"დედა მენატრებოდა. ყოველ წამს ველოდი და საღამოობით ჩუმად ვტიროდი" - ობოლი ბიჭუნას ისტორია - კვირის პალიტრა

"დედა მენატრებოდა. ყოველ წამს ველოდი და საღამოობით ჩუმად ვტიროდი" - ობოლი ბიჭუნას ისტორია

ამბავი ობოლ ბიჭსა და მის დედობილზე

ვთვლი, რომ ეს წერილი ჩემს მრავალწლიან პრაქტიკაში ყველაზე ემოციურია. შესაძლოა, ზუსტად ვერ გადმოვცე ჩემი ემოცია, მაგრამ ფიქრი და გრძნობა, რომელიც უკვე კვირებია, რაც ჭარბადაა თავმოყრილი ჩემში, არ მაძლევს უფლებას, გაზიარების გარეშე დავტოვო ორი პიროვნების ზეადამიანური ურთიერთობის ისტორია. გასაგები მიზეზების გამო, მათ ვინაობას ინკოგნიტოდ ვტოვებ.

დეკემბრის მიწურულს ჩემმა მოსწავლეებმა მორიგი ფორუმი გამართეს ქართული ენისა და ლიტერატურის საკითხებზე. ონლაინშეკრების დასრულების მერე ერთი შეტყობინება მომივიდა "მესენჯერის" "სხვა შეტყობინებებში": "დაგვიანებულია, ვიცი, მაგრამ თქვენს ჯგუფში მინდა ბავშვის დამატება". 4 თვის დაწყებულია მეცადინეობა, მაგრამ ვცადოთ-მეთქი, - ვუპასუხე უცნობ ქალბატონს. წერილის ავტორი შვილმკვდარი დედა აღმოჩნდა. ბავშვი, ვისი დამატებაც უნდა ჩემს არაფორმალურ ჯგუფში - მისი შვილობილია.

როცა ამ ქვეყანას ცოდვებისგან დამძიმებული დავტოვებ და ღმერთი დამეკითხება, ცოდვა მეტი მაქვს თუ მადლი, ვეტყვი, რომ არ ვიცი. სად მინდა მოხვედრა, სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში, ვეტყვი, რომ სამოთხეში მხოლოდ იმიტომ, ვნახო, როგორ უხარია 27 წლის ასაკში გარდაცვლილი ახალგაზრდის სულს დედის დიდქალობა, დიდადამიანობა. რაოდენ საფუძვლიანი სიამაყე ექნება მას, რომ ერთი უდედმამო ბავშვის დიდი იმედია, დიდი თანადგომა და ანთებული მზის სხივია დედამისი! განა შვილის სიკვდილით გამოწვეული ტკივილის დაფარვაზე მეტი ვაჟკაცობა რა უნდა იყოს დედის მხრიდან, მით უფრო, როცა დეკემბრის ცივი ღამის დასაწყისში თბილად ამოუგებს დანაყრებულ ობოლს საბანს, გაუღიმებს და გულში იტყვის: ვიდრე ვარ, შენ არაფერი დაგაკლდებაო.

ის პატარა ბიჭი ჩემთან ისწავლის სამი წელი ქართულ ენასა და ლიტერატურას, ონლაინფორმატით, მაგრამ მთა მთას ხვდება, მეც შევხვდები ამ ორ ადამიანს, სითბოს გამცემსა და მიმღებს. მანამდე სატელეფონო და ინტერნეტკავშირით ორივეს, დედობილსა და შვილობილს გავესაუბრე.

ქალბატონი დალი:

- მე სხვა "შვილობილებიც" მყავს. პირველი შვილობილი, ისიც ობოლი იყო, ნიკა, დღეს სამეგრელოში შვილმკვდარი ოჯახის კანონიერი შვილი გახდა და ყოველ საღამოს გვეხმიანება, ახლა კი გიორგი და გურამი მყავს. გურამი ჩემი შვილის მოსახელეა და მგონი, სახელმაც უფრო მოახვედრა ჩემთან...

