"მძიმე წლები გამოიარეს, ჯერ და გარდაეცვალა, მერე, დედა... ოჯახი განადგურებულია"
„დილა მშვიდობისა, ჩემო სიყვარულო, მე ახლა გავიღვიძე, შენი ჩახუტების გარეშე გავიღვიძე. შენს გარეშე გავიღვიძე. როგორ მეჩხუბებოდი ხოლმე, გვიან რომ ვიღვიძებდი. გახსოვს, ეს ბოლო რამდენიმე დღე თითქმის გათენებამდე არ გვეძინა, არ ვიცი - რატომ. მე სულ გეუბნებოდი, ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, რომ ძილისთვის მოვიცალო-თქო, რამ მათქმევინა! ძალიან მენატრები, ძალიან მიყვარხარ. რატომ არ მესიზმრები? რატომ არ მოდიხარ ჩემთან? გაიღვიძე ბუთქუნია… გავიღვიძე, ჩემო სიყვარულო“, - ასეთი სტატუსი ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში 25 წლის ალექსი გოგუას მეუღლემ, ტასო კვარაცხელიამ დადო. გოგონამ, რომელმაც 10 თვის წინ, საყვარელ მამაკაცზე იქორწინა.
ახალგაზრდა წყვილი ბედნიერ მომავალზე ოცნებობდა, 3 თვეა უცხოეთში, მარსელში, იმ იმედით წავიდნენ, რომ უკეთეს ცხოვრებას აიწყობდნენ, მაგრამ დამნაშავის მიერ მიყენებულმა სასიკვდილო ჭრილობამ ახალგაზრდა ბიჭს სიცოცხლე მოუსწრაფა და ლამაზი წყვილის ცხოვრება წამში დაანგრია...
ახლა ახალგაზრდა გოგო უცხო ქვეყანაში საყვარელი მეუღლის საქართველოში გადმოსვენების საკითხებს აგვარებს, მას იქ ალექსის მეგობრები უდგანან მხარში და საქართველოს საელჩოც ეხმარება.
უმძიმესი დანაშაული 7 იანვარს, შობის ღამეს, ქალაქ მარსელში მოხდა. იმ საღამოს 25 წლის ალექსი გოგუა და მისი მეუღლე, ტასო (ასმათი) კვარაცხელია ქუჩაში სასეირნოდ გამოვიდნენ, სწორედ ამ დროს მათ ეთნიკურად არაბი მამაკაცი აეკიდა, რომელთანაც ალექსს შელაპარაკება მოუხდა, დამნაშავემ ცოლის თვალწინ მას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 6 საათს გრძელდებოდა ოპერაცია, მაგრამ, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. არსებული ინფორმაციით, სასიკვდილო ჭრილობა მას გულის არეში ჰქონდა მიყენებული. როგორც ამბობენ, დამნაშავე ალექსის მეუღლისთვის მობილური ტელეფონის წართმევას ცდილობდა, მან კი მოძალადეს წინააღმდეგობა გაუწია, ამ დროს მოხდა შელაპარაკება და ალექსს ცივი იარაღით სამი ჭრილობა მიაყენეს. ჩვენი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ამ დანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს და მათ ბრალი უკვე წაუყენეს. ალბათ, დაისჯებიან კიდეც, თუმცა ეს ვერანაირი ნუგეშია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ოჯახის წევრი მოუკლეს.
ლიკა ჯიჯელავა, ალექსის ნათესავი:
- ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით, დედაჩემის ბიძაშვილის შვილია, ჩემთვის ძმასავით იყო. ფაქტობრივად, ერთად ავიდგით ფეხი და ერთად მოვდივართ. უპატიოსნესი, წყნარი, მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი იყო, ყველას უყვარდა. ძალიან მძიმე წლები გამოიარა მან და მისმა ოჯახმა და ახლა თავს ახალი უბედურება დაატყდათ. 9 წლის წინ ალექსის და გარდაეცვალა, სარკომა აღმოაჩნდა და, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. საოცრად კარგი გოგო იყო, იმ წელს უნივერსიტეტში ჩააბარა, სტუდენტობისთვის ემზადებოდა, სწორედ გარდაცვალების დღეს მოუვიდა შეტყობინება, რომ ჩაირიცხა და სტუდენტი გახდა. ამხელა ტრაგედია მისი მშობლების ჯანმრთელობაზეც აისახა, ნერვიულობის ფონზე ალექსის დედაც სიმსივნით დაავადდა, სულ შვილის საფლავზე დადიოდა. სამწუხაროდ, 4 თვეა, რაც გარდაიცვალა. 2021 წელს, ზაფხულში, ალექსიმ ტასო შეირთო, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ჩვენც ძალიან გვიხაროდა, უნივერსიტეტიც დაამთავრა, ცოლი მოიყვანა და დიდი გეგმები ჰქონდა, ცხოვრების აწყობა უნდოდა ამ ლამაზ წყვილს და ამიტომ წავიდნენ საზღვარგარეთ. ალექსის კლასელია წასული სამუშაოდ და მან წაიყვანა, რომ იქ სამუშაო ეშოვათ.
