"კიდურებს რომ ვერ ამოძრავებდა და სიარული უჭირდა, საწოლზე წამომჯდარი ვარჯიშობდა... თავის ცხოვრებას ჰემინგუეის "მოხუცი და ზღვას" ადარებდა" - კვირის პალიტრა

"კიდურებს რომ ვერ ამოძრავებდა და სიარული უჭირდა, საწოლზე წამომჯდარი ვარჯიშობდა... თავის ცხოვრებას ჰემინგუეის "მოხუცი და ზღვას" ადარებდა"

"ამბობდა: 1966 წლიდან 1993 წლამდე ჩემპიონები სულ ჩემი აღზრდილები გახდნენო"

სპორტის სხვადასხვა სახეობით გატაცებულმა, საბოლოოდ ძირითად სახეობად სპორტული სიარული აირჩია. სპორტის ოსტატის სახელს ატარებდა, ფლობდა არაერთ ჯილდოს. უმაღლესის დასრულებისთანავე თბილისის 61-ე სკოლაში ფიზიკური აღზრდის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. იქვე გაიცნო მომავალი მეუღლე ელზა იმნაძე, რომელიც იმავე სკოლაში ასწავლიდა. ორი შვილი შეეძინათ: მაია და ლალი.

ნუგზარ კალანდაძე სხვადასხვა წლებში 123-ე და 192-ე სკოლაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. პარალელურად მუშაობდა მწვრთნელად მძლეოსნობაში და აღზრდილი ჰყავს ბევრი ჩემპიონი. თითქმის 80 წლამდე აქტიური იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ასაკმა სძლია, გარეთ გასვლა და გადაადგილება უჭირდა. რამდენიმე დღეში 93 წლის გახდებოდა, თუმცა სამწუხაროდ, ის კორონავირუსმა იმსხვერპლა.

"დავიბადე თბილისში, 1928 წლის 16 დეკემბერს, ვორონცოვზე, ორბელიანის მოედანთან... ცოტა ხნის შემდეგ გადავედით სვანეთის უბნის დაუმთავრებელ, სამოთახიან ბინაში. დიდი ეზო სავსე იყო საცხოვრებელი ბინებით. რა ეროვნების ადამიანს არ ნახავდით აქ: ქურთი, სომეხი, რუსი, ებრაელი, გერმანელი, ეს უკანასკნელნი მესაქონლეობას მისდევდნენ და მსხვილფეხა საქონელს ინახავდნენ. "მალაკნების" ბაზარში რძეს ყიდდნენ და ფუნთუშეულს ამზადებდნენ. 1941 წელს ყველანი პირწმინდად გადაასახლეს და რძე და ნამცხვრები მოგვაკლდა", - ასე იწყებს საკუთარი ბიოგრაფიის თხრობას სპორტსმენი ნუგზარ კალანდაძე და პატარა წიგნში "ყოველთვის რაღაც გრჩება უთქმელი". იქვე ვკითხულობ, რომ საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტის სტუდენტი, ბავშვობაში რამდენიმე სპორტის სახეობით ერთდროულად ყოფილა გატაცებული, მაგრამ როცა მესამე კურსზე ინსტიტუტის პირველობა მოიგო გრძელ მანძილზე სირბილში, მას შემდეგ ცხოვრება მძლეოსნობას დაუკავშირა.

მის ერთ-ერთ შვილიშვილს, ნინო ჭინჭარაულს 33 წლის განმავლობაში ჰქონდა ბაბუასთან ურთიერთობა.

ნინო ჭინჭარაული:

- ბაბუას მამა - გაბრიელ კალანდაძე გეოლოგი იყო, ხოლო დედა თამარ ზამთარაძე მუნჯი კინოს მსახიობი. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმში "ორი მონადირე". სამი დედმამიშვილი იყვნენ, ბაბუას და-ძმა ჰყავდა. სპორტით ოჯახში დაკავებული არავინ ყოფილა. შვილიშვილებს გვიყვებოდა, რომ ბავშვობიდან აქტიური იყო. 12 წლის ასაკში, ფრონტზე წასვლის მიზნით, სახლიდანაც კი გაპარულა. რა თქმა უნდა, იპოვეს და შინ მიაბრუნეს... ფიზკულტურის ინსტიტუტში ჩაბარებისას, ფარიკაობით, კალათბურთით, ჩოგბურთით, სათხილამურო სპორტით იყო დაკავებული, მაგრამ მესამე კურსზე, ინსტიტუტის პირველობაზე გრძელ მანძილზე სირბილში, პირველი ადგილი დაიკავა და მას შემდეგ საბოლოოდ დაუკავშირა ბედი მძლეოსნობას. ის სპორტის ოსტატი, ჩემპიონი და 5, 10, 20 და 50 კილომეტრ მანძილზე რეკორდსმენი გახლდათ.

