2,6 მილიონი საჩუქრის ამბავი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ჯარისკაცებმა მიიღეს
2,6 მილიონი საჩუქრის ამბავი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ჯარისკაცებმა მიიღეს
შობა-ახალი წლის სადღესასწაულო პერიოდში უამრავი ადამიანი გასცემს საჩუქარსა და მოწყალებას, მსგავსი საქველმოქმედო საქციელით ქუჩაში უცხო ადამიანებსაც ახარებენ. თუმცა აქამდე იმდენი საჩუქარი არავის გაუცია, რამდენიც დიდი ბრიტანეთის პრინცესა მერიმ გასცა.
როგორც ცნობილია, პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან 5 თვეში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შობის დღესასწაული უნდა აღენიშნათ. ამ დროისთვის კი გერმანიამ და რამდენიმე ქვეყანამ, არაოფიციალური შეთანხმების თანახმად, შეწყვიტა შეიარაღებული დაპირისპირება.
შობის დღესასწაულზე დაპირისპირებული მხრის ჯარისკაცებმა დატოვეს სანგრები და ერთმანეთს დღესასწაული მიულოცეს. ამ დღეს დაღუპული ჯარისკაცებიც დაკრძალეს და ტყვეებიც გაცვალეს. პირველი მსოფლიო ომის დროს ამ დროებითი ცეცხლის შეწყვეტის გარდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა.
მერი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფის - ჯორჯ V-ისა და დედოფალ მარია ტეკელის ერთადერთი ქალიშვილი იყო. გაერთიანებული სამეფოს პრინცესა დედოფალ ელისაბედ II-ის მამიდა გახლდათ.
პირველი მსოფლიო ომის დროს ის აქტიურად იყო დაკავებული საქველმოქმედო საქმიანობით. დიდი ბრიტანეთის პრინცესა სამხედროებსა და მათ ოჯახებს ეხმარებოდა. ის დედოფალთან ერთად აქტიურად სტუმრობდა საავადმყოფოებს და მედდადაც მუშაობდა. ზოგიერთი ისტორიკოსი მას „პირველ თანამედროვე პრინცესადაც“ მოიხსენიებს.
მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი „სასაჩუქრე ფონდის“ შექმნა იყო. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, 1914 წელს, შობის დღესასწაულზე, სამხედროებსა და მეზღვაურებს საჩუქრები გაუგზავნეს, რომელიც ჯამში 10 ათასი გირვანქა სტერლინგის ღირებულების იყო.
ამ დროს პრინცესა მხოლოდ 17 წლის გახლდათ. პრინცესას სურდა, რომ ეს იდეა მისი სახსრებით დაფინანსებულიყო, რაც არაპრაქტიკულ გადაწყვეტილებად მიიჩნიეს, ამიტომ გადაწყვიტეს, "პრინცესა მერის ფონდი" შეექმნათ, რომელიც საჩუქრებისთვის სახსრებს შეაგროვებდა. ფონდის საქმიანობას ის თავად ხელმძღვანელობდა. ყველას შეეძლო შემოწირულობის გაღება, მათ შორის - სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს, დიდებულებსა თუ ჩვეულებრივ მოქალაქეებს.
"მინდა, შობის დღესასწაულზე ყველა მეზღვაურს, რომელიც შორეულ ნაოსნობაშია და ყველა ჯარისკაცს, რომელიც ფრონტზეა, საშობაო საჩუქარი გავუგზავნო და ამაში თქვენი დახმარება დამჭირდება", - გაგზავნა წერილები პრინცესა მერიმ.
მას სურდა, რომ შობის ღამეს ყველას ეგრძნო ცოტაოდენი ბედნიერება. პრინცესა მიიჩნევდა, რომ ასეთი რაოდენობის სასაჩუქრე ყუთების დამზადებით, მან დაასაქმა ოჯახები, რომელთაც ომის გამო ახლობლები დაკარგეს. პრინცესა ფიქრობდა, რომ ასეთი ჟესტით ჯარისკაცებს საბრძოლო სულისკვეთებას გაუძლიერებდა, რადგან არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე სამშობლოდან მიღებული საშობაო საჩუქარი.
პრინცესა მერიმ საშობაო საჩუქრების იდეა დედოფალი ვიქტორიასგან ისესხა. როგორც ცნობილია, ბურების მეორე ომის დროს, 1899-1902 წლებში, დედოფალმა ვიქტორიამ ინგლისელ ჯარისკაცებს საჩუქრად სპეციალურად დამზადებული შოკოლადები გაუგზავნა.
1914 წლის ოქტომბერში ბრიტანელი სამხედროებისა და მეზღვაურებისთვის, ასევე - მათი ოჯახებისთვის, საჩუქრების შეგროვება დაიწყეს. საბოლოო ჯამში, საშობაოდ სულ 2 620 019 საჩუქარი გაიგზავნა. თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ჯარისკაცებს საჩუქრად თამბაქოს, ჩიბუხს, სანთლებსა და პრინცესას ფოტოს გაუგზავნიდნენ, ხოლო იმ ჯარისკაცებს, ვინც არ ეწეოდა, საჩუქრად კალამს, ფურცლებს, საშობაო ბარათებსა და პრინცესას ფოტოს გადასცემდნენ. საბოლოოდ კი, საშობაო სასაჩუქრე ყუთებში, სხვადასხვა სახის ტკბილეულთან ერთად, კალმები, ფურცლები, კონვერტები, დანები, მაკრატლები, სავარცხლები, პორტსიგარები და საფულეებიც იდო.
პრინცესა მერის გამოსახულების სასაჩუქრე ყუთები მსოფლიოს ყველა წერტილში გაიგზავნა. (წყარო)