"ის არის სააკაშვილის მოთხოვნების უპირობო შემსრულებელი" - კვირის პალიტრა

"ის არის სააკაშვილის მოთხოვნების უპირობო შემსრულებელი"

„ის, რაც მოხდა, რეალურად, არის პარტიის გაძლიერება - ხომ არ გგონიათ, ვინმე სიხარულით მიილტვის, რომ რაღაც თანამდებობა დაიკავოს?“ - ასეთი განაცხადი კობა ნაყოფიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა და თავად ნაყოფია პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გახდა. მისი თქმით, პარტიის პოლიტსაბჭოს სჭირდება სწორი მენეჯმენტი და „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებიც სწორედ ამას ემსახურება. როგორც ნაყოფიამ აღნიშნა, მომავალში გამოყენებული იქნება პროტესტის სხვადასხვა ფორმა.

შეგახსენებთ, რომ პარტიაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ნიკა მელიამ პარტიის თავმჯდომარეობის გარდა, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობაც შეითავსა. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის გენერალური მდივნის პოსტი პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავა. ნიკა მელიამ პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ, როგორც თბილისში, ასევე - რეგიონებში, განახლების აქტიური პროცესი გაგრძელდება. რას შეიძლება უკავშირდებოდეს პარტიის სტრუქტურული ცვლილებები და რა ცვლილებებს შეიძლება ველოდოთ „ნაციონალების“ სტრატეგიაში, ამის შესახებ ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება:

- როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატში უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ მთელი ერთი წელია, პარტია ბრძოლის რეჟიმშია, მაგრამ შედეგი არ ჩანს. სავარაუდოდ, პარტიაში მიიჩნევენ, რომ ამის მიზეზი არასწორი ან არასაკმარისი მენეჯმენტი და სტრატეგიული გეგმების უქონლობაა. პარტიიდან გამოდიოდა ხმები, რომ გუნდში ბევრი იყო რადიკალური მოქმედებების მომხრე. სიმართლე რომ ვთქვათ, პარტიის სტრუქტურიზაცია უჩვეულო ამბავი არ არის. მართალია, მელია დარჩა თავის პოსტზე, მაგრამ შეიცვალა სხვა ფიგურები. თუ შევხედავთ, ვინ სად დანიშნეს, შეიძლება ვიფიქროთ, რომ პარტიას ფინანსური პრობლემებიც აქვს. კობა ნაყოფიას საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს მენეჯმენტის თვალსაზრისით, მაგრამ იგი მაინც უკავშირდება ფინანსებს. ამასთან, ის არის სააკაშვილის მოთხოვნების უპირობო შემსრულებელი. ყოველ შემთხვევაში, მე არასდროს მსმენია მისი გვერდზე გაქცეული სიტყვა. პეტრე ცისკარიშვილიც საკმაოდ რადიკალური პოლიტიკური ფიგურაა. რაც მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, პარტიის სტრატეგია ცოტა უფრო რადიკალური გახდეს.

- პეტრე ცისკარიშვილისა და სააკაშვილის „მოთხოვნების უპირობო შემსრულებელი ნაყოფიას" ერთ-ერთი მისია პარტიაში ნიკა მელიას გავლენის შესუსტებაც ხომ არ არის?

- პარტიის შიგნით ყოველთვის არის ბრძოლა თანამდებობებისთვის, მაგრამ პარტიას ჰყავს ერთი ლიდერი, რომელიც მთავარ გადაწყვეტილებებსაც იღებს და რომლის ფაქტორიც განაპირობებს პარტიის მხარდაჭერას თუ სხვა რამეს. მელიას როგორი პოზიციაც უნდა ჰქონდეს პარტიაში ან როგორც უნდა მოსწონდეს ან არ მოსწონდეს ის ელექტორატს, თუ სააკაშვილისთვის მიუღებელი იქნება, მელია ვერაფერს იზამს და უნდა თუ არა, მაინც მოუწევს პოსტის დატოვება. თუ ვინმე უკმაყოფილო უნდა იყოს მელიას ქმედებებით და პოლიტიკით, ეს სააკაშვილია. იმ ცვლილებების უკან კი, რაც ახლა პარტიაში მოხდა, სწორედ სააკაშვილი დგას.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)