- ცხოვრების როგორი წესი ჰქონდა?

- ჩვენ 6 წლამდე ერთად ვცხოვრობდით, მაშინაც და შემდეგშიც, არ მახსოვს ისე გათენებულიყო, დღე ვარჯიშით არ დაეწყო. თვითონ ხომ ვარჯიშობდა და დასასვენებლად ჩოხატაურში ჩასულებს, არა მხოლოდ შვილიშვილებს, დილაობით მთელი უბნის ბავშვებს წამოგვყრიდა, - აბა, წავედით სავარჯიშოდო და სკოლის ეზოში მივყავდით. 80 წლის იყო, პენსიაზე რომ გავიდა, მანამდე სკოლაში ასწავლიდა. იქვე მოუწყვეს იუბილე და გამოსამშვიდობებელი საღამო გამართეს. სპორტდარბაზში დაუდგეს ტახტი და მისი მოსწავლეები თავის მოგონებებსა და ლექსებს უკითხავდნენ. ბოლო 15 წლის განმავლობაში ფეხები აწუხებდა, ჯერ "წითელი ქარი" დაემართა, შემდეგ განგრენა "წავიდა". კიდურებს რომ ვერ ამოძრავებდა და სიარული უჭირდა, საწოლზე წამომჯდარი ვარჯიშობდა. მისთვის ერთ ადგილას წოლა რთული იყო, მთელი ცხოვრება აქტიურად ვარჯიშობდა, მოგზაურობდა. ყველაფერი რომ ჩაკეტილი იყო, იმ დროს ბაბუს მსოფლიო ჰქონდა მოვლილი. პეგაგოგიური საქმიანობისა და მწვრთნელობის გარდა, მასწავლებლის დახელოვნების ინსტიტუტშიც კითხულობდა ლექციებს. შინ ყველაფერი მისი გაკეთებული იყო - ხეზე მუშაობა ეხერხებოდა. ავეჯის გაკეთებაც შეეძლო, მისი მოხატვაც, სურათების ჩარჩოების, ვიტრაჟების კეთება - რასაც ხელს მოჰკიდებდა, ყველაფერი გამოსდიოდა. ბებია და ბაბუა ცალკე ცხოვრობდნენ. შვილები და შვილიშვილები მორიგეობით ვაკითხავდით. ბაბუა ფიზიკურად დიდი იყო, მძიმეწონიანი და ძლიერი. ოთახში უმეტესად ბებიას და ჩვენი დახმარებით გადაადგილდებოდა.

- როცა ფიზიკური აქტივობა გაუჭირდა, იმ დროს რითი იყო დაკავებული? წერდა?

- მემუარებს წერდა, სადაც ცნობილ სპორტსმენებთან შეხვედრებს, შეჯიბრებებიდან ამბებს და მოსწავლეებს იხსენებდა. ბევრი ჩემპიონი აღზარდა, ამით ძალიან ამაყობდა. 2015 წელს წიგნი დაწერა თავის ცხოვრებაზე. მერე მე ავკინძე, დავარედაქტირე და 15-მდე ეგზემპლარი დავბეჭდე. ამ ფაქტმა ძალიან გაახარა. წიგნში რამდენიმე გვერდი ზღვაზე საუბარს ეთმობა, რომელიც ძალიან უყვარდა. თავის ცხოვრებას ჰემინგუეის "მოხუცი და ზღვას" ადარებდა. წერდა: "მთელი ცხოვრება ფიქრობ, შრომობ, იბრძვი, ოცნებობ, მიზანდასახულობა, წარმატება, წარუმატებლობა... ირევა ყველაფერი... სწრაფვა, გამარჯვება. რა შეძელი? რას მიაღწიე? ხელში რა შეგრჩა, თევზის ჩონჩხი, მცირე თევზებისგან შეჭმული? შედეგის მიუხედავად, ცხოვრება გრძელდება. მიზანი გამართლებულია, ყოველი ტალღა კი შენი ცხოვრების გადაშლილი ფურცელია".

