმონ კილაძემ