"ხალხი უშუქოდ ზის, ხელისუფლება კი მშვენიერ დროს ატარებს, რასაც ხშირად სისხლისღვრა მოჰყვება" - მძიმე სოციალური და პოლიტიკური კრიზისი აფხაზეთში
გასული წლის მიწურულს, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში დაწყებული პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. გუშინ, ე.წ. ოპოზიციის მიტინგის მონაწილეები დააკავეს, რასაც რეგიონში ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა მოჰყვა.
ekhokavkaza.com-ის ცნობით, დაკავებულებს ბრალად ედებათ, საპროტესტო აქციაში მონაწილეობა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეტაკებები. გამოცემის ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება ყოველდღიურად იზრდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ ზამთრის ცივ ამინდებში სითბოსა და წყლის გარეშე უწევთ ყოფნა.
ადგილობრივების ცნობით, ასლან ბჟანიასა და ალექსანდრე ანქვაბის გუნდი, რომლებიც თავადაც გადატრიალების შედეგად მოვიდნენ ხელისუფლებაში, ახლა ოპოზიციის აქტივისტებს ჩიჩე ინაპშბას, რამაზ ჯოპუას, ბესლან მიშელიას, ბესლან ცვიჟბას და ასლან ტანიას დეკემბრის ბოლოს ე.წ. მთავრობის სახლთან მოწყობილი ამბოხის გამო ასამართლებენ. ადგილობრივების თქმით, არცერთი მათგანი გადაწყვეტილების მიმღები პირი არ არის.
"აქტიურობითა და აგრესიულობით ნამდვილად გამოირჩევიან, თუმცა, მათ უკან სხვები დგანან. ოღონდ ბჟანიამ იმ გამოკვეთილი ლიდერების დაკავება ვერ გაბედა და ჯერ პაიკებით დაიწყო" - წერენ ისინი.
რეგიონის მოსახლეობის მძაფრ უკმაყოფილებას იწვევს უმძიმესი სოციალური კრიზისი. 2 იანვრის ღამეს, ასევე, ენერგეტიკული პრობლემების გამო, ცეცხლი გაჩნდა ერთ-ერთი სოხუმელის სახლში, სადაც ე.წ. სახანძრო სამსახურმა ადგილზე მისვლა დააგვიანა და სახლის მეპატრონე დაიღუპა.
"ჩვენმა ხელისუფლებამ ძველი პრობლემების მოგვარება ახალ წელს გადაწყვიტა, ვითომ რემონტი წამოიწყო და ხალხი დენის გარეშე დატოვა" - წერს გამოცემა.
თუმცა, რეგიონის მოსახლეობის თქმით, ჩინოვნიკები არც ამ მხრივ იზიარებენ უბრალო ადამიანების ბედს.
"მაშინ, როდესაც, ხალხი უშუქოდ ზის, ისინი მიზეზად მაინინგ-ბიზნესებსა და მწყობრიდან გამოსულ ელექტროგაყვანილობას იმიზეზებენ და დროს მშვენივრად ატარებენ, რასაც როგორც წესი, ხშირად მოჰყვება შეიარაღებული დაპირისპირება, სროლა და სისხლისღვრა. ოღონდ, ამაზე მხოლოდ სოციალურ ქსელებში იწერება, ადგილობრივი მედია, უმეტესად დუმს" - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი ირაკლი სუხუმსკი. გააგრძელეთ კითხვა