"მომდევნო 6-8 კვირაში "ომიკრონ" ვარიანტით, შესაძლოა, ევროპის რეგიონის მოსახლეობის ნახევარზე მეტი დაინფიცირდეს"
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2022 წლის პირველ კვირაში ევროპის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 7 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.
„10 იანვრის მდგომარეობით, 26 ქვეყანა იტყობინება, რომ კოვიდ 19-ით ყოველ კვირაში მათი მოსახლეობის ერთ პროცენტზე მეტი ინფიცირდება“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურმა დირექტორმა ჰანს კლუგემ.
მისი თქმით, ამ ტემპით, მომავალი 2 თვის განმავლობაში, შესაძლოა, რეგიონის მოსახლეობის ნახევარზე მეტი დაინფიცირდეს.
„ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის“ პროგნოზით, ამ ტემპით მომდევნო ექვს-რვა კვირაში რეგიონის მოსახლეობის 50%-ზე მეტი დაინფიცირდება“, - განაცხადა კლუგემ.
ამასთან, ევროპის რეგიონში გასული 7 დღის განმავლობაში, კორონავირუსს 20 400 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც მცირედით ნაკლებია წინა კვირას დაფიქსირებულ გარდაცვალების შემთხვევებთან, როცა ვირუსს 22 600-ზე მეტი პაციენტი ემსხვერპლა.
ჰანს კლუგეს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში, ზოგადად სიკვდილიანობის მაჩვენებლები სტაბილურია, იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსი სწრაფად ვრცელდება და ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია, გარდაცვალების შემთხვევები მაღალ ნიშნულზეა.