გურამი:

- ჩემი ცხოვრება ყოველთვის ბევრ სირთულეს მოიცავდა. დედაჩემს უჭირდა, რადგანაც მამამ ბავშვობაშივე მიგვატოვა და ამის გამო გადაწყვიტა, რომ ექვსი წლის გურამი, ანუ მე მინდობით აღზრდაში ჩავებარებინე, სამსახური დაეწყო და შემდგომში ჩემთვის ცხოვრება აეწყო, უზრუნველად გვეცხოვრა.

დღე, როცა სოციალური მუშაკები მოვიდნენ, კარგად მახსოვს. მაშინ ექვსი წლის ვიქნებოდი. გარეთ ვიყავი და ისინი ლაპარაკობდნენ დედაჩემთან. ასე ნახევარ საათში დამიძახეს. მითხრეს, რომ ტანსაცმელი გამომეცვალა და მოვმზადებულიყავი. მაშინ ვერ ვაანალიზებდი, რა ხდებოდა და გახარებული ვიყავი. ჩამსვეს მანქანაში და წავედით. გზაში რამდენჯერმე გააჩერეს და სასუსნავები მიყიდეს - ასეთი რამ ყველა ბავშვს გაუხარდებოდა. ვფიქრობდი, რა კარგია, ნეტა სულ ამ ხალხთან დავრჩე-მეთქი. უკვე საღამოსკენ, დაახლოებით რვა-ცხრა საათზე, მივედით იმ ოჯახთან, რომელთანაც შვიდი წელი გავატარე. პირველი ორი-სამი თვე ძალიან მიჭირდა, რადგან დედა მენატრებოდა. ყოველ წამს ველოდი და საღამოობით ჩუმად ვტიროდი, რადგან ის არ ჩანდა. როცა ცოტა წამოვიზარდე და ყველაფერი გავაცნობიერე, მიზნად დავისახე, მესწავლა და შემდეგ მერჩინა ჩემი ოჯახი. ამ მიზნით, 5 წლის განმავლობაში "ათოსანი" ვიყავი. დედა აღარ მეხმიანებოდა და სულ მენატრებოდა. მერე გავზარმაცდი და ზერელედ ვმეცადინეობდი. ნიშნებმა ძალიან დაიწიეს, მაგრამ დიდად აღარ მანაღვლებდა. ორ წელში მიმღებ ოჯახსაც გაუჭირდა, რადგან შვილი ციხეში მოხვდა, ადვოკატის ფულს და ბევრ სხვა რამეს იხდიდნენ. ამიტომაც დადგა საკითხი, რომ უნდა წავსულიყავი. მიხაროდა, რადგან ის ოჯახი მკაცრად მექცეოდა და როდესაც მოვიდა დრო, ოჯახი ამერჩია, დალი ბებო ავირჩიე. წამოსვლისას, როცა მივხვდი, ბოლოჯერ ვუყურებდი მათ, მხოლოდ იმ მომენტში გავაცნობიერე, რაც იქნებოდა... მე დავკარგე ჩემი მეორე დედ-მამა. საშინლად ვიყავი შინაგანად. ალბათ ნახევარი წელი დამჭირდა, რომ დეპრესიiდან გამოვსულიყავი. ისევ ყოველღამე ვტიროდი და ამ დროს გადავწყვიტე, ამ პატარა სოფელში თავი გამომეჩინა და სწავლა დავიწყე. მარტივად, ერთი წაკითხვით ვითვისებდი ყველაფერს და ისევ "ათოსანი" გავხდი. დასვენებებზეც კი ვმეცადინეობდი, რადგან ამ სოფელში არავინ მყავდა, არც მეგობარი, არც ნათესავი... ჩემი დამრიგებელი კარგი ადამიანი გამოდგა. ყველანაირად ცდილობდა, რომ ეს დეპრესია მოეშორებინა და ჩემთვის სიყვარული ეგრძნობინებინა. ექსკურსიებს და გასეირნებებს გეგმავდა ჩემთვის და მეც ნელ-ნელა გავიხსენი, გამიჩნდა მეგობრები. დალი ბებოც ცდილობდა, სულ ესიამოვნებინა და ერთ წელიწადში ყველაფერი რიგზე იყო, მყავდა მეგობრები და ოჯახი, მაგრამ მერვე კლასში, როცა ცამეტის ვიყავი, დეიდაჩემმა შემატყობინა, რომ დედა გარდაიცვალა. ამ დღიდან ჩემი მიზნები გაქრა. სწავლაზე ყოველდღე ნელ-ნელა ხელს ვიღებდი. ამ დღიდან ჩემი დამრიგებელი და კლასი კიდევ ერთ ოჯახად იქცა. ისინი ყველანაირად მხარში მედგნენ. მეც ვცდილობდი გამხიარულებას, ვიცინოდი, მაგრამ სინამდვილეში, გული მტკიოდა, თითქოს რაღაც მჭამდა შინაგანად. გავიდა ერთი წელიც და ასე თუ ისე, გადავიტანე, მაგრამ განსაკუთრებული, ახალი მიზანი არ გამჩენია. მხოლოდ ერთი რამ მამოძრავებდა, მესწავლა და დედა გამებედნიერებინა. ის მინდოდა, რომ პირველად ვისთანაც მივედი, ისინი მენახა, მაგრამ ეს დღემდე ვერ მოხერხდა რაღაც მილიონობით უაზრო მიზეზის გამო... დღემდე მინდა მათთან შეხვედრა. დამრიგებელი ცდილობდა, ეს სურვილი შეესრულებინა ჩემთვის, მაგრამ ოჯახური პრობლემების გამო, გადაიდო...

