"ეს განაჩენიც პოლიტიკურია თავისი შინაარსით, თითქოს ისინი დამნაშავეები და მამაძაღლები კი არიან, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"ეს განაჩენიც პოლიტიკურია თავისი შინაარსით, თითქოს ისინი დამნაშავეები და მამაძაღლები კი არიან, მაგრამ..."

სკანდალური და ხმაურიანი საქმის ვერდიქტი, რომელსაც მთელი საქართველო ელოდა, უკვე ცნობილია. მართალია, მოსამართლემ ბრალდებულები ციხეში არ გაუშვა და განაჩენის გამოტანის შემდეგ, მათ მიულოცა კიდეც, თუმცა, ფაქტია, თაღლითობაში დადანაშაულება ადამიანებისთვის მისალოცი არ არის.

ბრალდებულებს - მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს მოსამართლემ საქმის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს 7-წლიანი სასჯელი შეეფარდათ, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი აღნიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ. კერძოდ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს წარდგენილი ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობდა, გადაუკვალიფიცირდათ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა“ და მესამე ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტებით, რაც მასშტაბურ ჯგუფურ თაღლითობას გულისხმობს.

რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 25/194-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას გულისხმობდა. მას მოსამართლის გადაწყვეტილებით ბრალი 25/180-ე მუხლის მეორე მუხლის მეორე ნაწილის "ა“ და მესამე ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტებით, რაც მასშტაბურ ჯგუფურ თაღლითობაში დახმარებას გულისხმობს. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე, გაუქმდა დადებული ყადაღებიც.

ამ განაჩენს აპროტესტებენ ბრალდებულები და ისინი სამართლებრივ ბრძოლას კვლავ აგრძელებენ: "ვადასტურებ, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა საპყრობილეში არ მივდივართ, ამას გავასაჩივრებთ, ეს არის პრინციპის და ღირსების საკითხი", - ამბობს "ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე. მისი თქმით, სანამ საქართველოში სამართლიანი სასამართლო არ იქნება, მანამდე მშვიდობაც არ იქნება. "ასეთი სასამართლოს და სამართლიანობის პირობებში ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა. ეს არის ერთი კაცის მიერ მართული სასამართლო და მართლმსაჯულება, პირადად ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, რომ ეს მმართველობა მისი ხელმძღვანელობით დამთავრდება, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ვერ შეეგუება ასეთ უსამართლო მართლმსაჯულებას ამ ქვეყანაში, სადაც არ არის სამართალი, იქ არ არის მშვიდობა. ამ ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა მანამ, სანამ თითოეულ მოქალაქეს არ ექნება იმის განცდა, რომ მის ღირსებებს და უფლებას იცავს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო. ეს სამწლიანი "მასკარადი“ არის ფარსი და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა საპყრობილეში არ მივდივართ, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ, ეს არის პრინციპის, ღირსების საკითხი. ეს არის იმ მოქალაქეებისთვის იმედის დაბრუნების საკითხი, რომელსაც ცოტაოდენი იმედი დარჩა იმისათვის, რომ იყოს გამარჯვებული. მე გპირდებით, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას ამ ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის. ამ ქვეყანას აქვს უზარმაზარი პერსპექტივა და ეს პერსპექტივა არის თითოეულ თქვენგანში, თუმცა დახშული, მიმალული და მიძინებულია, ეს უნდა გამოვაღვიძოთ და გავაერთიანოთ. უნდა გავერთიანდეთ ჩვენი სამშობლოს გარშემო, საქართველო უნდა გავხადოთ წარმატებული, გამარჯვებული ქვეყანა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

იგივე პოზიცია აქვს ბადრი ჯაფარიძეს: " ეს ბრძოლა ღირს იმისთვის, რასაც ჩვენ გავდივართ, რადგან ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ რაც ვნახეთ, ეს არის გაგრძელება იმ თაღლითობის, რომელსაც პროკურატურა ჩადიოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რადგან ცხადია, არანაირი ნიშანწყალი არ ყოფილა არასდროს არანაირი ფულის გათეთრების და დანაშაულის. მოსამართლემ განაჩენი, რაც გამოაცხადა, მან შეცვალა ფულის გათეთრების მუხლი, მისი გადაკვალიფიცირება მოახდინა იმ მუხლით, რომელზეც ვრცელდება ხანდაზმულობა და გაგვათავისუფლა ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. თუმცა ძველი მუხლით მოგვისაჯა 7 წელი, მაგრამ რადგან ხანდაზმულობა ვრცელდება, გაგვათავისუფლა პასუხისმგებლობისგან.

ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არ ვეთანხმებით, არანაირი დანაშაული არ მომხდარა, არანაირი დანაშაულის ნიშანწყალი არ არსებობს, ეს იყო ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტის გადასარჩენად, რომელიც გადავარჩინეთ, გავხადეთ ჩვენი ქვეყნის წარმატების სახედ და იმავეს მივაღწევთ პოლიტიკაშიც. ჩვენი ქვეყანა გახდება წარმატების სახე რეგიონში. ბრძოლა გრძელდება, გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას და მივიყვანთ ბოლომდე ბრძოლას, რომ სიმართლე დადგინდეს,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მართალია პროკურატურა სამი წლის განმავლობაში ირწმუნებოდა, რომ ეს ფულის გათეთრება იყო, მაგრამ ფაქტია, ამ ბრალით მათი გასამართლება არ მომხდარა. პროკურორი არ გამორიცხავს, რომ ბრალდების მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივროს. მისი განმარტებით, გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც სასამართლოსგან განაჩენის სრულყოფილი დასაბუთება ჩაბარდებათ. "სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რომელიც ჩვენ გვქონდა წარმოდგენილი და ვადასტურებდით ბრალდებულების ბრალეულობას. სამივე ბრალდებული ცნობილია დამნაშავედ ჯგუფურად თაღლითობის ჩადენაში, სასამართლომ სხვა კვალიფიკაცია მისცა ჩვენს მიერ წარდგენილ ბრალდებას, გავეცნობით განაჩენს და ამის შემდეგ გავასაჩივრებთ. ჩვენი მტკიცებულებები რომ საკმარისი იყო ბრალდებულების გამტყუნებისთვის, ეს დადასტურდა, სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და სამივე ბრალდებული საკმაოდ მძიმე დანაშაულში ცნო დამნაშავედ”, - აღნიშნა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.

ამ საქმის ირგვლივ უკვე ისმის შეფასებები. ოპოზიცია და იურისტები თვლიან, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწვეტილება.

ექსპერტი გია ხუხაშვილი:

- ვულოცავ ბრალდებულებს, რომ ისინი ფიზიკურად თავისუფლები არიან, ეს ნამდვილად კარგი ინფორმაციაა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება, თავისი არსით, აბსურდულია იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ისინი სასამართლომ დამნაშავედ ცნო დანაშაულში, რომელზეც საერთოდ არ მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი. გამოიტანეს დანაშაულზე განაჩენი, რაც ბრალდებაში საერთოდ არ ეწერა. ასეთ აბსურდის თეატრში ვცხოვრობთ, ბუნებრივია, ეს განაჩენი უნდა იყოს გასაჩივრებული და უნდა იყოს შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილებებიც მიღებული. ფიზიკური თავისუფლება მაინც დიდი, მნიშვნელოვანი შედეგია. ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, ვერ გაბედა აბსოლუტური თავხედობა და წითელი ხაზები არ გადაკვეთა, რის შემდეგაც, საერთოდ სამართალზე ლაპარაკი არ შეიძლებოდა, ეს თავისთავად კარგია... მათ უფრო შეეშინდათ მოვლენების განვითარების, იმის, რაც ამას მოჰყვებოდა. იმდენად აშკარა იყო ბრალდების აბსურდულობა ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით, რომ საბოლოოდ დადასტურდებოდა, მართლმსაჯულებაზე მთლიანად პოლიტიკური კონტროლი რომ ხორციელდება და აქ უკვე კონტრარგუმენტებიც არ ექნებოდა ხელისუფლებას. ამიტომ გადაწყვიტეს ასეთი ტიპის შუალედური განაჩენი გამოსულიყო.

ეს განაჩენიც პოლიტიკურია თავისი შინაარსით, თითქოს ისინი დამნაშავეები და მამაძაღლები კი არიან, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ხანდაზმულია, არ ვაპატიმრებთ, ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. ჰგონიათ, რომ ამით ჩაფარცხავენ ყველაფერს. არ გაჩერდებიან ბრალდებულები და მათ ეს საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანონ. ახლა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ რეპუტაციული ზიანიც კი არ მიიღონ.

ეს საქმე უნდა გასაჩივრდეს. აქ ხელისუფლებამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მოსამართლეს არავინ არაფერს ეკითხება. ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მოსამართლეს უწერენ და ის კითხულობს.

ყოფილი პროკურორი, იურისტი მაია მწარიაშვილი:

- რასაც ველოდებოდი, ის იყო. მოსამართლეს ვუსმენდი და ბოლოს ასეთი ფრაზა თქვა - გილოცავთო, ჩათვალა, რომ კარგი გადაწყვეტილება მიიღო. გამამტყუნებელი განაჩენი როგორ უნდა მიულოცო მხარეს? ეს არის გამამტყუნებელი განაჩენი, ფულის გათეთრების განაჩენი რომ მიეღო, ეს იქნებოდა წარმოუდგენელი "დაუკრეფავი". თუმცა ის, რომ ფულის გათეთრებით არ დადგა განაჩენი, ეს ამ მოსამართლის განსაკუთრებულ დამსახურებაზე და იმაზე კი არ მიუთითებს, რომ ჩვენ მართლმსაჯულებაში განსხვავებული რამ გვაქვს, ეს ყველაფერი არის ამ სამწლიანი ბრძოლის შედეგი, ამათი პოლიტიკაში წასვლა, თავდაყირა დადგა ყველაფერი და ამის შედეგია, რომ ამ საქმეზე ფულის გათეთრების განაჩენი არ დადგა. ზუსტად ამიტომ ვამბობ, ნებისმიერი სხვა კვალიფიკაციაც აქ აბსურდია.