დალხენილი ცხოვრება არ ჰქონია. საქართველოში დასაქმება ყოველთვის ჭირს, ამიტომ მამამისი თურქეთში დადიოდა სამუშაოდ, სულ შრომაში იყვნენ. მშრომელი და პატიოსანი ოჯახი ჰქონდათ. საოცრად კეთილი გულის ბიჭი იყო, დიდი გეგმებით და უცებ, ასეთი საშინელება გავიგეთ. მამა და ერთი და ჰყავს მხოლოდ, ოჯახი განადგურებულია. მისი და მდგომარეობიდან ვერ გამოდის. არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის მის სანუგეშოდ. სული მტკივა და გული მეწვის საშინლად, ალე არ მემეტება სიკვდილისთვის. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, მართლა ძალიან მტკივა.
თხილი მოაგროვეს და ისე იშოვეს წასასვლელი ფული. რამდენი ოცნება დარჩა განუხორციელებელი იმ მოძალადის გამო. თურმე, ცალკე მოდიოდნენ ცოლ-ქმარი გზაზე და ეს საშინელი ამბავი მომხდარა... როგორც ვიცით, მკვლელი დაკავებულია. კრიმინალების ქალაქია, თურმე, პირდაპირ ტურისტებს ესხმიან თავს და ვერ იცავს მთავრობა. დღეს უნდა ყოფილიყო მისი მკვლელების სასამართლო. როგორც ვიცი, ორი პირია დაკავებული. ერთს დაუჭერია ალექსი და მეორეს ჩაურტყამს რაღაც, გულში აქვს მოხვედრილი და სასიკვდილო ჭრილობა აღმოჩნდა. ოპერაცია მიდიოდა, მაგრამ ჩვენი კარგი ალე ვერ გადაარჩინეს.
არადა, როგორ გვიხაროდა, რომ დაოჯახდა. სასწაული სიყვარული ჰქონდათ, ისეთი ბედნიერები იყვნენ. ძალიან განათლებული ბიჭი იყო. ვიცი, ბევრს მიაღწევდა ცხოვრებაში, მაგრამ არ დასცალდა.
მარიამ დარსალია, ალექსის მეგობარი, კლასელი:
- ალექსი, „ალი" ჩემი და მთელი კლასის ბავშვობაა, თუკი ხუმრობა რამე ვიცით და გვესმის, ყველაფერი მან გვასწავლა. მიჭირს მასზე წარსულში საუბარი და არც არასდროს ვისაუბრებთ მასზე წარსულში. ადამიანები ჩვენგან მიდიან, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში სამუდამოდ რჩებიან, ალეც ასე იქნება ყველასთვის.
მე-12 კლასში ალექსის და გარდაეცვალა კიბოს მძიმე სენით, ის მხოლოდ ალექსის და არ იყო, ის ყველას და იყო, მთელი კლასის. სულ სხვა ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან, არ იყო ეს არც მეზობლური და არც მეგობრული, ეს იყო და-ძმურზე ბევრად დიდი სიყვარული. მას სულ სხვანაირად ესმოდა ჩვენი. როგორც კი რამე პრობლემა შეგვექმნებოდა, ალე ყველანაირად გვიგვარებდა. მის გარეშე შეკრებები არ გვინდოდა, რადგან ვერ ვერთობოდით, ის იყო ჩვენი „კლოუნი კაცი", ჩვენი უკარგესი მეგობარი.
ძალიან ბევრი რამის თქმა შემიძლია ალექსიზე, ასეთი ადამიანები აღარ არსებობენ ამქვეყნად, ერთი იყო და ისიც წავიდა. ძალა არ მაქვს, რომ მასზე გესაუბროთ. ეს მხოლოდ მცირედია იმის, რისი თქმაც მასზე შემიძლია.
ამ დღეებში ალექსის სამშობლოში ჩამოასვენებენ და თავის მშობლიურ კუთხეში, ჩხოროწყუში დაკრძალავენ. გლოვობს მთელი რაიონი, ყველა განიცდის მომხდარს. სოციალური ქსელი აჭრელებულია ტკივილიანი სტატუსებით. უამრავ ადამიანს ჰყვარებია ბიჭი, რომელსაც მეგობრები, თურმე, ხუმრობით ჯონი დეპისაც ეძახდნენ.
უამრავი ადამიანია დამწუხრებული და ელოდება საქართველოში მის ჩამოსვენებას.
"კვირის პალიტრა" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს.
(სპეციალურად საიტისთვის)