ორი კვირის წინ მოხდა ასეთი რამ: გოგოს, რომელიც ორი წელიწადის მანძილზე მომწონდა, სიყვარულში გამოვუტყდი. თურმე, მასაც ვყვარებივარ. სიხარულით მეცხრე ცაზე ავედი და დავიწყე ფიქრი, როგორმე მისი გული გამეხალისებინა. ამიტომ ავდექი და ჩემი ბოლო ორ თვეში აგროვებული ფულით, რომელიც 80 ლარს შეადგენდა, ყელსაბამი და სამაჯური ვუყიდე სიყვარულის ნიშნად. სახლში რომ გაუგეს, დიდად არ მოsწონებიათ ეს ამბავი და ჩემთან მესიჯობა აუკრძალეს, შემდეგში კი - საერთოდ, ჩემთან მეგობრობა. არ ვიცი, რატომ, რას ვაშავებდი, მაგრამ ასე მოიქცნენ. ჩვენ ფარულად მაინც გვაქვს ურთიერთობა, რადგან როცა გიყვარს, ასე უბრალოდ თავს ვერ დაანებებ... ორი დღე ვცდილობდი მასთან უბრალოდ მეგობრობას, მაგრამ ვერ ვახერხებდი, რადგან მართლა ძალიან მიყვარს. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მან გამიჩინა სურვილი სწავლის და ზუსტად ამიტომ დავთანხმდი თქვენთან დაკავშირებას; ვაპირებ, მის გამო ვისწავლო და ცხოვრებაში რამეს მივაღწიო...

P.S. გურამსა და ქალბატონ დალის ერთმანეთი ჰყავთ. ეს უკვე ორივესთვის დიდი ბედნიერებაა. მე, გურამის დამრიგებელი (ჩემი უაღრესად დიდი პატივისცემა მას), პირველი მიმღები ოჯახი, შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი ვიყოთ ობოლი ბიჭის ცხოვრებაში, მაგრამ თავად გურამი და დალი არიან ცოცხალი მაგალითები, როგორ უნდა გააგრძელო ცხოვრება სიყვარულით...

ჟურნალი "გზა"

როლანდ ხოჯანაშვილი