პროკურატურამ ხელოვნურად გაყო თავიდანვე ეს საქმე, თაღლითობა არის იქამდე, ვიდრე ფული ანგარიშზე ჩაირიცხაო, რათა შეექმნა პრედიკატი. ეს სამართლებრივი ამბებია, ხელოვნურად გაყო, ავთო წერეთლის კომპანიიდან რომ ჩაირიცხა ფული მათ ანგარიშზე, ეს უკვე ფულის გათეთრებააო. თაღლითობის ნაწილში ვერ ვიწყებ დევნას, იმიტომ, რომ ხანდაზმულიაო. არადა, საერთოდ ხანდაზმულ დანაშაულზე დევნაც კი არ იწყება, გამოძიება არ იწყება, მაგრამ ამ საქმეში პროკურატურამ განსაკუთრებული პრეცედენტი შექმნა, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს, ასეთ პრეცედენტს პროცესი არ იცნობს.

გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ - სასამართლომ ახლა თქვა, თაღლითობა იქ კი არ წყდება, ეს საქმე ბოლომდე თაღლითობააო, ანუ ის მოქმედება შეაფასა თაღლითობად. ამის აზრი და ხელისუფლების ამოცანა ის არის, რომ ამათ უძახოს მთელი ცხოვრება, თქვენ თაღლითები კი ხართ, მსჯავრი დაგდოთ სასამართლომ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ არ სხედხართ ციხეში, რომ საქმე ხანდაზმულია, ამან გიშველათო. ეს არის ადამიანურ ენაზე.

რა შეღავათია ბადრი ჯაფარიძისთვის, მამუკა ხაზარაძისთვის ფული გამთეთრებლები არიან, თუ თაღლითები?

ბუნებრივია და ეჭვიც არ მეპარება, რომ გაასაჩივრებენ ამ განაჩენს, რადგან ისეთივე უკანონოა, როგორც ეს იქნებოდა იმ შემთხევაში, მოსამართლეს ეთქვა, რომ ეს იყო ფულის გათეთრება. უბრალოდ, სხვაობა ის არის, რომ ეს მეტად კომფორტულია სასამართლოსთვის, რადგან ასე პატიმრობას არ იყენებს და თავისი ჭკუით, დარტყმის ქვეშ თავისი თავი არ დაიყენა, მაგრამ ამით მათ მაინც დაარქვა დამნაშავეები.

- შეეძლო მოსამართლეს გამამართლებელი ვერდიქტი გამოეტანა?

- რა თქმა უნდა, შეეძლო. დანარჩენი ნებისმიერი სხვა იქნებოდა ასეთივე მანიპულაცია, მაგრამ სასამართლო არ გვაქვს. ამხელა ხმაური რომ არ ყოფილიყო და ჩვეულებრივი ნებისმიერი მოქალაქის საქმე შეეტანა პროკურატურას ამ ბრალდებით, მერწმუნეთ, მოსამართლე თვალს არ დაახამხამებდა, ისე გაასამართლებდა ბრალდებულს ფულის გათეთრებით, მაგრამ აქ მთელი პროცესები იყო. ამდენი რადიოტელევიზია, ამხელა ხმაური ატეხილი, პოლიტიკაში წასვლა ბრალდებული პირების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და ყველას ჩართულობის შედეგია, რომ ამ შემთხვევაში ასე მარტივად ვერ დადგა ფულის გათეთრებით განაჩენი. სხვა შემთხვევაში თავსაც არ შეიწუხებდნენ. ახლა პროკურატურა ამ განაჩენს ფორმალურად გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში და იტყვის, რომ იყო საქმე დასაბუთებული.

ამ განაჩენით ისევ დრო მოიგო ხელისუფლებამ, ორი წელი კიდევ ათრევს ამ საქმეს აპელაციამდე და 2-3 წელი უძახებს ამათ კიდევ თაღლითებს. ამ ამბის დამკვეთმა შედეგი მიიღო, უნდოდა დამნაშავის იარლიყები მიეკერებინა მათთვის და მიაკერა კიდეც. ეს პროცესი გაგრძელდება, ზემდგომ ინსტანციებში რა მოხდება, ეს ისევ იქნება დამოკიდებული ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე.

(სპეციალურად საიტისთვის)