თამარ გაბუნია: „ომიკრონმა“ დაგვანახა, რომ „მწვანე პასპორტის“ საფუძველი არის ცვლადი და უნდა დაექვემდებაროს გარკვეულ რევიზიას" - კვირის პალიტრა

თამარ გაბუნია: „ომიკრონმა“ დაგვანახა, რომ „მწვანე პასპორტის“ საფუძველი არის ცვლადი და უნდა დაექვემდებაროს გარკვეულ რევიზიას"

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბიზნესის სექტორისთვის სავალდებულო ტესტირების უფასოობის პროგრამა 1-ელ თებერვლამდე გახანგრძლივდა. გაბუნიას განცხადებით, იანვრის ბოლომდე ჯანდაცვის სამინისტრო სავალდებულო ტესტირების ჩასანაცვლებელ მოდელზე იმსჯელებს.

„ზოგადად ტესტირების ვადა მნიშვნელოვანია, მითუმეტეს „ომიკრონის“ პირობებში. 1-ელ თებერვლამდე არის მიმდინარე პროგრამის ვადა გაგრძელებული. იანვრის ბოლომდე დამატებით ვიმსჯელებთ, რა მოდელით შეიძლება შეიცვალოს სავალდებულო ტესტირების პროგრამა“, - განაცხადა გაბუნიამ. თამარ გაბუნიამ „მწვანე პასპორტის“ საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის ახალმა შტამმა „ომიკრონმა“ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ „მწვანე პასპორტის“ საფუძველი არის ცვლადი და უნდა დაექვემდებაროს გარკვეულ რევიზიას. „რაც შეეხება "მწვანე პასპორტის" სტატუსს და კრიტერიუმებს. "ომიკრონმა" კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ „მწვანე პასპორტის“ საფუძველი არის ცვლადი და უნდა დაექვემდებაროს გარკვეულ რევიზიას. ჯერჯერობით ჩვენ შევინარჩუნებთ იმ სტატუსს, რომელიც „მწვანე პასპორტებთან“ მიმართებაში გვაქვს.

მნიშვნელოვანია მისი არსებული კრიტერიუმების აღსრულება. ბევრმა ქვეყანამ „მწვანე პასპორტში“ გაითვალისწინა „ბუსტერ“ დოზის აუცილებლობა და იქ გადატანის სტატუსს ნაკლები პასუხისმგებლობა ეთმობა. ეს ყველაფერი არის მიმდინარე, რა თქმა უნდა, „მწვანე პასპორტს“, რომელიც დღეს გვაქვს, კარგი აღსრულების პირობებში მოსალოდნელი აქვს პოზიტიური ეფექტი, განვითარების და გაუმჯობესების შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, ამდენად მაინც დღეს მნიშვნელოვანია „მწვანე პასპორტის“ პირობების და რეგულაციების აღსრულება“, - განაცხადა გაბუნიამ.

ინტერპრესნიუსი