"როგორ აწყობს პუტინი მოზაიკას პოსტსაბჭოთა ქვეყნებით" - რას წერს უცხოური გამოცემა - კვირის პალიტრა

"როგორ აწყობს პუტინი მოზაიკას პოსტსაბჭოთა ქვეყნებით" - რას წერს უცხოური გამოცემა

გამოცემა Rzeczpospolita-ს თუ დავეყრდნობით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს წინ „რთული პერიოდი“ ელით. "ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ჯარების შეყვანით პანდორას ყუთი გაიხსნა. ახლა მათ საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვა მოსკოვთანაც მოუწევთ", - წერს გამოცემა.

"ოდეკაბეს" სამხედრო ძალების ყაზახეთში შეყვანა ცუდი ახალი ამბავია იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უსაფრთხოების საკითხებში რუსეთის იმედად იყვნენ. წლების განმავლობაში ამ ორგანიზაციის საქმიანობა მხოლოდ წვრთნებითა და ლიდერთა შეხვედრებით შემოიფარგლებოდა, არც ერთ მათგანს არ სურდა საბჭოთა კავშირის აღდგენა, თუმცა ახლა ყველაფერი იცვლება.

ყაზახეთში რუსეთის სამხედრო ძალების შეყვანამ პანდორას ყუთი გახსნა, რომლის გარეშეც ვინ იცის, იქნებ, ახლა ქვეყნის (ყაზახეთის) სათავეში სხვა მმართველი ძალაც ყოფილიყო.

როგორც რამდენიმე დღის წინ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, "ოდეკაბეს" წევრები პოსტსაბჭოთა სივრცეში არ დაუშვებენ ფერადი რევოლუციების სცენარი განხორციელდეს". საბჭოთა კავშირის ყოფილ ტერიტორიაზე ისტორიის კიდევ ერთი, ახალი თავი დაიწყო და იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, რომლებიც 1990-იან წლებში მოპოვებული დამოუკიდებლობით ამაყობდნენ, ახლა ამ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და მისი დაცვა მოუწევთ.

ქვეყნის უპრობლემო მმართველობის ეპოქა დასრულდა არა მხოლოდ ყაზახეთში, მმართველობის შენარჩუნება გაუჭირდება ალექსანდრე ლუკაშენკოსაც, რომელიც ბელარუსის სათავეში 1994 წლიდანაა. ლუკაშენკომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის 2021 წელს პუტინთან ერთად მოკავშირეობრივი სახელმწიფოს შექმნის განკარგულებას მოაწერა ხელი. გარდა ამისა, მათ სამხედრო დოქტრინა და საიმიგრაციო პოლიტიკაც შეათანხმეს.

მოსკოვისგან დამოუკიდებლად ხელისუფლების შენარჩუნება გაუჭირდება ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონსაც, რომელიც ხელისუფლებაში 1992 წლიდანაა. ამ რამდენიმე დღის წინ ტაჯიკეთის პრეზიდენტმა პუტინს ტაჯიკეთისა და ავღანეთის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებზე უამბო. მან, ფაქტობრივად, განაცხადა, რომ პრობლემას ვერ გაუმკლავდებოდა, რომ არა რუსული სამხედრო ბაზა და საზოგადოებას "ოდეკაბეს" ჯარების დახმარებით "უსაფრთხოების სარტყელის“ შექმნისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, ტაჯიკეთის ტერიტორიაზე რუსეთის 201-ე სამხედრო ბაზაა განთავსებული.

როგორც გამოცემა წერს, რუსეთის წინააღმდეგ ვერ იმოქმედებს ვერც ეკონომიკურად სუსტი ყირგიზეთი, სადაც რუსეთის ავიაბაზა მდებარეობს. აქ ბოლო ათწლეულის განმავლობაში რამდენიმე რევოლუცია მოეწყო, თუმცა ქვეყანას რუსეთისგან დამოუკიდებლობა ვერცერთმა მათგანმა ვერ მოუტანა.

როგორც პუბლიკაციის ავტორი რუსლან შოშინი წერს, ცოტა რამ შეუძლია თქვას სომხეთმაც, რადგან ქვეყანაში აზერბაიჯანთან სამხედრო დაპირისპირების შემდეგ ისედაც რთული ვითარებაა. გარდა ამისა, რუსეთის სამხედრო ძალები დიდი ხანია, იცავენ სომხეთ-თურქეთის საზღვარს. რუსეთის 102-ე ბაზა სომხეთის ქალაქ გიუმრიშია, რითიც მათ პოზიცია გაიმტკიცეს მთიან ყარაბაღშიც. ამ კონფლიქტში კრემლი მთავარი მედიატორის როლს ასრულებს და სწორედ ამიტომ რუსეთს აზერბაიჯანის მხარეც ვერ ეწინააღმდეგება.

ყველამ იცის, რომ რუსეთს თურქეთთან მეგობრული ურთიერთობა აქვს, მაგრამ ბაქოში არავის სურს შეამოწმოს, დაიჭერს თუ არა პუტინი ერევნის მხარეს.

თავად ილჰამ ალიევი, რომელმაც მმართველობა მემკვიდრეობით მიიღო, ქვეყნის სათავეში 20 წელია, იმყოფება და დიდი ოდენობით ქონებას ფლობს. მისთვის ყაზახეთში განვითარებული მოვლენები საგანგაშოდ გამოიყურება.

სად არ არის რუსეთი?

პუბლიკაციის ავტორის თქმით, რუკას თუ დავხედავთ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში თითქმის აღარ დარჩა ქვეყანა, სადაც რუსეთმა მისი სამხედრო ბაზები არ აღადგინა. 1990-იანი წლებიდან რუსეთი მოლდოვას დნესტრისპირეთში აკონტროლებს სიტუაციას, რაც მეტ-ნაკლებად მოლდოვას საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე აისახება. 2008 წლის ომის დროს საქართველო გადარჩა, თუმცა დროებით დაკარგა აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი". 2014 წელს კი რუსეთთან დაპირისპირებისას უკრაინამ დაკარგა ყირიმი და დონბასის ნაწილი. ამ ორი ომისას უამრავი ადამიანი დაიღუპა, უკრაინა კი ახლაც აგრძელებს აქტიურ საბრძოლო მდგომარეობაში ყოფნას.

რამდენიმე დღის წინ "ოდეკაბეს" ლიდერთა შეხვედრაზე, ლუკაშენკომ უზბეკეთს, რომელმაც გაერთიანება 2012 წელს დატოვა, მოუწოდა, გონს მოეგოს და ყაზახეთის მაგალითით იხელმძღვანელოს. ლუკაშენკომ, რომელიც ბოლო დროს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინტერესთა დამცველის როლში გვევლინება, უზბეკეთს შეახსენა, რომ მასთან ახლოს ავღანეთი მდებარეობს და შესაძლოა, ახალი პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს. ლუკაშენკოს თქმით, შავკატ მირზიევის ხელისუფლება მოკავშირეების, განსაკუთრებით კი - რუსეთის დახმარების გარეშე შესაძლოა დაემხოს კიდეც.

როდესაც ვუყურებთ, თუ როგორ აწყობს პუტინი მოზაიკას პოსტსაბჭოთა ქვეყნებით, ვხედავთ რამდენად გაურკვეველი ხდება რეგიონის ქვეყნების მომავალი. აქვე, ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო პოლონეთისთვის და ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის ნატოში გაწევრიანება და დასავლეთისკენ სვლა. (წყარო)