"გამკაცრდება კონტროლი" - რა შემთხვევაში დადეგება დამატებითი შეზღუდვების საკითხი - კვირის პალიტრა

"გამკაცრდება კონტროლი" - რა შემთხვევაში დადეგება დამატებითი შეზღუდვების საკითხი

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, თუ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ისე გაუარესდება, რომ სახელმწიფო პაციენტების სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას ვეღარ შეძლებს, დამატებითი შეზღუდვების საკითხი დადგება.

„კონკრეტულ მაჩვენებელზე არ გვისაუბრია, თუმცა როდესაც შემთხვევათა რაოდენობა იქამდე გაიზრდება, რომ ცხადი გახდება ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის პირას დგომა და სახელმწიფო ვეღარ შეძლებს ყველა ინფიცირებულის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას, ცხადია დადგება საკითხი“, - განაცხადა ღიბრაძემ.

როგორც ღიბრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, საველე ჰოსპიტალების გახსნის საჭიროების დადგომის შემთვევაში სახელმწიფო არსებული პრაქტიკით იხელმძღვანელებს და კოვიდინფიცირებულთა სამკურნალოდ ყველანაირ საშუალებას გამოიყენებს.

ამასთან, ღიბრაძემ პირბადის ტარების კონტროლის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პირბადის ტარების აღსრულებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავს თავად გაუკეთოს კონტროლი.

„ეს არ არის მხოლოდ კონტროლის და მაკონტროლებლის მიერ განხორციელებული ღონისძიება, რითაც პანდემიასთან ბრძოლას შევძლებთ. ეს უნდა იყოს ერთობლივი, როგორც საზოგადოების მხრიდან ასევე აღმასრულებლის მხრიდან. ცხადია ერთის მხრიდანაც გამკაცრდება კონტროლი, თუმცა მეორე მხრივ ამას ჩვენ თავად, თითოეულმა ჩვენგანმა, უნდა გაუწიოს კონტროლი“, - განაცხადა ღიბრაძემ.