- როგორც წიგნის წაკითხვისას მივხვდი, ზღვა ყველანაირ მდგომარეობაში უყვარდა, მღელვარეც და მშვიდიც. მასთან "ჭიდილი" უძლეველობის განცდას ანიჭებდა. ზღვაზე საუბრისას კიდევ ერთ მოვლენას იხსენებდა და და აქვე მოვიყვან პატარა ეპიზოდს: "ახალდაქორწინებული ზღვაზე გავემგზავრე... შესანიშნავ მზიან დილას ზღვაზე ნავით სასეირნოდ გავედით. ზღვა მშვიდი და წყნარი იყო, მის ზედაპირზე ფერადოვანი ნისლის საბანი ცურავდა. ასეთი სილამაზის და სინაზის შემყურემ, ფრთხილად მოვუსვი ნიჩბები, რომ სიმყუდროვე არ დამერღვია. თევზის ჭერა დავიწყეთ და როცა ეშხში შესულმა, ჩემს საყვარელ მეუღლეს ელზას გადავხედე, ფერმკრთალი, შეშინებული, მთელი სხეულით კანკალებდა. სწორედ ზღვაზე შეიძრა ჩვენი პირველი ქალიშვილი მის მუცელში". ნინო, წერა გასაგებია და პირადად თუ გიყვებოდათ თავის ცხოვრებაზე?

- ყოველთვის უყვარდა თავის ამბების თხრობა და მე კი მისი მოსმენა. დიქტოფონით ხშირად ვიწერდი საუბრებს, გურულ სიმღერებსაც ვამღერებდი. ბავშვობაში ბაბუას შვილიშვილები სადმე თუ მივყავდით, ეგ დღე ჩვენთვის იყო ზეიმი. თავი კარგად რომ გვეგრძნო, ბოლომდე იხარჯებოდა. ყოველთვის ცდილობდა ჩვენთვის ყველაფერი საუკეთესო ეყიდა. ათასგვარი სპორტული სამოსი გვქონდა. 12 წლისამ მისი შეგონებით დავიწყე დილაობით სირბილიც. არა მხოლოდ ჩვენ, ყველას ახალისებდა სიტყვებით: ხომ იცი ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულიაო. ბაბუ სხვადასხვა სკოლაში მუშაობდა ფიზიკური აღზრდის პედაგოგად და მისი ყოფილი მოსწავლეები, შემდეგში ცნობილი სპორტსმენები იყვნენ: გაიოზ მაკიევი, ვასილ სანიკიძე, ჯუმბერ მაისურაძე, თინა მამულაშვილი და ა.შ. ყოფილი მოსწავლეები და კოლეგა პედაგოგები ხშირად უკავშირდებოდნენ, დაბადების დღეებს ულოცავდნენ და საჩუქრებს უგზავნიდნენ. განსაკუთრებით გაიოზ მაკიევთან მეგობრობდა. როცა ის საქართველოში ჩამოდიოდა, თავის მასწავლებელს მოინახულებდა ხოლმე. ბაბუ ამაყობდა თავის აღზრდილით. ამბობდა: 1966 წლიდან 1993 წლამდე ჩემპიონები სულ ჩემი აღზრდილები გახდნენო.

- მეუღლესთან მის დამოკიდებულებაზე რას მეტყვით?

- ელზა სკოლაში გაიცნო. ბებია დაწყებითი კლასების პედაგოგია. ბაბუა მათი შეხვედრის მომენტს ასე აღწერდა: რომ დავინახე, მეგონა ანგელოზი შემოფარფატდაო... არ მახსოვს ბაბუას ოჯახში ლაპარაკის დროს ხმისთვის აეწია ან რამე უხეშად ეთქვა. "ჩემი ანგელოზი, ჩემი ელზიკა" - სულ ასე ეფერებოდა. პირველი შეხვედრის შემდეგ, ბებია სხვა სკოლაში გაგზავნეს პრაქტიკაზე. იქ ბაბუა მუშაობდა და ამ ხელმეორედ შეხვედრის შემდეგ, ბებოს გაუფიქრებია, - რახან ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევხვდით, ე.ი. ჩემი ბედიაო (იღიმის). ბაბუა ძალიან ბედნიერი იყო თავისი ოჯახით, მისი ორი შვილთაშვილი რომ სპორტს გაჰყვა (ჩემი შვილი ლუკა კალათბურთზე დადის, ხოლო ჩემი დეიდაშვილის ვაჟი მორაგბეა). შარშან, მის 92-ე დაბადების დღეზე ყველა ერთად შევიკრიბეთ. დეიდაჩემი უკვე არაერთი წელია იტალიაშია და ბაბუას დაბადების დღისთვის ჩამოვიდა. მისმა შვილებმა, შვილიშვილებმა ერთად აღვნიშნეთ ეს დღე, მაგრამ სამწუხაროდ, წელს ეს ვეღარ შევძელით...

ანა კალანდაძე

ჟურნალი "გზა"